კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიცია საბიუჯეტო ცვლილებებს არჩევნებს უკავშირებს

17 აგვისტო, 2012
 
ინგა გვასალია, ფოთი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მიმართ გასაკვირი გულუხვობით გამოირჩევა. მმართველი პარტია ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს. სოფელ-სოფელ სიარულისა და დაპირებების გაცემის გარდა, ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანია მოიცავს საჯარო სამსახურებში ადამიანების დასაქმებას ან უკვე დასაქმებულების ფასიან და უფასო შვებულებებში გაშვებას. ეს უკანასკნელები თავიანთ შვებულებას პირდაპირ საარჩევნო შტაბებში ატარებენ და მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობენ.  

Humanrights.ge-ს მიერ ქალაქ ფოთის საკრებულოდან გამოთხოვილი ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, ეს ტენდენცია ყოველწლიურად იზრდება.  ასევე იზრდება საარჩევნო წელს საჯარო მოხელეთა ხელფასებზე დარიცხული პრემიების ოდენობაც. ეს მაშინ, როდესაც საკრებულოს საშტატო ნუსხა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, სულ 5 ერთეულით გაიზარდა. 

წინასაარჩევნო პერიოდში თვითმმართველობებში ხარჯების გადანაცვლების მიზნით, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაც გახშირდა.  ფოთის 2012 წლის ბიუჯეტში სწორედ წინასაარჩევნოდ გაიზარდა თანხები „გაუთვალისწინებელი ღონისძიებებისათვის“. შემოსულობები გაიზარდა და განისაზღვრა 290303,6 ლარით. ასევე გაიზარდა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ხარჯები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში განათების სისტემის მოწყობის, შენობებზე მინათების სამუშაოების, ქუჩაზე გარეგანათების მოწყობისთვის გამოყოფილი ხარჯები.

ფოთის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა დოლბაია ამბობს, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით არჩევნების  გასაყალბებლად ემზადება: „ყველა ბოლო საბიუჯეტო ცვლილებას ვუკავშირებ საარჩევნო კამპანიას. ამით ცდილობენ  ხალხის გულის მოგებას. სხვა პარტიებმა რამე რომ გააკეთონ ხალხისთვის, მაშინვე მოსყიდვაში ადანაშაულებენ, სამართალში აძლევენ და მილიონობით აჯარიმებენ. ადამიანების 70-80% იგნორირებული იყო ამ ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში. არავითარ  სოციალურ მხარდაჭერას არ უწევდა. ეს თანხები, რაც ახლა გამოიყო, წლის დასაწყისში უნდა გამოყოფილიყო, მაგრამ ახლა აკეთებენ. მიმაჩნია, რომ ეს არაა ახლა მიზანშეწონილი, ამაზე დიდი პრობლემაა ქალაქში დღეისთვის არხების, განათების და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც მართლა აუცილებელია მოსახლეობისთვის, მაგრამ არ არის პოპულარული ხელისუფლებისთვის და საპიაროდ და სათქმელად უკეთესია - ეს გაგიკეთეთ და ის გაგიკეთეთო. ამიტომ ვამბობ, რომ ეს სწრაფი ცვლილებები მიმართულია წინასაარჩევნო პროცესებისა და მოსახლეობის თვალის ასახვევად, მოსახლეობის მოსყიდვისკენ. წინასაარჩევნოდ, ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ადამიანებს დავალებებს აძლევენ, ვინ რამდენი კაცი უნდა მოიყვანოს არჩევნებზე „ნაციონალების“ მხარდასაჭერად. უკვე რამდენიმე თვეა, ამ მიმართულებით მუშაობს ხელისუფლება. საბიუჯეტო ორგანიზაციებში შტატები გაბერილია. ეს საკითხი ბევრჯერ დავაყენე საკრებულოში, მაგრამ უშედეგოდ. ძალიან ბევრი ადამიანი ყავის დალევის მეტს არაფერს აკეთებს, სამაგიეროდ ხმას „ნაციონალებს“ აძლევს და მასზე მუშაობს. მერია და საკრებულო, იმის ნაცვლად, ეფექტურად მუშაობდეს, ბიუჯეტს მიზნობრივად ხარჯავდეს, სინამდვილეში, არამიზნობრივად და უყაირათოდ ხარჯავს ხალხის ფულს. არ არსებობს ხელისუფლებაში დასაქმებული ადამიანი, რომელიც არ მუშაობს არჩევნების მოგებაზე. ამას უცხო თვალი ვერ ხედავს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით?! იბარებენ ხალხს და აშინებენ ყველას - ტერმინალების, მაღაზიების, სხვა სავაჭრო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და ყველას, ვისთანაც ხელი მიუწვდებათ. ასეთი მიდგომით მუშაობს ხელისუფლება. ეს მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ისინი გაყალბებისთვის ემზადებიან“, - ამბობს დოლბაია.

„ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა ბერაია საბიუჯეტო თანხების არასწორად გადანაწილებაზე და ამით ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაზე საუბრობს: „ჩემი აზრით, არაპრიორიტეტულად გადანაწილდა თანხები. კორპუსების ეზოების კეთილმოწყობისთვის უნდა დახარჯულიყო თანხები და არა ფასადების შესაღებად. ორივე გასაკეთებელია, მაგრამ პრიორიტეტს უნდა მიექცეს ყურადღება. ფასადების შეღებვა პირდაპირ ემსახურება ამომრჩევლის მოსყიდვას. ყველაფერი ეს ამომრჩევლის გულის მოგებაზეა ორიენტირებული. ხარჯების გაზრდით მეტი ფოთელის მომადლიერებას ცდილობენ. ადგილობრივი ხელისუფლება გამიჯნული უნდა იყოს პარტიისგან, მაგრამ ხშირად ერთად მოქმედებენ და ზღვარი არ არსებობს“.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს და ოპოზიციის ბრალდებებს ჩვეულებისამებრ უარყოფენ. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი სულხან თოლორდავა თვლის, რომ  ოპოზიციის კრიტიკა საფუძველს მოკლებულია. 

Humanrights.ge-სთან საუბრისას მან განაცხადა, რომ მიმდინარე სამუშაოებისთვის თანხები პრეზიდენტის ფონდიდან და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო და ეს თანხა მხოლოდ ივლისისათვის 5 მილიონს შეადგენს. იგი კატეგორიულად უარყოფს, ამ თანხების რაიმე კავშირი არჩევნებთან: „ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა.  დახმარებები და სოციალური პროგრამები მანამდეც იყო, ახლაც გრძელდება და გაგრძელდება მომავალშიც. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხები ხან წლის დასაწყისში, ხანაც წლის ბოლოს გამოიყოფა მიმდინარე სამუშაოებისთვის. პრიორიტეტებზე კეთდება აქცენტები და სამომავლოდაც ასე იქნება“.  

ახალი ამბები