კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი დუშეთის გამგეობას სასამართლოში უჩივის

1 აგვისტო, 2012
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა (www.icmm.ge) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ მცხეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ინტერნეტგამოცემა გამგეობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაში ადანაშაულებს. 

მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის გელა მთივლიშვილის თქმით, 9 ივლისს, მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა წერილით მიმართა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს და საჯარო ინფორმაცია მოითხოვა.
 
„მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ჩართულია სოფლის დახმარების პროგრამის მონიტორინგის პროექტში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს. მონიტორინგისთვის გვჭირდებოდა საჯარო ინფორმაცია, კერძოდ: 2010, 2011, 2012 წლებში სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში რა თანხა გამოეყო დუშეთის მუნიციპალიტეტს. რომელ სოფელს რა თანხა შეხვდა; რა გაკეთდა თითოეულ სოფელში, რომელმა კომპანიებმა შეასრულეს სამუშაოები. ჩვენს მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია წესით გამზადებული სახით უნდა არსებობდეს გამგეობაში და დაუყოვნებლივ უნდა მოეწოდებინათ. მიუხედავად ამისა, გამგეობამ, ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გასაცემად კანონით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ვადაში, 10 დღის განმავლობაშიც კი არ მოგვაწოდა, რაც არის კანონის დარღვევა. ამის გამო 19 ივლისს, ადმინისტრაციული საჩივრით მივმართეთ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ბესიკ შაღაშვილს. გასაჩივრების მიუხედავად საჯარო ინფორმაცია დღემდე ვერ მივიღეთ და არც ის გვაცნობეს, გამგეობამ მიიღო თუ არა ჩვენი ადმინისტრაციული საჩივარი წარმოებაში. ფაქტობრივად განცხადებაც და საჩივარიც უპასუხოდ დატოვეს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ სასამართლოსთვის მიგვემართა“, – აღნიშნა გელა მთივლიშვილმა.
 
მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ითხოვს, მცხეთის სასამართლომ დუშეთის გამგეობას მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემა დაავალოს. ამასთან, საინფორმაციო ცენტრი დუშეთის გამგებლისგან მოითხოვს, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს მოვალეობის შეუსრულებლობის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისროს.

მთივლიშვილის თქმით, სასამართლოში სარჩელის შეტანასთან ერთად, მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი რეაგირებისათვის საქართველოს სახალხო დამცველს და მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორსაც მიმართავს.
 
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა. სახალხო დამცველის 2011 წლის 645-გვერდიან ანგარიშში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევის ფაქტებს საგანგებო ადგილი ეთმობა. ინფორმაციის თავისუფლების თავში სახალხო დამცველი მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის არასრულყოფილი სახით გაცემასა და საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადების დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას. გიორგი ტუღუშს მაგალითად მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის საქმე მოჰყავს.

ახალი ამბები