კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალური რეკლამები მმართველი პარტიის სამსახურში

7 აგვისტო, 2012

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბოლო თვეებში გასული სოციალური რეკლამების ანალიზმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამ სტატუსით გასული ბევრი ვიდეორგოლი არ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის კანომდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. გარდა ამისა, ბევრი მათგანი თავისი შინაარსით წარმოადგენს პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას ემსახურება.

მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენებასა და სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ განხორციელებულ უკანონო შემოწირულებასთან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ადრეც წერდა პოლიტიზებულ სოციალურ რეკლამებზე. თუმცა, შესაბამის ორგანოებს ამ უკანონო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად არანაირი ქმედება არ განუხორციელებიათ. შედეგად, საზოგადოებრივი მაუწყებლით ასეთი ტიპის ვიდეორგოლების გავრცელება კვლავ გაგრძელდა.

ჩვენ შევისწავლეთ ბოლო თვეებში სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით საზოგადოებრივ მაუწყებელზე სოციალური რეკლამის სტატუსით გასული ვიდეორგოლების გარკვეული რაოდენობა, რომელთაგანაც ბევრი მათგანი საქართველოს მთავრობის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე მოგვითხრობს. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვიდეომასალის სოციალური რეკლამის სახით განთავსებაში დამკვეთი უწყება საფასურს არ იხდის, თუმცა ასეთი ტიპის პროდუქცია გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.

საქართველოს კანონმდებლობა მკაცრად განსაზღვრავს თუ რა შეიძლება ჩაითვალოს სოციალურ რეკლამად. კერძოდ, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სოციალური რეკლამა „საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ მიმართული რეკლამაა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე, მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.“ მოცემული განმარტების ფარგლებს აშკარად სცდება სოციალური რეკლამის სახით გასული შემდეგი ვიდეორგოლები:

• „ენერგოდამოუკიდებელი საქართველო"

ვიდეორგოლში საუბარია წარსულში ენერგომომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და საქართველოს ხელისუფლების დამსახურებით მიღწეულ ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებაზე.

• „საქართველოს სტაბილური ენერგომომარაგება"

ეს რეკლამა ასევე სცდება სოციალური რეკლამის ფარგლებს, რადგან ვიდეორგოლი მოგვითხრობს საქართველოს მთავრობის მიღწევებსა და რეფორმებზე „ვარდების რევოლუციამდელ“ მთავრობასთან შედარებით. ცხადია, ასეთი ტიპის რეკლამას  საქართველოს კანონმდებლობა სოციალურ რეკლამად არ მიიჩნევს და იგი შინაარსით აშკარად გავს პოლიტიკურ ან კომერციულ რეკლამას.

• „დამზადებულია საქართველოში"

მართალია ეს რეკლამა პოლიტიკური შინაარსით შედარებით ნაკლებად არის დატვირთული, თუმცა მისი სოციალურ რეკლამასთან ასოცირება ასევე საკმაოდ რთულია, რადგან ხაზგასმულია კონკრეტული სახელმწიფო უწყების წარსული მიღწევები.

• „მთავრობის 10 პუნქტიანი გეგმა"

კადრებში ჩანს საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის სხვა მაღალი თანამდებობის პირები და საუბარია მთავრობის ათპუნქტიან გეგმაზე, მათ შორის, ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანდაცვაზე. პრეზიდენტის სიტყვებზე დაყრდნოთ, იგი ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეკლამის პოლიტიკურ ხასიათს.

• „30 ახალი საავადმყოფო 30 დღეში"

ვიდეორგოლში საუბარია ახალი საავადმყოფოების მშენებლობასა და ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებაზე. აღნიშნულ რეკლამასაც, სადაც მუდმივად ფიგურირებს საქართველოს პრეზიდენტი, ძნელად თუ მივაკუთვნებთ „საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ მიმართულ” რეკლამას.

• პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"

ვიდეო რგოლში საუბარია პროგრამის წარმატებაზე და პირდაპირ ხდება საჯარო ინსტიტუტის მიერ გაწეული საქმიანობის რეკლამირება.

აშკარაა, რომ აღნიშნული ვიდეორგოლები თავისი შინაარსით გარდა იმისა, რომ სოციალური რეკლამა არ არის, ხშირ შემთხვევაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაკეთებულ პოლიტიკურ რეკლამას წარმოადგენენ. თუ ჩვენ ამ ვიდეოპროდუქციას შევადარებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფიციალურ წინასაარჩევნო რეკლამებს (მაგალითად, ამ რეკლამას), დავინახავთ, რომ შინაარსით და სულისკვეთებით ეს პროდუქცია სოციალური რეკლამის სახით გასული ზემოთ ჩამოთვლილი ვიდეორგოლების იდენტურია და საზოგადოებაშიც ერთგვაროვნად აღიქმება. უმნიშვნელო განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ სოციალურ რეკლამებს არ აქვთ სუბტიტრი „პოლიტიკური რეკლამა” და მათში არ არის ნახსენები მმართველი პოლიტიკური პარტია.

აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის სოციალური რეკლამების დამზადება და განთავსება სახელმწიფო სახსრებით მმართველი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებულ უკანონო შემოწირულებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, ასეთი ქმედებები სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარს შლის, რითაც ირღევა ეუთოს კოპენჰაგენის კონფერენციის დოკუმენტით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის ადგილობრივი არჩევნებიდ შესახებ ეუთოს დასკვნაში ცალსახად წერია, რომ საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის ზღვარი ფაქტობრივად არ არსებობს.

მივმართავთ:

• სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, დეტალურად შეისწავლონ თითოეული ვიდეორგოლი და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ სათანადო რეაგირება;

• საქართველოს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, არ დაარღვიოს კანონი და არ მოახდინოს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება;

• საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, მეტი ყურადღება მიაქციოს სოციალური რეკლამის სახით გასულ პროდუქციას და მიიღოს გადაწყვეტილებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

• საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ყურადღება მიაქციოს აღნიშნულ საკითხს და მიიღოს შესაბამისი ზომები.

ორიგინალი: http://transparency.ge/blog/sotsialuri-reklamebi-mmartveli-partiis-samsakhurshi 

ახალი ამბები