კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

35-დღიანი პატიმრობა – აგინებდა პრეზიდენტს, „ნაციონალურ მოძრაობას“

11 ივლისი, 2012

ნათია დანელიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

პოლიციამ „ქართული ოცნების“ პროგრამა „კარდაკარის“ რეგისტრატორი ილია სულიაშვილი 1 ივლისს დააკავა. იგი წვრილმანი ხულიგნობის ჩადენაში დაადანაშაულეს და სასამართლომ 35-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ილია სულიაშვილს სხეულის დაზიანებები აქვს მიღებული.

ილია სულიაშვილს პოლიციაში სოფელ ჩაულაუბანში მცხოვრებმა გიორგი და ლალი ფრიდონაშვილებმა უჩივლეს. მათი თქმით, სულიაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენათ. თავად სულიაშვილი კი აცხადებს, რომ თავს სამი უცნობი პირი დაესხა და „ქართული ოცნებასთან“ თანამშრომლობის გამო ცემეს. ილია სულიაშვილის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის წესით, ხულიგნობის მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გადაკვალიფიცირდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გიორგი და ლალი ფრიდონაშვილები კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის ნათესავები არიან. ჩალაუბნიდან არის კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი. ამ სოფელში ცხოვრობენ მისი მშობლები.

ილია სულიაშვილის დედის, თამარ სულიაშვილის თქმით, 29 ივნისს, მის შვილს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში თავს სამი პიროვნება დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„საღამოს 10 საათზე პოლიცია მოვიდა, სად არის შენი შვილიო. არ ვიცი-მეთქი. შენი შვილი როგორ არ იცი სად არის, სახლში იქნებაო. მერე მითხრეს, რომ ილია არის მაგრად ნაცემი. პოლიცია მეუბნება, ალბათ საავადმყოფოშია, ალბათ კვდება შენი შვილი და შენ რა დედა ხარ, რომ შვილს არ ეძებო. მერე წავიდნენ და ცოტა ხანში მოტრიალდნენ - უკვე სახლში შემოვიდნენ, თავზე დამადგნენ, გინდა თუ არა ტელეფონი მოგვეციო. მე ვუთხარი, არ მოგცემთ-მეთქი. მერე კიდევ მოვიდნენ, მიტოვებული სახლებია ახლოს და იქ ეძებდნენ. თან მეუბნებოდნენ, შენი ბასიაკი შვილი, მკვლელი, ქალი ცემა და დააგდო, მისი შვილიც ცემა, რა დედა ხარ ასეთი ქურდული მენტალიტეტის შვილი გაგიზრდიაო. დილით ადრე ისევ შემოხსნენ კარები, ილიას ეძებდნენ. მერე გიორგი კახიძემ გადმომირეკა, „კარდაკარის“ მონაწილეა ისიც - მე და ილია გურჯაანში ვართ და ნუ გეშინიაო. საღამოს პოლიციამ უწყება დატოვა. მითხრეს, 2–დან 5 წლამდე ციხე ეკუთვნის, მთელ სოფელს აგინებდა, კაცს ხელი მოტეხა, ქალს შეურაცხყოფა მიაყენა, გაარტყა და მიწაზე დააგდოო. მე ილია არ მინახავს, მაგრამ ამბობენ სახეზე და ტანზე აქვს დაზიანებებიო. თავზეც აქვს დარტყმები, როგორც ჩანს, თვალი აქვს ჩაშავებული, მეორე მხარესაც უზარმაზარი კოპი აზისო“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ილია სულიაშვილის დედამ თამარ სულიაშვილმა.

ინციდენტი, რაზედაც ილია სულიაშვილი დააკავეს, ჩალაუბნის სკოლასთან, ტერიტორიული ორგანოს შენობის წინ მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ჩხუბს 40–მდე ადამიანი შეესწრო. თუმცა, ადგილობრივები ინციდენტზე არ საუბრობენ. ერთ–ერთმა, ლალი დათუაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში განაცხადა, რომ გზაზე მიმავალი ილია სულიაშვილი დაინახა, რომელსაც გიორგი ფრიდონაშვილი მისდევდა. თუმცა, რა მოხდა მათ შორის, არ იცის, ყურადღება არ მიუქცევია. ინციდენტის კიდევ რამდენიმე თვითმხილველმა ჩვენთან პირად საუბარში აღნიშნა, რომ ილია სულიაშვილს ცემა ჯერ სხვებმა დაუწყეს, რის შემდეგაც ჩხუბში ისიც ჩაერთო. თუმცა, ქალებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა სასამართლოდან ილია სულიაშვილის საქმის მასალები გამოითხოვა. ილია სულიაშვილის ჩვენების მიხედვით, მას თავს სამი პირი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ილია სულიაშვილის ჩვენება

