კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტ მარი ოთარაშვილს ახალგორიდან გამოძევებით ემუქრებიან

24 ივლისი, 2012
გოგა აფციაური, გორი, media.ge

22 ივლისს, ახალგორში, ტელეკომპანია „მეცხრე არხის“, გაზეთ „რეზონანსის“ და მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი მარი ოთარაშვილი დააკავეს. იგი რამდენიმე საათის განმავლობაში ჯერ მილიციაში ჰყავდათ, მოგვიანებით კი პროკურატურაში გადაიყვანეს. 

დაკავებისას ჟურნალისტს ჩამოართვეს ვიდეოკამერა, ტელეფონი და „ფორმა 9“ - დოკუმენტი, რომელსაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორში რეგისტრირებულ პირებზე გასცემს. მოგვიანებით გამომძიებლებმა ტექნიკა დააბრუნეს, მაგრამ „ფორმა 9“ დაიტოვეს. ეს არის დოკუმენტი, რომლის გარეშეც დაბაში შესვლა შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ მარი ოთარაშვილი ახალგორშია რეგისტრირებული, იქა აქვს სახლი, ჰყავს ნათესავები და დაბაში ხშირად ჩადის ხოლმე. დაკითხვის შემდეგ იგი პროკურატურიდან სახლში გაუშვეს. ოფიციალური ბრალდება მისთვის არ წაუყენებიათ. 

ახალგორის დე ფაქტო სამართალდამცავები მას ერთი სატელეფონო მესიჯის შესახებ ეკითხებოდნენ, სადაც მისი სახელი იყო მოხსენიებული. სამართალდამცველთა თქმით, მესიჯი ახალგორელმა თამარ მეარყიშვილმა შეცდომით ახალგორის ბავშვთა სახლის დირექტორს, ზაირა ელკანოვას გაუგზავნა. ზაირა ელკანოვამ კი ამის შესახებ დაბის პროკურატურას აცნობა. დე ფაქტო სამართალდამცავების თქმით, ეს მესიჯი თითქოს ქართული სპეცსამსახურებისთვის იყო განკუთვნილი.

თამარ მეარაყიშვილმა რაიმე მესიჯის გაგზავნა ელკანოვასთან უარყო. მან  Media.Ge-ს მესიჯის შესახებ სამართალდამცავების ვერსია მოუთხრო. „ვითომ, ამ მესიჯში ეწერა - „ჩავიწერე ნურგალიევის ვიზიტი, გადავიღე ყველაფერი, აქაურ პირველ პირებთან შეხვედრები. გიწერთ ფლეშკაზე და გიგზავნით მარის [ოთარაშვილის] ხელით“. თურმე, ეს მესიჯი შემეშალა და ამ ელკანოვასთან გამეგზავნა. ამ ქალის ნომერი საერთოდ არ ვიცი. როგორ შეიძლება, შეგეშალოს ნომერი, რომელიც საერთოდ არ გიწერია?! მე არანაირ უშიშროებასთან არ ვთანამშრომლობ“, – აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.

გამოძიებას მან საქმის ობიექტური შესწავლა მოსთხოვა და ელკანოვას ადგილობრივ პროკურატურაში ცილისწამებისთვისაც უჩივლა. მეარაყიშვილის თქმით, ელკანოვა მას მუდმივად მეთვალყურეობს და თითოეული ნაბიჯის შესახებ ოსური სპაცსამსახურების წარმომადგენლებს უყვება. მეარაყიშვილი ამბობს, რომ ელკანოვა მას დაბიდან გაძევებით არაერთხელ დამუქრებია. 

ამჟამად მარი ოთარაშვილი ახალგორში, საკუთარ  სახლში იმყოფება და დაბიდან გაძევების მოლოდინშია. მისი აზრით, ელკანოვა მის მიმართ ბინძურ პროვოკაციას ამზადებს. მას ეჭვი აქვს, რომ ბავშვთა სახლის დირექტორი თვითონ თანამშრომლობს ქართულ სპეცსამსახურებთან.

„მე თვითონ ვთხოვე გამომძიებელს, რომ დაწვრილებით გამოიძიოს, რა მესიჯზეა ლაპარაკი. იქ მხოლოდ მარი ეწერა და თუ ჩემზეა ლაპარაკი, მე საიდან მოვხვდი? და თუ თამარის ესემესია, ჯერ ხომ თამარი უნდა დაკითხოთ-მეთქი? არაფრის გაგონება არ სურდათ. მე ვფიქრობ, ეს არის საბაბი იმისთვის, რომ გამაძევონ აქედან. გამომძიებელი დათო გურწიევი მოვიდა ჩემთან სახლში. მითხრა, რომ ჩავალაგო ბარგი, უნდა მიმიყვანოს დეფაქტო საზღვრამდე და მოახდინოს ჩემი დეპორტაცია, მაგრამ მე გავუწიე წინააღმდეგობა და ვუთხარი, რომ წარმოედგინა ბრძანება, თუ რის საფუძველზე აკეთებს ამას. მან მითხრა რომ ეს ზეპირსიტყვიერი ბრძანებაა და აქ საერთოდ წერილობითი ბრძანებები არ გაქვთ, ყველაფერს ზეპირსიტყვიერად აკეთებენ. მე კატეგორიული წინააღმდეგობა გავუწიე და ვუთხარი, რომ მას არ ჰქონდა უფლება,  ჩემი სახლიდან გავეგდე“, – ამბობს მარი ოთარაშვილი.

მეარაყიშვილიც და ოთარაშვილიც კატეგორიულად უარყოფენ, რომელიმე სპეცსამსახურთან თანამშრომლობას. მათი აზრით გარკვეული პირები მათ წინააღმდეგ ბინძურ პროვოკაციას ამზადებენ. მარი ოთარაშვილი ახლა დე ფაქტო სამართალდამცავებს „ფორმა 9“-ის დაბრუნებას სთხოვს, რადგან ამ დოკუმენტის გარეშე მისი სადმე გადაადგილება წარმოუდგენელია.

ახალი ამბები