კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხუთიანებში ჩასმული გამგეობის შენობა

17 აგვისტო, 2012
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის მშობლიურ სოფელ ჩალაუბანში, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის და სპეციალისტების სამუშაო ოთახებში კედლებზე „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო პლაკატებია განთავსებული. სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო ნომერი შენობის მეორე სართულზე,  ფანჯრებზეც არის გაკრული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტს ირინე ურუშაძეს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ირღვევა ნორმა, რომლითაც აკრძალულია სააგიტაციო მასალების ადგილობრივი თვითმმართველობის ინტერიერსა და ექსტერიერში განთავსება.

„იმ მოხელის მხრიდან, რომელსაც კაბინეტში აქვს გაკრული პლაკატები, ხდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და მის მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული სანქცია - 2000 ლარის ოდენობით. ამ ფაქტით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს საარჩევნო ადმინისტრაცია და უწყებათაშორისო კომისია. მსგავსი შემთხვევები 2010 წლის არჩევნების პერიოდშიც დაფიქსირდა და მოხდა კიდევაც ერთ-ერთი მოხელის დაჯარიმება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისათვის“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ირინე ურუშაძემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისთვის სოფელ ჩალაუბნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ვალერი ბარნაბიშვილსაც დაუკავშირდა. „რომ დაგელაპარაკოთ, გამგეობის პრესსამსახურის ნებართვა უნდა მომიტანოთ“, – აღნიშნა ბარნაბიშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს სამი პრესმდივანი ჰყავს. ერთ–ერთმა ნინო კოშაძემ აღნიშნა, რომ ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებთან საკითხების მოგვარება მას არ ეხება და მეორე პრესმდივანთან, ია დათუკიშვილთან გადაგვამისამართა. ია დათუკიშვილმა განაცხადა, რომ შვებულებაშია და ვინმე რუსასთან გადაგვამისამართა. მესამე პრესმდივანმა - რუსამ აღნიშნა, რომ რწმუნებულთან გასაუბრების ნებართვის მოპოვების მიზნით პირადად გამგებელს უნდა მივმართოთ. მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით მესხიშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. გამგებლის მოადგილემ გოგა პეტრუზაშვილმა განაცხადა, რომ საკითხი გამგებლის გადასაწყვეტია. 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი დაკავშირებას გუბერნატორის პირველ მოადგილესთან გიორგი სიბაშვილთანაც შეეცადა, თუმცა სატელეფონო ზარებს არც მან უპასუხა. ამის შემდეგ, ე.წ. „ნებართვის“ გარეშე სოფლის რწმუნებულს მივმართეთ და ვკითხეთ, აქვს თუ არა უფლება „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პლაკატები რომ აქვს გაკრული ყველგან. სოფლის გამგებელმა კომენტარი არ გააკეთა.

კომენტარი არც გურჯაანის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნატალია ბეგაშვილმა გააკეთა.

ახალი ამბები