„29 ივნისს სახლში ვიმყოფებოდი, საღამოს ქუჩაში გამოვედი. „ქართული ოცნების“  მაისური მეცვა. კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ვარ. ვიმყოფებოდი დაახლოებით ჩალაუბნის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზუსტად არ მახსოვს - რა ადგილას, როცა ჩემთან მოვიდა ჩემთვის უცნობი სამი პიროვნება. ისინი იყვნენ ახალგაზრდა ბიჭები და მკითხეს ვინ ხარო, მე ვუთხარი ვინც ვიყავი. აღნიშნულმა პიროვნებებმა დაიწყეს გინება ჩემი და „ქართული ოცნების“  მისამართით. მე ვკითხე, თუ რატომ იგინებოდნენ და რატომ მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც მეც შევაგინე მათ. ამის შემდეგ მათგან ერთ–ერთმა სახეში გამარტყა მუშტი, რის შემდეგაც დავიწყეთ ჩხუბი. ვიგინებოდით ერთმანეთის მისამართით. რა დროსაც ერთმანეთს მივაყენეთ ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩხუბი გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდეგაც მე წამოვედი სახლში ფეხით. სახლში მისულმა ვიფიქრე, რომ ინციდენტის გამო ვინმე არ მოსულიყო ჩემთან და წავედი ტყეში, სადაც ვიმყოფებოდი მთელი ღამე და მეორე დღეს წავედი გურჯაანში „ქართული ოცნების“ ოფისში. ინციდენტის დროს ვიმყოფებოდი მარტო. ზემოთ მითითებულ არც ერთ პიროვნებას არ ვიცნობ, რადგან რამდენიმე თვეა, რაც სოფელ ჩალაუბანში ჩამოვედი საცხოვრებლად და სოფლის მაცხოვრებელებს კარგად არ ვიცნობ. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ჩხუბის დროს სახეზე მივიღე დაზიანება. თუმცა, აღნიშნულის გამო მე არავის მიმართ პრეტენზია არ გამაჩნია და არც ექსპერტიზას არ ვსაჭიროებ. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ჩხუბის დროს ჩემი მხრიდან არც პრეზიდენტის და არც „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ყოფილა. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ აღნიშნული ინციდენტის დროს მე ვიყავი ნასვამი, რის გამოც ჩვენს შორის მომხდარი შელაპარაკება, გადაიზარდა ერთმანეთის გინებასა და ფიზიკურ ჩხუბში. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე არ ვიცი, ვინ არის გიორგი ფრიდონაშვილი და დედამისი ლილი ფრიდონაშვილი, რადგან ჩალაუბნელებს კარგად ვერ ვიცნობ. ჩხუბის დროს ქალები იმყოფებოდნენ თუ არა და მოგროვდა ხალხი თუ არა, არ მახსოვს, რადგან გავნერვიულდი და მხოლოდ იმას ვცდილობდი, გავცლოდი იქაურობას“, – აღნიშნულია ილია სულიაშვილის ჩვენებაში.

სასამართლოს დადგენილებაში მითითებულია, რომ ილია სულიაშვილი „მხილებულია წვრილმანი ხულიგნობის ჩადენაში, ესე იგი საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა–გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს“.

მოწმეები – ილია სულიაშვილი აგინებდა სოფელს, პრეზიდენტს და „ნაციონალურ მოძრაობას“

გიორგი და ლილი ფრიდონაშვილების, ფრიდონაშვილის მეუღლის მაია გიგაურის, მეგობარ ვასილ ხალილაშვილის და სხვა მოწმეების ჩვენებებში კი აღნიშნულია, რომ ილია სულიაშვილმა გიორგი ფრიდონაშვილს ცემა და აგინა, დაარტყა დედამისსაც, რის შედეგადაც ლილი ფრიდონაშვილი წაიქცა. ასევე აგინებდა ფრიდონაშვილის ოჯახს, სოფელს, პრეზიდენტს და „ნაციონალურ მოძრაობას“.

