კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოეზიის საღამო პოლიტიკური სარჩულით ჩაიშალა

25 ივლისი, 2012
მარი ტაბიძე, იმერეთი

„ჩვენ გვინდოდა, რამდენიმე ახალგაზრდა შეგვერჩია სოფელ ცუცხვათიდან და ტყიბულში დაგეგმილ პოეზიის ახალგაზრდულ შეხვედრაზე წაგვეყვანა. პარალელურად, გვინდოდა, ის ბავშვებიც შეგვეკრიბა, რომლებიც ლექსებს თავად წერენ და მათთვისაც მოგვეწყო გაცნობის საღამო. სოფლის რწმუნებულმა როცა გაიგო, რომ ცუცხვათის კულტურის სახლის გამგე ჩვენ გვეხმარებოდა, მას ტელეფონით დაურეკა და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა. ამ ზეწოლის შემდეგ ჩვენთან შეხვედრაზე სოფლის არც ერთი ახალგაზრდა არ მოვიდა და შეხვედრა ჩაიშალა“, - ამბობს humanrights.ge-სთან საუბრისას კოალიცია „ქართული ოცნების“ ტყიბულის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი კუბლაშვილი. 

 „ქართული ოცნების“ ტყიბულის ახალგაზრდულ ფრთას შეხვედრი ორგანიზებაში სოფელ ცუცხვათის კულტურის სახლის გამგე თემურ კუპრაშვილი ეხმარებოდა. ამ ფაქტს თავად კუპრაშვილი არ უარყოფს. 

„გიორგი კუბლაშვილმა როცა მომმართა, მითხრა - მომეკრიბა ახალგაზრდები და მასთან შემეხვედრებინა, რადგან კულტურის სახლში მათთვის პოეზიის საღამოს ჩატარება უნდოდა. ამაზე უარი არ მითქვამს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სოფლიდან ახალგაზრდები გასულები იყვნენ. ამასთანავე საქმის კურსში სოფლის გამგებელი ჯემალ ობოლაძეც ჩავაყენე და ვუთხარი, რომ გიორგი კუბლაშვილი სოფლის ახალგაზრდებთან შეხვედრას  გეგმავდა. მან მაშინვე მისაყვედურა და მითხრა, რომ პოეზიის საღამოს პოლიტიკური სარჩული ჰქონდა, რაც შემდეგ მართალი აღმოჩნდა. რაც შეეხება იმას, რომ გამგებელი ჩემთან სახლში იყო მოსული, გეტყვით, რომ იქ არანაირი მუქარა არ ყოფილა. ჩვენ ერთმანეთთან ოჯახებით ახლოს ვართ და ჩვენი მეუღლეები მეგობრობენ“, - გვითხრა სოფელ ცუცხვათის კულტურის სახლის გამგემ, თემურ კუპრაშვილმა.

„ჩვენ პოლიტიკასთან საერთო არაფერი გვაქვს და ამ ფაქტს რატომ მისცეს ასეთი დატვირთვა, არ ვიცი. უბრალოდ, სოფელში არ შედგა ეს საღამო, რადგან აქტიური ახალგაზრდები თბილისში აღმოჩნდნენ წასულები. რაც შეეხება ჩემი და თემურის ურთიერთობას, ჩვენ ერთმანეთთან ოჯახებით ვახლობლობთ და ჩვენს შორის არანაირი კამათი და ჩხუბი არ მომხდარა“, - აღნიშნა სატელეფონო საუბრისას სოფელ ცუცხვათის გამგებელმა ჯემალ ობოლაძემ.

ცუცხვათში პოეზიის საღამოს ჩაშლის მიზეზად ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, ელისო ჩაფიძე თემურ კუპრაშვილზე ზეწოლას ასახელებს: „ჩვენ გვინდოდა, სოფლებში გავსულიყავით და ახალგაზრდებს შევხვედროდით. ამას ორგანიზებას უწევდა ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კუბლაშვილი. აქვე გეტყვით, რომ გიორგი ძალიან კარგი ახალგაზრდაა და ლექსებს წერს. ამიტომ პოეზიის საღამოს ჩატარება გადავწყვიტეთ. ცუცხვათის კულტურის სახლის დირექტორი ჩვენთან თანამშრომლობდა და დახმარებაც აღვითქვა შეხვედრის ორგანიზებაში. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ დახმარება არ შეეძლო, რადგან ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყო. ამის შესახებ მან ჩემთან საუბარშიც აღნიშნა და დახმარება მთხოვა კიდეც. 

თუმცა, ცუცხვათთან დაკავშირებული პრობლემები ამით არ ამოიწურა. მეორე დღეს, როცა გიორგი კუბლაშვილი საღამოს ცხრის ნახევარზე გავიდა ოფისიდან, ტყიბულის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს და ქუთაისში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წაიყვანეს. რა თქმა უნდა, კუბლაშვილი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არ აღმოჩნდა, რის შემდეგაც გაანთავისუფლეს. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო დაშინების ერთ-ერთი ხერხი. ხოლო გავრცელებული ჭორი, რომ კუბლაშვილი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო, ცრუ ბრალდებაა და ამისთვის ყველა ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვინც ამ ბრალდებაშია გარეული“.

თავად გიორგი კუბლაშვილი აღნიშნავს, რომ სამართალდამცველების მხრიდან მასზე ზეწოლა არ ყოფილა და ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ სახლში გამოუშვეს. 

ახალი ამბები