პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციამ შესაძლოა, სასამართლოს მიმართოს. მიზეზი ქუთაისის სხვადასხვა უბნებში დაფიქსირებული მისამართებია, რომლებიც რეალურად არ არსებობს.
„ბინები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, სინამდვილეში არ არსებობს. რამდენჯერმე მივმართეთ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას, რომ ეს არარსებული ბინები სიიდან ამოეღო, მაგრამ არ გააკეთეს. თქვეს, რომ ბინები რეალურად არსებობს და იქ ხალხი ცხოვრობს. გამოვითხოვეთ საარჩევნო უბნების საზღვრები და მასში შემავალი ბინები (მთელი ქალაქის მასშტაბით). რა თქმა უნდა, გაირკვა, რომ კონკრეტულ მისამართზე (მაგალითად, სულხან-საბას #10 ა) არათუ ამომრჩეველი არ ცხოვრობს, მისამართი საერთოდ არ არსებობს. მივწერეთ ამის შესახებ საოლქო კომისიას. იქ კი ჯიუტად გაიძახიან, რომ აღნიშნულ მისამართებზე ხალხი ცხოვრობს“, - ამბობს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელძღვანელი გოგი წულაია.
მისივე განმარტებით, საარჩევნო უბნებში არაერთი ობიექტია შეტანილი, რომელშიც ამომრჩეველი არ ცხოვრობს. მეტიც, ერთ-ერთ მისამართზე მეტალოპლასტმასის საამქროა განთავსებული.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ „თავისუფალი საქართველოს“ ბრალდება უსაფუძვლოა და ყველა დასახელებულ მისამართზე საცხოვრებელი ფართები და კონკრეტული ამომრჩეველი ფიქსირება.
„თავისუფალი საქართველოს“ ადგილობრივი წარმომადგენლობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი