კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბურსაჭირის გასაჭირი

31 ივლისი, 2012
გიორგი იორამაშვილი, მცხეთა-მთიანეთი 

მაღალმთიანი რეგიონების სოფლების უმეტესობა წინასაარჩევნოდაც არავის ახსენდება. უგზოობისა და სხვა მსგავსი მოუგვარებელი სოციალური პრობლემების გამო, მთის სოფლებს ხალხი კვლავ ტოვებს და საცხოვრებლად ბარში ჩამოდის. საპარლამენტო არჩევნების წინ მთიანი რეგიონების განვითარების პროგრამა ჯერჯერობით არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ წარმოუდგენია. ყოველ შემთხვევაში, ასეთ დოკუმენტს ხალხამდე ჯერ არ მიუღწევია. 

დუშეთის მუნიციპალიტეტში შემავალი გუდამაყრის თემის მაღლმთიანი სოფელი ბურსაჭირი, თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით ასი კოლომეტრის დაშორებით მდებარეობს. ადრე გუდამაყრის ხეობაში და მათ შორის - ბურსაჭირში გადიოდა ძველი სამხედრო გზა, რომელიც ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს აშენდა და საქართველოს რუსეთთან აკავშირებდა. 
 
სოფელი ბურსაჭირი სამი ათეული წლის წინ ხალხმრავალ დასახლებას წარმოადგენდა, მაგრამ უგზოობისა და სოციალური პრობლემების გამო, ბოლო რამდენიმე წელია, მოსახლეობისაგან მთლიანად დაიცალა, ანუ ზამთრობით სოფელში აღარავინ რჩება. სოფლის მოსახლეები ბურსაჭირში მხოლოდ ზაფხულში ადიან და იქაურობას პირუტყვის საძოვრად იყენებენ. 

ბურსაჭირი ცნობილი ქართველი მწერლისა და რეჟისორის – გოდერძი ჩოხელის მშობლიურ სოფელ ჩოხიდან დაახლოებით 5 კილომეტრით არის დაცილებული. სხვათა შორის, ბურსაჭირი გოდერძი ჩოხელის დედულეთია. ეს ხუთკილომეტრიანი გზის მონაკვეთი ზვავებისა და წყალდიდობის დროს ხშირად გამოდის მწყობრიდან, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა გუდამაყრელებისათვის, რომლებიც თავს ტრადიციულად მესაქონლეობითა და მეცხვარეობით ირჩენენ.
 
ბურსაჭირელების თქმით, გზის შეკეთებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისაგან დაპირება ბევრჯერ მოუსმენიათ, განსაკუთრებით - არჩევნების პერიოდში, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ გზის რეაბილიტაციისათვის ყოველწლიურად დუშეთის გამგეობაში გარკვეული თანხაა გამოყოფილი, მაგრამ ეს თანხა რაში იხარჯება, მათთვის გაურკვეველია. 

ვალიკო აფციაური, გუდამაყრის მკვიდრი: „გზის გაკეთების იმედი თითქმის უკვე გადაგვეწურა. ჩოხამდე მოსასვლელ გზას მაინც მიხედონ და ბურსაჭირამდე გზას აღარ ვჩივით. ამ პირობების გამო არაადამიანური შრომა გვიწევს. ალბათ, დიდხანს ამასაც ვერ გავუძლებთ და რამდენიმე წელში ბურსაჭირი ზაფხულშიც სამუდამოდ დაცარიელდება. თუ დიდი წყალდიდობა იქნება, აქ მყოფი ხალხი შემოდგომაზე და გაზაფხულზე 50-50 ლარს ვაგროვებთ ხოლმე და ტრაქტორს საკუთარი ხარჯით ვქირაობთ, რათა ადგილ-ადგილ ჩამოცვენილი ლოდებისაგან მაინც გავწმინდოთ ან შევაკეთოთ გზა. ეს თუ არ გავაკეთეთ, ელემენტარულად, პროდუქტებსაც კი ვერ ავიტანთ მაღლა. შემოდგომობით ყველისა და თივის ჩამოტანა გვიწევს და ეს გზა ძალიან გვაფერხებს“. 

გუდამაყრელებს ხელისუფლების დახმარების იმედი თითქმის აღარ აქვთ და არც რაიმე განსაკუთრებული ოპტიმისტური მოლოდინებით ცხოვრობენ. 

„რაკი ხელისუფლება ყურადღებას არ გვაქცევს, იძულებულები ვხდებით, ქალებმაც და აქაურმა კაცებმაც ერთად ვიმუშაოდ გზის გასაწმენდად. ამით პრობლემა საბოლოოდ ვერ გვარდება, მაგრამ დროებით მაინც ვახერხებთ ხოლმე გზის გამოყენებას. შარშან ჩვენი რაიონიდან სოფლის დახმარების პროგრამით გუდამაყრის თემისთვის გამოიყო გარკვეული თანხა. ინგლისიდან ჩამოიტანეს ახალი ტრაქტორი, რომელიც ძალიან ძვირი - 49 000 ინგლისური გუნტი სტერლინგი დაჯდა. ახლა კი გაირკვა, რომ ეს ტრაქტორი გუდამაყრის რელიეფისათვის მთლად შესაფერისი არ არის და ნორმალურად ვერ აკეთებს თავის საქმეს“, – ამბობს გუდამაყრელი იზო ქავთარაძე.

Humanrights.ge-ს ფოტორეპორტაჟში გუდამაყრელების მიერ მდინარეზე გადებული საცალფეხო ხიდებიც მოხვდა, რომლებიც ყოველი წვიმის შემდეგ იშლება და წყალს მიაქვს.

ასეთ გასაჭირში ცხოვრობენ ბურსაჭირელები, რომლებიც ხელისუფლებამაც დაივიწყა და მათი პრობლემები არჩევნების წინაც ვერ გახდა პოლიტიკოსების დაინტერესების საგანი. ამის მიზეზად ბურსაჭირისა და მთელი გუდამაყრის მოსახლეობის სიმცირე შეიძლება მივიჩნიოთ. მცირე მოსახლეობა ცოტა საარჩევნო ხმას ნიშნავს. დაუსრულებელი უყურადღებობა კი ისედაც დაცლილი მთის სოფლების კიდევ უფრო გაპარტახების წინაპირობა შეიძლება გახდეს.

ახალი ამბები