კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფარული რეკლამა და წინასაარჩევნო გარემო

11 ივლისი, 2012

ნინო ცაგარეიშვილი

ფარული პოლიტიკური რეკლამა, ფაქტობრივად, წარმოადგენს პოლიტიკური რეკლამის ერთ-ერთ სახეს, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი წინასაარჩევნო პერიოდში საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის პროექტის ფარგლებში დააკვირდება.

მედიამონიტორინგი ხორციელდება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით. იგი მოიცავს შემდეგ ტელეარხებს: საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი“, „რუსთავი 2“, „კავკასია“, „მაესტრო“ და „მე-9 არხი“. მედიამონიტორინგის მიზანია, გამოავლინოს მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქების ტენდენციები და რეკომენდაციები შეიმუშაოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.

ექსპერტთა შეფასებით, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დაპირებებს არჩევნების ობიექტურ და სამართლიან გარემოში გამართვის შესახებ. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას მიზნად ისახავს კოალიცია „ეს შენ გეხებას“ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადების პაკეტი, რომლის ერთ-ერთ ინიციატივას წარმოადგენს ფარული პოლიტიკური რეკლამის აღკვეთის შესახებ რეგულაციების შემოღება.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოქმედი რედაქცია არ შეიცავს ფარული პოლიტიკური რეკლამის დეფინიციას. რეკლამის შესახებ კანონში, მაუწყებლობის შესახებ კანონსა და საარჩევნო კოდექსში არსებული რეგულაციები კი ფარული პოლიტიკური რეკლამის აღსაკვეთად არასაკმარისია.

ფარული პოლიტიკური რეკლამის საკითხებს ეხება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებისთვის 1999 წელს მიღებული რეკომენდაციები მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქებასთან დაკავშირებით.

რეკომენდაციების თანახმად, საარჩევნო პერიოდში საჯარო და კერძო მაუწყებლებმა უნდა უზრუნველყონ სამართლიანი, მიუკერძოებელი და დაბალანსებული გაშუქება ახალი ამბებისა და მსგავსი ტიპის პროგრამებში, ასევე - დისკუსიებში, ინტერვიუებსა და დებატებში.

განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი კანდიდატების გაშუქების საკითხი, რომელთაც უკავიათ საჯარო თანამდებობები. რეკომენდაციების თანახმად, დაუშვებელია ასეთი პირების ოფიციალური ფუნქციების პრივილეგირებული და ექსესიური (გადაჭარბებული) გაშუქება.

ცალკე თავი ეთმობა გასართობი ხასიათის პროგრამების გაშუქების საკითხს. რეკომენდაციის თანახმად, მაუწყებლები უნდა მოერიდონ წინასაარჩევნო პერიოდში გასართობ პროგრამებსა და მსგავს თოქ-შოუებში პოლიტიკოსების მოწვევას, რადგანაც შერჩევითი მოწვევა უსამართლო უპირატესობას მიანიჭებს კონკრეტულ კანდიდატსა თუ პოლიტიკურ პარტიას. რეკომენდაციები ყურადღებას ამახვილებს ასევე პაროდიულ პროგრამებში კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტისადმი უპირატესობის მინიჭების დაუშვებლობაზე.

მინისტრთა კომიტეტი აცხადებს, რომ აღნიშნული პრინციპები, უპირველეს ყოვლისა, მაუწყებელთა თვითრეგულირების გზით უნდა იყოს დარეგულირებული. თუ თვითრეგულირების მექანიზმი ამ პრინციპებს არ ითვალისწინებს, კომიტეტი მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, ასახონ ისინი შესაბამის საკანონმდებლო ნორმებში.

რეკომენდაციების თანახმად, აღნიშნული პრინციპები უნდა გავრცელდეს როგორც ოფიციალურ საარჩევნო, ასევე წინასაარჩევნო პერიოდზეც.

მართალია, აღნიშნული რეკომენდაციები არ იყენებს ფარული პოლიტიკური რეკლამის ცნებას, მაგრამ მათი შინაარსი სწორედ ასეთი სახის რეკლამის დაუშვებლობაზე მიუთითებს.

„საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, რომელიც ქართული ტელეარხებისათვის სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენს და მათი თვითრეგულირების გზით დაცვის შესაძლებლობას ქმნის, ზემოაღნიშნულ პრინციპებს არ ითვალისწინებს.

რეგულაციები ფარული პოლიტიკური რეკლამის აღსაკვეთად არ გვხვდება არც საქართველოს საკანონმდებლო აქტებში.

აღნიშნული პრობლემის დასარეგულირებლად კოალიცია „ეს შენ გეხება“ მიზანშეწონილად მიიჩნევს საარჩევნო კოდექსში ფარული პოლიტიკური რეკლამის დეფინიციის შემოღებას. ფარულ პოლიტიკურ რეკლამას კოალიცია „ეს შენ გეხება“ შემდეგნაირად განმარტავს: „მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ ნებისმიერი ფორმით (სატელევიზიო სიუჟეტი, გადაცემა და სხვ.) გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული არ არის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებასთან და რომელშიც ნაჩვენებია ან/და ნახსენებია საარჩევნო სუბიექტი/სუბიექტობის კანდიდატი/პოლიტიკური პარტია/კანდიდატობის მსურველი, მისი დასახელება, სლოგანი, ან/და რიგითი ნომერი (თუ ეს ნომერი ასოცირდება საარჩევნო სუბიექტთან/სუბიექტობის კანდიდატთან/პოლიტიკურ პარტიასთან/კანდიდატობის მსურველთან) ან/და სხვა საიმიჯო რეკვიზიტები. ფარულ რეკლამად არ მიიჩნევა ინფორმაციის გავრცელება ოფიციალურ ღონისძიებაში კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების აღსრულების მიზნით პოლიტიკური თანამდებობის პირის მონაწილეობის შესახებ“.
 
აღნიშნული დეფინიციით ხელმძღვანელობენ ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორები, რომლებიც ექვს სხვადასხვა ტელეარხზე წინასაარჩევნო პერიოდში გასულ ფარულ პოლიტიკურ და სოციალურ რეკლამებს აკვირდებიან. უშუალოდ საარჩევნო პერიოდში კი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის მონიტორინგიც განხორციელდება.

ფოტო საიტიდან :www.onlinerepmanagement.com/2011/08/social-media-monitoring.html

  
ეს სტატია შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ცენტრი და იგი არ ასახავს IFES-ის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებებს.

ახალი ამბები