კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მცხეთა – მთიანეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N1

22 აგვისტო, 2012

1–დან 10 აგვისტოს ჩათვლით, მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონში დააფიქსირა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1, სამსახურიდან გათავისუფლების 7, ზეწოლის 3, საქმიანობაში ხელშეშლის 3 ფაქტი, ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები.

ამომრჩევლის მოსყიდვა

სასურსათო პაკეტების დარიგება თიანეთში – თიანეთის რაიონის სოფლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასურსათო პაკეტები დაარიგეს. პაკეტები, რომლებიც მხოლოდ სტიქიით დაზარალებულებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი, იმ მოქალაქეებმაც მიიღეს, რომლებიც სტიქიის შედეგად არ დაზარალებულან. პაკეტში 2 ტომარა ფქვილი, 3 ლიტრი ზეთი და 10 კილოგრამი შაქარი შედის. როგორც მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს თიანეთის რაიონის სოფელ ორხევში მცხოვრებმა ერთ–ერთმა მოქალაქემ განუცხადა, სოფელში, სადაც 200–მდე ოჯახი ცხოვრობს, სტიქიის შედეგად მხოლოდ 12 ოჯახი დაზარალდა, სასურსათო პაკეტი კი თითქმის ყველა ოჯახმა მიიღო. „ჩემი ოჯახი არ დაზარალებულა, მაგრამ ფქვილი, ზეთი და შაქარი ჩვენც მოგვცეს. პროდუქტები თითქმის ყველა ოჯახს მისცეს. ძალიან გამიხარდა და თან გამიკვირდა. უარი არავის უთქვამს. პროდუქტები ყველამ აიღო,“ – აღნიშნა ერთ–ერთმა მოქალაქემ. „სეტყვისა და ქარის გამო არც სოფელი ჟებოტა დაზარალებულა, მაგრამ პროდუქტები აქაც დაარიგეს. თუმცა, სასურსათო პაკეტები ყველა ოჯახისთვის არ დაურიგებიათ. პროდუქტები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს არ მისცეს,“ – უთხრა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ჟებოტას მცხოვრებმა. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სურსათის შესაძენად თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. სასურსათო პაკეტებს სოფლებში გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები არიგებენ, რომლებიც ამავე დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის ირინე ურუშაძის განმარტებით, „თუ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარებას პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიგებენ და დახმარების მიმღებთა შორის არიან ისეთი მოქალაქეებიც, რომლებიც სტიქიის შედეგად არ დაზარალებულან, საქმე გვაქვს ამომრჩეველთა მოსყიდვასთან. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარი ფაქტობრივად არ არსებობს. თუ დახმარების მიმღებ მოქალაქეებს არჩევენ პოლიტიკური ნიშნით, ეს არის წინასაარჩევნო ქმედება. აქედან გამომდინარე, ეს არის ამომრჩეველთა მოსყიდვა“.
http://www.youtube.com/watchv=tz4d7a1JhX8&feature=player_embedded

ხელშეშლა

წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლა / ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა და საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, 9 აგვისტოს, „ქართული ოცნების“ დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ტრიპოლსკის დუშეთში, ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრა ჩაუშალეს. სააგენტო „ინფო9“ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ შეხვედრაზე საჯარო მოხელეები ორგანიზებულად მივიდნენ. შეხვედრის ჩაშლაში მონაწილეობდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები ირმა ჯანგირაშვილი და მარინა მთიულიშვილი; სოფელ ოძისის რწმუნებულის მეუღლე, ოძისის საჯარო სკოლის დირექტორი სოფიო გაბრიელაშვილი; დუშეთის სკოლა – პანსიონის დირექტორი დარეჯან თომაძე; სპორტული სკოლის დირექტორი ნიკო ჯიქურაული; სოფელ მჭადიჯვრის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი მედეა არათანაშვილი; შეხვედრის ჩაშლაში ასევე მონაწილეობდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ შაღაშვილის დედა მაგული შაღაშვილი; დუშეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შალვა ინაშვილის სიდედრი ლუდა დუდაური და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის წევრი თინა საღირაშვილი. ერთ–ერთ მათგანს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო მაისურიც ეცვა. „წადი, წადი, წადი“... „გაუმარჯოს ზურაბ ოტიაშვილს“ – სკანდირებდნენ საჯარო მოხელეები. გამგეობის თანამშრომლებს თან სხვა პირებიც ახლდნენ, მათ შორის აგვისტოს ომში გარდაცვლილი ერთ–ერთი ახალგაზრდის დედაც. შეხვედრის ჩაშლის შემდეგ გამგეობის თანამშრომლებსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობასაც. მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესო შაღაშვილმა განუცხადა, რომ 6 საათის შემდეგ გამგეობის თანამშრომლები სადაც უნდათ იქ წავლენ. მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, ამომრჩეველთან ირაკლი ტრიპოლსკის შეხვედრის ჩაშლის შესახებ დავალება გამგეობის თანამშრომლებმა და სხვა საჯარო მოსამსახურეებმა ზურაბ ოტიაშვილისგან მიიღეს. ზურაბ ოტიაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საპარლამენტო არჩევნებში კენჭს დუშეთის მუნიციპალიტეტში იყრის. მისი წარდგენა ოფიციალურად ჯერ არ მომხდარა. დარეჯან თომაძე, ნიკო ჯიქურაული, სოფიო გაბრიელაშვილი და ირმა ჯანგირაშვილი მისი მეგობრები არიან. ზურაბ ოტიაშვილმა განაცხადა, რომ განმარტების გაკეთება საჭიროდ არ მიაჩნია.
http://www.youtube.com/watchfeature=player_embedded&v=1B7nBDst59A