„2012 წლის 29 ივნისს, საღამოს საათებში, მე, დედაჩემი ლილი ფრიდონაშვილი, ჩემი მეუღლე მაია გიგაური, ჩემი მეგობარი, სოფელ ჩალაუბანში მცხოვრები ვასიკო ხალილაშვილი ვისხედით ჩემი სახლის წინ, ქუჩაში. დაახლოებით იქნებოდა 20:30 საათი, ქვემოდან ამოიარა ორმა პიროვნებამ, აქედან ერთი იყო სოფელ ჩალაუბნის მცხოვრები ილია სულიაშვილი, ხოლო მეორე იყო ასაკით პატარა, მისი სახელი და გვარი არ ვიცი. ვიცი, რომ ცხოვრობს სოფელ ჩალაუბანში. ილია მოვიდა ჩემთან ახლოს, ხმამაღლა, აგრესიულად და აგდებული ტონით მითხრა - შენ ხომ მიშისტი ხარ, მიდი მიშაზე ლექსები თქვიო. მე ვუთხარი, რომ იყო ძალიან ნასვამი და დაენებებინა ჩემთვის თავი. ამ სიტყვებზე ილია გახდა ძალიან აგრესიული და დაიწყო გინება ხმამაღლა, უცენზურო სიტყვებით, როგორც ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით. ამ გინების დროს მან მუშტი დამარტყა მკერდში. მე წავბარბაცდი. მან გააგრძელა ხმამაღლა ჩემი ოჯახის მისამართით უცენზურო სიტყვებით გინება, ასევე, აგინებდა „ნაციონალურ მოძრაობას“, თან გამოიწია ჩემზე საცემად. ილიამ რომ დამარტყა, დედაჩემმა და ჩემმა მეუღლემ დაიწყეს ყვირილი. ვასიკო ხალილაშვილი და დედაჩემი ცდილობდნენ მის გაკავებას, რადგანაც ის იგინებოდა ხმამაღლა, უცენზურო სიტყვებით, მიგინებდა ოჯახის წევრებს, აგინებდა „ნაციონალურ მოძრაობას“  და იგინებოდა სოფლის მოსახლეობის მისამართით, თან იწევდა ჩემზე საცემად. ყვირილზე მოცვივდნენ მეზობლები, დაახლოებით 30–40 ადამიანი, რომლებიც ცდილობდნენ ილიას დაწყნარებას. ჩემმა მეზობლებმა, არ მახსოვს ვინ, გამიყვანეს ცოტა მოშორებით, მაგრამ ილია არ ჩერდებოდა. უცბად გაუსხლტათ და გამოიქცა ჩემსკენ ხმამაღალი გინებით, რა დროსაც წინ გადაუდგა დედაჩემი. ილიამ დაარტყა დედაჩემს ხელი თუ რამე საგანი არ დამინახავს. დარტყმის შედეგად დედაჩემი წაიქცა, ხოლო ილია გინებით გამოიქცა ჩემსკენ, მაგრამ იქ მყოფმა მეზობლებმა დაიჭირეს. დედაჩემი წამოდგა და წამიყვანა სახლში, მაგრამ ილია კვლავ განაგრძობდა უცენზურო სიტყვებით ხმამაღალ გინებას. ზემოთაღნიშნული ფაქტი გაგრძელდა დაახლოებით 25–30 წუთი, რის შედეგადაც ილია სულიაშვილი ძალით წაიყვანეს, მაგრამ რომ მიჰყავდათ, მესმოდა გინების ხმა ჩემი ოჯახის წევრების და „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ილიასთან მყოფ მეორე პიროვნებას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ჩხუბში და არც ხმა ამოუღია. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე ილია სულიაშვილის ხელში აღნიშნული ფაქტის დროს არ დამინახავს იარაღი ან სხვა რაიმე საგანი“, –აღნიშნავს გიორგი ფრიდონაშვილი თავის ჩვენებაში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი მომხდართან დაკავშირებით გიორგი ფრიდონაშვილთან გასაუბრებას შეეცადა, თუმცა სახლში მხოლოდ მისი მეუღლე მაია გიგაური დაგვხვდა. მან ინციდენტის შესახებ საუბარი არ ისურვა.

– არაფერი არ მომხდარა ისეთი.

ამ ჩხუბის გამო ადამიანი დააკავეს, როგორ არ მომხდარა?

– ალბათ საჭირო იყო და იმიტომ დააკავეს, არ არის საჭირო გახმაურება.

რის გამო მოხდა ჩხუბი?

– ადამიანი იყო ნასვამი და ზედმეტი მოუვიდა უბრალოდ.

ვინ იყო ნასვამი?

– ვინ და ილია.

ფიზიკურად შეეხო თქვენ მეუღლეს?

– რად გინდათ ეხლა ესეთი ისინი.

სად მოხდა ჩხუბი?

– კარგით რა, არ მინდა ასე დაწვრილმანება. აქვე მოხდა მაღაზიის წინ. არ მინდა, რომ გიამბოთ. არ მსიამოვნებს, კიდევ ერთხელ ვილაპარაკო“.

მაია გიგაურმა გუბერნატორთან მისი მეუღლის ნათესაური კავშირი კატეგორიულად უარყო: „ვინ გითხრათ ეგ, ჩვენ ვართ ფრიდონაშვილები და ის არის ღვინიშვილი. ეს არის ცრუ ინფორმაცია, როგორ გეკადრებათ, რა ნათესავი?!“ – აღნიშნა გიგაურმა.

ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

„სასამართლო სხდომაზე სამართალდამრღვევმა აღიარა ჩადენილი სამართალდარღვევა, ითხოვა პატიება და მოითხოვა, რომ სახდელის სახით შეეფარდოს ჯარიმა. სამართალდამრღვევის ადვოკატმა კობა კობახიძემ განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა აღიარა ჩადენილი სამართალდარღვევა, ითხოვა პატიება, წარსულში ადმინისტრაციული სახდელი არ ჰქონია დადებული, ნასამართლევი არ არის, ადრე მუშაობდა პოლიციაში და აქვს სურვილი, კვლავ დაბრუნდეს სამუშაოდ პოლიციაში. არის 26 წლის ახალგაზრდა. 60 დღის ვადით პატიმრობა მისთვის არის მკაცრი სახდელი. ამიტომ ითხოვა, რომ მას ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდოს ჯარიმა. მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული პატიმრობა 35 დღის ვადით“, –აღნიშნულია მოსამართლის დადგენილებაში.

ილია სულიაშვილი სიღნაღის იზოლატორშია მოთავსებული.

ვიდეო

ახალი ამბები