კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური რეპრესიები სამტრედიაში

20 აგვისტო, 2012

მარი ტაბიძე, სამტრედია

19 აგვისტოს დილის 11 საათზე სამტრედიის რაიონული განყოფილების პოლიციის თანამშრომლებმა 22 წლის სერგო კიღურაძე დააკავეს. კიღურაძე მოძრაობა „შვიდი ნოემბრის“ წევრია. ამჟამად იგი კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და კოალიცია „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახი კალაძის წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული.

სერგო კოღურაძე 2003-2008 წლების საქართველოს ჩემპიონია თავისუფალი სტილისა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

კიღურაძის დაკავება სამტრედიაში ბიძის და ბიცოლას სახლში მოხდა. პოლიციამ დაკავების დროს ფიზიკური ძალა გამოიყენა, რასაც სერგო კოღურაძის ოჯახის წევრების ცემაც ახლდა თან.

„აივანზე ვიჯექით. უცებ, ჭიშკარი გაიღო და ეზო პოლიციელებით გაივსო. დაახლოებით 30 პოლიციელი იქნებოდა. ამოცვივდნენ აივანზე. მე ვკითხე - რატომ იყვნენ მოსულები, რა უნდოდათ. მათ კი არაფერი გვითხრეს, სტაცეს ჩემს ძმიშვილს ხელი და მიყავდათ. მე ვუთხარი, ჩემი ხელით  მოგიყვანთ, ოღონდ მითხარით, რა დანაშაული აქვს და რატომ მიგყავთ-მეთქი. პასუხი არ გაგვცეს, ისე გადმოგვყარეს კიბეებიდან. ჩემმა მეუღლემ წინააღმდეგობა გაუწია და სცემეს. მე მანქანის ქვეშ შემაგდეს და ერთმანეთს ეძახდნენ - გადაუარე, რას ელოდებიო. მხეცებივით მოგვექცნენ. ეს იმიტომ გააკეთეს რომ ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს და სამტრედიაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ვართ.  აი, ასეთ დღეშია საქართველო და ასეთ დღეში ვართ ჩვენ ქართველები“, - აცხადებს humanrights.ge-სთან საუბრისას სერგო კიღურაძის ბიძა შოთა კიღურაძე.

სამტრედიის პოლიციაში კიღურაძის მიყვანის შემდეგ, პოლიციის შენობასთან მალევე გამოჩნდნენ კიღურაძის ახლობლები. ისინი მის დაკავებას აპროტესტებდნენ.  აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ დამატებით სერგო კიღურაძის ბიძაშვილი, თემურ კიღურაძეც დააკავეს.

სერგო და თემურ კიღურაძეებს სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ იმავე დღეს 80-80 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

სამტრედიაში პოლიციის შენობასთან იყო „სამოქალაქო ფრონტის“ ხელმძღვანელი ჯაბა ჯიშკარიანი. „ეს არის ამ ხელისუფლების მიერ ნაქები სამართალდამცავი სტრუქტურა. სამოქალაქო საზოგადოება ამას არასოდეს შევეგუებით. ჩვენს ქვეყანაში სიკვდილის ბრიგადები ადამიანებს ართმევენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. ფაქტია, რომ ნაცემია ოჯახის წევრები პოლიციელების მხრიდან და ჩვენ სწორედ ასეთ პოლიციურ სახელმწიფოს ვებრძვით“, - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

დღის მეორე ნახევარში სამტრედიაში სამართალდამცველების მიერ დაზარალებული  კოღურაძის ბიცოლა მაია ახობაძე ქუთაისის სამხარეო კლინიკურ სავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ყბა-სახის ქირურგი ალეკო ბიბიჩაძე ამბობს: „ქალბატონს აღენიშნება ყბა-სახის დაზიანებები, კერძოდ - ნიკაპის მიდამოში აქვს კბილები დაზიანებული და საჭიროებს შესაბამის მკურნალობას“.

ექიმების თქმით, მაია ახობაძეს ტვინის შერყევაც აქვს მიღებული, რასაც დამატებით მკურნალობა ესაჭიროება. ასევე, ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულს ამ დაზიანებებიდან გამომდინარე, გადაუდებელი სტაციონალური მკურნალობა სჭირდებოდა და ამ მიზნით იგი საავადმყოფოში დააწვინეს.

კახა კალაძე მისი შტაბის წევრების, სერგო და თემურ კიღურაძეების დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. როგორც კალაძემ 2- აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებას სამტრედიაში მობილიზებული ჰყავს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის და სროლის ფედერაციის პრეზიდენტის გია უდესიანის ათკაციანი ზონდერბრიგადა.

„ეს ადამიანები ცდილობენ, მოსახლეობასთან ჩემი შეხვედრები ჩაშალონ, თუმცა ადგილობრივები მათ უპირისპირდებიან. მომხდარი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი კრიმინალი ხელისუფლება „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიმართ ძალადობას და რეპრესიებს ახორციელებს. ეს არის შეშინებული ხელისუფლების ნამდვილი სახე“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ „კიღურაძეების დაკავების ამსახველი ვიდეომასალა უწყებათაშორის კომისიას უკვე გადაეცა და აღნიშნული უკვე ხვალ, საქართველოში აკრტედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს გადაეცემა“.

კალაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა ვიდეომასალა, რომელიც სერგო კიღურაძის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრეა გადაღებული. ვიდეომასალაში ასახულია, როგორ მიდის ლადო ვარძელაშვილი სამტრედიის სპორტულ დარბაზში და როგორ ჰპირდება სპორტსმენებს სპორტული დარბაზის რეკონსტრუქციას.  ამის შემდეგ მოჭიდავე სერგო კიღურაძე აცხადებს, რომ ვარძელაშვილის ეს დაპირება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.  კალაძის თქმით, წორედ ეს კომენტარი გახდა კიღურაძის დაკავების მიზეზი. მისივე თქმით, ვარძელაშვილის გააქტიურება სამტრედიაში უკვე 10 დღეა შეინიშნება.

„სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი სამტრედიაში რამდენიმე დღით, სპორტული ღონისძიებებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო იმყოფებოდა“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაურმა განუცხადა.

„მთელ საქართველოში გვაქვს მასშტაბური რეგიონალური პირველობები და ინფრასტრუქტურული პროექტები. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები (ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია, ორი საჭიდაო დარბაზის კაპიტალური რემონტი და საფეხბურთო მინიმოედნების მოწყობა) ხორციელდება სამტრედიაში. ასე რომ, მიზეზი ნათელია, თუ რატომ იმყოფებოდა მინისტრის სამტრედიაში რამდენიმე დღით. სამტრედიის გარდა, ჩვენ დასავლეთ საქართველოს ძალიან ბევრ რაიონში ვიყავით. ასე რომ, კალაძის სიზმრებზე ჩვენ კომენტარს არ გავაკეთებთ. ყველამ თავის კამპანიას მიხედოს, კახი კალაძე ტყუილად ნერვიულობს“, - განაცხადა ნამგალაურმა.

რაც შეეხება გია უდესიანს, ნამგალაურის თქმით, ის სამტრედიაში საერთოდ არ იმყოფებოდა:
„რატომ უნდა ყოფილიყო სამტრედიაში, მე ვერ ვხვდები. თუ ვინმე ადასტურებს ამას, კარგი იქნება, თუ ფოტოს ან ვიდეოს მაინც თუ დადებს“.

ახალი ამბები