კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლანჩხუთში სააკაშვილის ყოფილი მოწინააღმდეგე იქნება

23 აგვისტო, 2012
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

22 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სტუმრობდა. სტუმრობის მთავარი მიზანი ლანჩხუთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარის დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა იყო. 

ამომრჩევლების საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ სტუმრებიც გამოჩნდნენ - დავით ბაქრაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი, ვიცე–გუბერნატორი ლელა თავართქილაძე, ლანჩხუთის გამგებელი გიორგი გოგუაძე და საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე.

მთავრობისა და ადგილობრივი ადმინისტრაციების  წევრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აგიტაცია-პროპაგანდაში აქტიურად მონაწილეობენ. ამის უფლებას მას ქართული კანონმდებლობაც აძლევს.  

დავით ბაქრაძემ ამომრჩევლებთან შეხვედრისას მოკლედ მიმოიხილა ქვეყანაში არსებული სიტუაცია და აღნიშნა, რომ „რვა წლის წინ საქართველო იყო დაშლილი და ახლა ქვეყანა ახალ რელსებზე გადავიდა. ლოზუნგი - „მეტი სარგებელი ხალხს!“ მხოლოდ ლოზუნგი არაა. ეს ასეც უნდა იყოს და ჩვენ ამას გავაკეთებთ. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება კი არ იქნება, არამედ - საქართველოს გამარჯვება“.

სიტყვის დასასრულს ბაქრაძემ შეკრებილებს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატად ლანჩხუთის აწ უკვე ყოფილი გამგებელი გიორგი გოგუაძე წარუდგინა და დასძინა: „მე იმედი მაქვს, რომ გია კიდევ უფრო მეტ საქმეს გააკეთებს ლანჩხუთისთვის. ვუსურვებ მას, რომ ოთხი წლის მერე მისი სახელის გაგონებას ოვაციით შეხვდეთ“.

„ლანჩხუთი იქნება იქ, სადაც არის ჩვენი ქვეყანა. ეს ახალგაზრდები იქნებიან იქ, სადაც ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ. ლანჩხუთი ჩვენია, ბატონო დავით“, - თავის მხრივ აღნიშნა გოგუაძემ.

გიორგი გოგუაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლად 2008 წლის 3 აპრილიდან მუშაობს. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ის საკრებულომ ხელმეორედ აირჩია მუნიციპალიტეტის გამგებლად. 

გიორგი გოგუაძის ბიოგრაფიიდან მნიშვნელოვანია ერთი ეპიზოდი: 2003 წელს, ჯერ კიდევ ოპოზიციონერი მიხეილ სააკაშვილი თანაგუნდელებთან ერთად ლანჩხუთის რაიონს ესტუმრა. მაშინ იგი ახალჩამოყალიბებული „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ აქტივისტებს ყოფილი ჩაის ფაბრიკის კლუბში შეხვდა. შეხვედრას ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გიორგი გოგუაძემ ოპოზიციონერ სააკაშვილს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე ადამიანი დაახვედრა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გოგუაძემ მაშინ სააკაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა - შევარდნაძის მშობლიურ მხარეში რას მოდიოდიო. 

მიუხედავად ამისა, გიორგი გოგუაძე ამჟამად მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილის ფავორიტია და თან იმდენად, რომ უკვე „ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

მოსწონთ თუ არა ნაციონალების კანდიდატი? ამ კითხვით მივმართეთ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ვინაობის დასახელებას არ მოერიდნენ:

ნაირა კუკულაძე: „რატომ უნდა მომწონდეს გოგუაძე? ფერმა მქონდა, წამართვეს და ვიღაცას მისცეს. ახლა ვერც კი შევფრინდები. შენობა–ნაგებობა გაფორმებული მაქვს, ყველა დოკუმენტი მაქვს, რომ ფერმა ჩემი საკუთრებაა, მაგრამ რად გინდა?! არ დავუჭერ მხარს ნაციონალურ მოძრაობას და არც მათ კანდიდატს“.

შოთა ფირცხალაიშვილი: „არა, არ მომწონს ეს კანდიდატი. ჯერ ერთი, არ მომწონს იმიტომ, რომ სულითა და გულით კომკავშირელია, არ მომწონს იმიტომ, რომ ყვარყვარეა - დღეს რომ ფეხებს ურტყამ, ხვალ იმ კაცის გვერდით არ უნდა იყო“.

Humanright.ge დაინტერესდა, ვინ შეასრულებს გამგებლის მოვალეობას ამის შემდეგ.
გამგებლის მოადგილემ კახა ასკურავამ ამ საკითხის კომენტირებისას გვითხრა: „ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი მოვალეობა - პირველ ოქტომბერს მოვიგოთ არჩევნები“.

გამგებლის კიდევ ერთმა მოადგილემ ნუგზარ ღლონტიმა კი აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არაფერია გარკვეული და ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე გადაწყდება.

ახალი ამბები