ხელშეშლა ჟურნალისტურ საქმიანობაში თიანეთში  – 8 აგვისტოს, მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თიანეთში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „მეცხრე არხის“ ჟურნალისტისთვის კამერის წართმევა სცადეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თიანეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ყოფილი გამგებელი გიორგი აბაშვილია. „გამგებლის ან მისი რომელიმე მოადგილის კომენტარი უნდა ჩაგვეწერა. დაცვამ შენობაში არ შეგვიშვა. გვითხრეს, რომ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელიც და მისი მოადგილეებიც გამგეობაში არ იმყოფებოდნენ და ყველა მათგანი ხვალინდელი „თიანეთობა 2012“–ის საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად თიანეთის კულტურისა და დასვენების პარკში იმყოფებოდა. კულტურისა და დასვენების პარკში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების გარდა არავინ დაგვხვდა. მათ გვითხრეს, რომ თიანეთის ყოფილი გამგებელი გიორგი აბაშვილი და გამგებლის მოადგილეები პარკიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ორგანიზაციაში წავიდნენ. ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივედით.  ოფისში არ შეგვიშვეს. გიორგი აბაშვილს ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ჩვენს სატელეფონო ზარებს არც თიანეთის გამგებლის მოადგილე პასუხობდა. მათთან შეხვედრას და კომენტარის ჩაწერას რომ ვითხოვდი, ამ დროს კამერა იწერდა. „ნაციონალური მოძრაობის“ თიანეთის ორგანიზაციის წევრები რომ მიხვდნენ, რომ კამერა ჩართული იყო და კადრებს ვიღებდით, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, შემდეგ კი კამერის წართმევა სცადეს,“  – განუცხადა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ტელეკომპანია „მე–9 არხის“ ჟურნალისტმა თამარ ილურიძემ. ტელეკომპანია „მე–9 არხის“ გადამღები ჯგუფი არც თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შეუშვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ოფისსა და გამგეობაში განმარტება არ გააკეთეს.

„ქართული ოცნების“ პლაკატების დაზიანება –  7 აგვისტოს, მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყაზბეგში კოალიცია „ქართული ოცნების“ საინფორმაციო პლაკატებს წითელი საღებავით „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ციფრი 5 გადააწერეს. როგორც მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ ყაზბეგის შტაბის წარმომადგენელმა ნონა სუჯაშვილმა განუცხადა, მათ პლაკატებს 5–იანი ყაზბეგის გამგეობის დაცვის სამსახურის უფროსმა გია ხუციშვილმა გადააწერა. „საინფორმაციო პლაკატები, რომლითაც მოსახლეობას „ქართული ოცნების“ აქციაზე მცხეთაში ვეპატიჟებოდით, ძალიან დიდი რაოდენობით, მთელი რაიონის მასშტაბით, დარიალიდან კობამდე, ყველა ელექტრობოძზე გავაკარით. გამგეობის დაცვის უფროსმა გია ხუციშვილმა კი დაიარა და თითქმის ყველა პლაკატზე წითლად 5–იანი გადააწერა. არც მალავს, რომ ეს მან გააკეთა, ჩვენს აქტივისტებს უთხრა, რომ თვითონ გადააწერა ჩვენს პლაკატებს ხუთიანი,“ – განაცხადა ნონა სუჯაშვილმა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, გია ხუციშვილისგან განმარტების მიღება ვერ მოხერხდა.

სამსახურიდან გათავისუფლება

ჯაბა გომიაშვილი – გუდაურში, მაშველის პოზიციიდან გაათავისუფლეს ჯაბა გომიაშვილი, რომელიც 2012 წლის 1 ივლისს, სტეფანწმინდის შესასვლელთან ბიძინა ივანიშვილს ცხენით დახვდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი მყინვარწვერზეც „ქართული ოცნების“ დროშა აიტანა. ეს ინფორმაცია მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ ყაზბეგის შტაბის უფროსის მოადგილემ ნონა სუჯაშვილმა მიაწოდა.

