კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელით, მოქალაქე საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

2 აგვისტო, 2012
ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს საქართველოს მოქალაქის, ბესიკ ადამიას ინტერესებს, რომელიც გეგმავს 1 ოქტომბერს დანიშნულ პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ქუთაისის #59 ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

იმისათვის, რათა ბესიკ ადამიამ მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის არჩევნებში, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, მისი კანდიდატურის წარმდგენმა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების სია და ცესკოს მითითებულ ანგარიშზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ 5000-ლარიანი დეპოზიტის განთავსების დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი. 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „აღნიშნულ დეპოზიტზე შეტანილი თანხა კანდიდატს სრულად უბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის არჩევნებში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10 პროცენტს მაინც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თანხა ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში“. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, „საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ გაატარებს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, თუ:  …დარღვეულია ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები და ვადა“. 

ამრიგად, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი არ წარადგენს 5000-ლარიან დეპოზიტის განთავსების დამადასტურებელ საბანკო დოკუმენტს, იგი არ იქნება გატარებული რეგისტრაციაში.

აღნიშნულ მოთხოვნას საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის, კერძოდ - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიმართ. ამგვარი სავალდებულო მოთხოვნა არ არის გათვალისწინებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარმდგენი სხვა ისეთი საარჩევნო სუბიექტების შემთხვევაში, როგორიცაა - პოლიტიკური პარტია ან საარჩევნო ბლოკი.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ამგვარი სავალდებულო მოთხოვნის დადგენა არჩევნებში მონაწილეობის მიმღებ, თანასწორ სუბიექტებს შორის, მხოლოდ ერთი სუბიექტისადმი წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით  გათვალისწინებული, კანონის წინაშე სამართლიანი თანასწორობის პრინციპის დარღვევას. ისე გამოდის, რომ  როცა კონკრეტულ პირს სურს არჩევნებში მონაწილეობა მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის სახით, რომელიც არ იქნება ასოცირებული კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან ან საარჩევნო ბლოკთან, მაშინ იგი ვალდებულია, ცესკოს შესაბამის ანგარიშზე განათავსოს 5000-ლარიანი ე.წ. საარჩევნო გარანტია.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა შესაბამისი კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოსარჩელეს წარმოადგენს მოქალაქე ბესიკ ადამია და, რომელიც მან 27 ივლისს შეიტანა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

კონსტიტუციურ სარჩელით ბესიკ ადამია მოითხოვს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის სადავო დებულების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ სარჩელში, ასევე მოვითხოვთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩეროს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის სადავო დებულება, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისმა მოქმედებამ შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მოსარჩელის უფლებას, სხვა საარჩევნო სუბიექტებთან თანაბრად და თანასწორ პირობებში მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ამასთან, მოსარჩელე მოკლებულია ფინანსურ შესაძლებლობას, ბანკში შეიტანოს 5000-ლარის ოდენობის თანახა, ვინაიდან მას ეს თანხა არ გააჩნია.
 

კონსტიტუციურ სარჩელში ბესიკ ადამია საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვს, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განიხილოს კონსტიტუციური სარჩელი, ვინაიდან დაგვიანებამ, შესაძლებელია, ასევე, გამოიწვიოს მისი უფლებისთვის გამოუსწორებელი ზიანი.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი
02.08.12.

ახალი ამბები