კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გამგებელმა კაბინეტში ლამის პოლიტიკური დავალება მომცა“

31 ივლისი, 2012
 
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი ლანჩხუთის გამგებელს ზეწოლაში ადანაშაულებს 

ნინო მშვიდობაძე, გურია

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კოორდინატორმა და გრძელვადიანმა დამკვირვებელმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნანა სანიკიძემ  humanrights.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გიორგი გოგუაძემ იგი კაბინეტში დაიბარა, სადაც ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას. 

„გამგებელმა ეჭვი შეიტანა ჩვენი ორგანიზაციის გამჭვირვალობაში. ჩემი საქმიანობა მოიცავს ინფორმაციების გადამოწმებას, რის გამოც დამიბარა და მოითხოვა ჩემგან, რომ ოპოზიციის საქმიანობაზე დამეწესებინა გარკვეული კონტროლი. საქმიანობიდან გამომდინარე, მე მევალება დავაფიქსირო დარღვევები როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან. თუმცა, ხელისუფლების მხრიდან ასეთ რამეზე მითითება და ამის, ასე ვთქვათ, დავალება, აშკარა ზეწოლაა. მან კაბინეტში ლამის პოლიტიკური დავალება მომცა“, - ამბობს სანიკიძე.

გამგებლის ასეთი ქმედების მიზეზი სანიკიძის მიერ მოკვლეული ფაქტი გამხდარა. კერძოდ, როგორც თავად ამბობს, ქვიანში დაფიქსირდა ასეთი ფაქტი: „ორი ადგილობრივი პედაგოგი _ თამილა თოფურია და ანგელინა ხიზანიშვილი აგიტაციას აწარმოებდნენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ. პედაგოგებმა ჩემთან საუბარში ეს ფაქტი არ დაადასტურეს, მაგრამ მე მქონდა ინფორმაცია და შევეცადე გადამემოწმებინა“.

სანიკიძე ამბობს, რომ მას დაუკავშირდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ირმა მგელაძე და გადასცა ქაღალდი წარწერით „ზურაბ კუჭაშვილი“. როგორც გაირკვა, მოითხოვდნენ კუჭაშვილთან ინფორმაციის გადამოწმებას. მაღალჩინოსანის თქმით, ეს იყო გამგებლის დავალება: „კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: მე ვაწარმოებ მონიტორინგს ლანჩხუთის ტერიტორიაზე და ვალდებული ვარ, ნებისმიერი დარღვევის, ზეწოლის, მუქარის ფაქტი დავაფიქსირო და ინფორმაცია გადავცე ორგანიზაციას“, - ამბობს ნანა სანიკიძე .

სანიკიძის ინფორმაციით, ზურაბ კუჭაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტია. 

„რამდენიმე დღის წინ, კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით ლანჩხუთში ჩატარდა ტელეკომპანია „მაესტროს“ მხარდამჭერი აქცია. კუჭაშვილი პარტიულ დავალებას ასრულებდა და აქციის მონაწილეებს ფოტოებს უღებდა. სატელეფონო საუბრისას კუჭაშვილმა ეს ფაქტი უარყო, მაგრამ როცა პირისპირ შევხვდი, დაადასტურა, რომ აქციაზე ფოტოების გადაღებამ გააღიზიანა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც კუჭაშვილის თქმით, მივიდა დედამისთან და დაემუქრა - თუ შენი შვილი არ შეწყვეტს ფოტოების გადაღებას, პრობლემები შეექმნებაო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ სიტყვიერი განცხადება იყო და კუჭაშვილს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ხელთ არ ჰქონდა, ის კი არა, დამმუქრებლის ვინაობაც არ გვითხრა, მე ეს ინფორმაცია მაინც გადავაწოდე ოფისში“, - ამბობს ნანა სანიკიძე. 

ნანა სანიკიძე პარალელურად ლანჩხუთის ვალოდია წულაძის სახელობის კინოსა და თეატრის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელია. როგორც თვითონ აცხადებს, მას სამსახურიდან წასვლას აიძულებენ: „ლანჩხუთის კულტურის სახლის იურისტმა განმიცხადა, რომ კანონით აკრძალულია ორ ადგილზე მუშაობა და ერთ-ერთი უნდა ავირჩიო. კულტურის სახლში ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობ და ჩემი მეორე სამსახური ხელს არ მიშლის არასამთავრობო ორგანიზაციაში სამსახურებრივი მოვალეობის კარგად შესრულებაში. ვფიქრობ, რომ ჩემი აქტიური საქმიანობა არასამთავრობო კუთხით გამგებლის ინტერესებს ეწინააღმდეგება“.

ლანჩხუთის კულტურის სახლის დირექტორმა სოფო ჭელიძე უარყოფს გავრცელებულ ხმებს, რომ სანიკიძისთვის ორი სამსახურიდან ერთ-ერთის არჩევა ვინმეს მოეთხოვოს. ამავე დროს ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ნანა სანიკიძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ დაწერილა. 

ამ შემთხვევებთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ რამდენიმე დღის წინ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა (სრულად იხ. ლინკზე:   http://www.isfed.ge/pdf/2012-07-23.pdf ).

ახალი ამბები