გიორგი წამალიძე – სასტუმრო „რუმს ყაზბეგიდან“ გაათავისუფლეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გიორგი წამალაიძე. „თბილისში რომ წახვედი, წესდება დაარღვიეო. რა წესდება დავარღვიე, ვერ მივხვდი“, – ამბობს გიორგი წამალიძე. „რუმს ყაზბეგის“ ადმინისტრაციაში კომენტარი არ გააკეთეს.

სხვადასხვა – „ქართული ოცნების“ ყაზბეგის შტაბის უფროსის მოადგილის ნონა სუჯაშვილის განცხადებით, განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო დაატოვებინეს სამსახური ყაზბეგის საავადმყოფოს ექთანს, დიანა ავსაჯანიშვილსაც.

მისივე თქმით, მეუღლის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ღიად გამოთქმული უკმაყოფილობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი ციცია ქაწაშვილი. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ღუდუშაურის განცხადებით, გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა ციცია ქაწაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. „ერთი კვირის წინ დაწერა განცხადება, ბიზნესი აქვთ და წავიდა სამსახურიდან. ზოგიერთები ახალი ხელმძღვანელების დავალებებს ვერ ასრულებენ, მოხუც ხალხს სათანადოდ ვერ ეპყრობიან. რამდენი ვინმე წავა, ხომ არ შეიძლება ყველაფერი ოპოზიციას დავუკავშიროთ?“,– განაცხადა ყაზბეგის გამგებელმა.

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გამო სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადებები დააწერინეს „ლიბერთი ბანკის“ ყაზბეგის ფილიალის რამდენიმე თანამშრომელს, მათ შორის ბანკის ხელმძღვანელს, ნინო ქუშაშვილს. გვაქვს ინფორმაცია, რომ „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელობას სამსახურიდან მათი გათავისუფლება მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა მოსთხოვა. ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე საგანგებო კონტროლს ახორციელებს საპატრულო პოლიციაც. სოლიდური ჯარიმებით მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს აჯარიმებენ,“ – ეს ინფორმაციაც მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ ყაზბეგის შტაბიდან აცნობეს. „ლიბერთი ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დოდო ბოჭორიშვილმა პოლიტიკური ნიშნით ბანკის ყაზბეგის ფილიალიდან თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტი კატეგოტიულად უარყო.
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=tQVwMYww8dY

ზეწოლა, დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით

თიანეთის გამგებელმა თანმხლებ პირებს შეკრების ადგილიდან უკმაყოფილო მოქალაქის გაყვანა მოსთხოვა – თიანეთის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილმა გამგებელმა გიორგი აბაშვილმა თანმხლებ პირებს, სოფელ ზარიძეებში, შეკრების ადგილიდან უკმაყოფილო მოქალაქის გაყვანა მოსთხოვა. სოფელ ზარიძეებში წინასაარჩევნო შეხვედრას მცხეთა – მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი და თიანეთის გამგებელი მართავდნენ. ერთ–ერთი ქალბატონი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ უკმაყოფილებას არ მალავდა და მათ უყურადღებობაში ადანაშაულებდა. თიანეთის გამგებელმა შეკრების ადგილიდან მისი გაყვანა ამიტომ მოითხოვა. ამავე შეხხვედრაზე გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა პროოპოზიციური სააგენტო „ინფო9“–ის გადამღებ ჯგუფს „ტენდენციურები“ და „ხალხის მოსისხლე მტრები“ უწოდა. „თქვენ ხართ ძაან ტენდენციური ხალხი და აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ მხოლოდდამხოლოდ გვერდიდან იდგეთ და ნახოთ ჩემი ხალხთან შეხვედრა. თქვენა ხართ, ხმამაღლა გეუბნებით, აემ ხალხის თვალწინ, მთელი თქვენი ჯგუფი არის ამ ხალხის მტერი, მოსისხლე მტერი“, – განაცხადა გუბერნატორმა.

მოსახლეობის ხატზე დაფიცების მოთხოვნა „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ – 3 აგვისტოს, მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფშავში ხევისბერებს სთხოვეს, მოსახლეობა ხატზე დააფიცონ, რომ ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემენ. ერთ–ერთი ხევისბერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მას სახლში მიაკითხეს. „2008 წლის შემდეგ არავის მოუკითხებია. ახლა ხატობებია, ფშავში ბევრი ხალხია ამოსული. მათ შორის იყვნენ ისინიც, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვართო. სახლში მოვიდნენ და მკითხეს, რა პრობლემებია სოფელში და რას ვითხოვდით ხელისუფლებიდან. გამიკვირდა, ვინმემ რაღაც რომ იკითხა იმიტომ, რომ აქ ძალიან ცოტა ხალხიღა ცხოვრობს. პრობლემებზე მეტი რა არის მეთქი. დაპირებით არაფერი უთქვამთ. მთხოვეს, რომ მოხსენების დროს ხალხს ვურჩიო, ავუხსნა და მერე ხატზე დავაფიცო, რომ ხმა ნაციონალებს მისცენ. მე ამას ვერ ვიზამ, არასწორია“, – აღნიშნა ხევისბერმა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იგივე თხოვნით, სხვა ხევისბერებთანაც მივიდნენ. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემის პირობით ხატზე დაფიცების ფაქტი აქამდე სვანეთში დაფიქსირდა, ცოტა ხნის წინ კი, დმანისში მცხოვრებ მუსლიმებს ყურანზე დაფიცება მოსთხოვეს.

დახმარება ჭოპორტში პოლიტიკური ნიშნით – დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას 2 ტომარა ფქვილი, 3 ლიტრი ზეთი და 10 კილოგრამი შაქარი დაურიგეს. დაზარალებულებს, რომლებიც კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მხარს ღიად უჭერენ, სასურსათო დახმარება არ მისცეს. „სეტყვამ ყანა გაგვინადგურა. ხორბალი უკვე ასაღებად მზად იყო, მაგრამ ერთი მარცვალიც ვერ ავიღეთ.  ჩვენთან ერთად იმავე ადგილზე კიდევ რამდენიმე ადამიანი დაზარალდა.  სასურსათო დახმარება მათ მისცეს. იმის გამო, რომ ჩემი მეუღლე, თამაზ ჭინჭარაული „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, პროდუქტები ჩვენ არ მოგვცეს,“ – უთხრა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ჭოპორტში მცხოვრებმა მაია ჭინჭარაულმა. მისი თქმით, ჭოპორტში პოლიტიკური ნიშნით კიდევ რამდენიმე ადამიანი გამოარჩიეს. „ყველამ იცოდა, რომ სეტყვამ ზარალი მეც მომაყენა. ვენახი გაგვიფუჭდა. მიუხედავად იმისა, რომ სამი შვილის დედა ვარ და თან მეორე ჯგუფის ინვალიდი, დახმარება არ მომცეს. როცა ვიკითხე, მე რატომ არ მომცეს დახმარება, მითხრეს განაცხადით არ მოგიმართავთო. ზუსტად ვიცი, რომ განაცხადით არც იმ ადამიანებს მიუმართავთ, რომლებსაც პროდუქტები მისცეს. სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს თვითონ ითვლიდნენ და აღწერდნენ და მიმართვა არც უნდა ყოფილიყო საჭირო. რომ ვიკითხე, იმის გამო ხომ არ ვისჯები, რომ „ქართული ოცნების“ აქციაზე ვიყავი და კოალიციის მხარდამჭერი მყავს სახლში მეთქი, მითხრეს არც უმაგისობაა,  რომ შეგიფარებია ის შენი ნათესავი, აბა რას ფიქრობდიო. ჩემთან ცხოვრობს ჩემი ბიძაშვილი, ხვიჩა იარაჯული, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრი და აქტიური მხარდამჭერია. მცხეთაში, აქციაზე მეც ვიყავი. სასურსათო დახმარება ზუსტად იმ ადამიანებს არ მისცეს, რომლებიც პირველ ივლისს, მცხეთაში „ქართული ოცნების“ აქციაზე იმყოფებოდნენ,“– განუცხადა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს მარინე ბუჩუკურმა. მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ცარო საძაგლიშვილმა განმარტა: „ჭოპორტის მოსახლეობის ნაწილი სტიქიის შედეგად მართლაც დაზარალდა. დახმარება ყველა მათგანმა მიიღო. იმ ადამიანების დიდი ნაწილი, ვისაც პროდუქტები გადავეცით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. ჩვენ პოლიტიკური ნიშნით არავის ვირჩევთ. თუ ვიღაცას წამებულის იმიჯის მორგება უნდა, ეგ სხვა საკითხია“. მოსახლეობის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სასურსათო პაკეტებს იმ შენობაში არიგებენ, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამჟამად შტაბად იყენებს.

მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი წინასაარჩევნო დაიჯესტს 1 ოქტომბრამდე, ყოველ შაბათს გამოაქვეყნებს.
დაიჯესტზე პასუხისმგებელი პირი გელა მთივლიშვილი:
Mtivlishvili@gmail.com  ტელ: 599 34 34 77

ახალი ამბები