კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ სამ აქტივისტს ხონის სასამართლომ 70-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

24 აგვისტო, 2012

მარი ტაბიძე, ხონი

21 აგვისტოს ხონის პოლიციამ „ქართული ოცნების“ ხონის ორგანიზაციის ორი აქტივისტი დააკავა. სოსო სულავას და კობა კუბლაშვილს ბრალი რომან ლიპარტელიანის სიტყვიერ შეურაცხყოფაში ედებათ.

რომან ლიპარტელიანი ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო სამსახურში მუშაობს და მას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების კეთილმოწყობა ევალება. როგორც „ქართული ოცნების“ ხონის ოფისში აცხადებენ, ლიპარტელიანი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ზეწოლაში იყო შემჩნეული. ამის გამო სულავა და კუბლაშვილი მასთან სამსახურში მივიდნენ და მიუთითეს, რომ მათ მხარდამჭერებზე ზეწოლა შეეწყვიტა.

ეს ამბავი პარასკევს, 17 აგვისტოს მოხდა. სასამართლო პროცესზე დაზარალებულად ცნობილმა რომან ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ საჩივარი მას არ დაუწერია. თუმცა, ხონის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად თავისუფლების აღკვეთა 70-70 დღით შეუფარდეს.

„სამართლიანი არჩევნების“ ხონის დამკვირვებელი გია გორდაძე humanrights.ge-სთან საუბრისას ამბობს: „დაზარალებული სტატუსით დაკითხული ლიპარტელიანი ამბობდა, რომ საჩივარი მას არ დაუწერია. მისივე თქმით, საჩივარი პოლიციაში დაბარების შემდეგ დაწერა, სადაც პოლიციის მიერ დასმულ კითხვებს გასცა პასუხი. ამის შემდეგ ფაქტია, რომ იგი აიძულეს, ეს გაეკეთებინა. ფაქტია, რომ  კუბლაშვილმა და სულავამ ლიპარტელიანს იმ კანონდარღვევის შესახებ მიუთითეს, რაც მისი მხრიდან ხდებოდა. დაზარალებული ლიპარტელიანი, თუ შეიძლება ის დაზარალებულად ჩაითვალოს, სასამართლოზე მხოლოდ ხმამაღალი საუბრის ფაქტს ადასტურებს, რასაც ორივე მოწმე ეთანხმებოდა. ასევე ლიპარტელიანი და მოწმეები ამბობენ, რომ შეურაცხმყოფელი სიტყვები დაკავებულებს ლიპარტელიანის მისამართით არ უთქვამთ. ვფიქრობ, დაკავებულებს 70-დღიანი პატიმრობა არ ეკუთვნოდათ, მეტიც - ისინი სასამართლო დარბაზიდან უნდა გაეთავისუფლებინათ“.

„სასამართლოზე მოწმეების და დაზარალებულის მხრიდან ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ ეს არ იყო ადმინისტრაციული დარღვევა და ხულიგნობის ფაქტი არ იკვეთებოდა. თუმცა, ფაქტია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება დაკვეთით მიიღო. სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რომელიც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს, რაც საზოგადოებისადმი უპატივცემულობას ნიშნავს. სასამართლომ ამ შემთხვევაში, მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. მოწმის და დაზარალებულის ჩვენებებიდან გამომდინარე, მოსამართლეს შეეძლო, მაქსიმალურად ჯარიმა - 100-100 ლარის ოდენობით დაეკისრებინა, თუკი სასამართლო ზოგადად დაუშვებდა, რომ ეს იყო სამართალდარღვევა“, - აცხადებს სოსოს სულავას ადვოკატი სოფიო გრძელიშვილი, რომელიც დაკავებულებისთვის დაკისრებულ ადმინისტრაციულ სასჯელს არაადეკვატურად და არაპროპორციულად მიიჩნევს.

კობა კუბლაშვილის ადვოკატი ნოდარ კვიციანი თვლის რომ, სამართალდარღვევა პოლიციელების მხრიდანაც დაფიქსირდა, როცა ადვოკატებს არ მიეცათ დაკავებულებთან საკანში შესვლის საშუალება და ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატების უნახავად გადაიყვანეს. ხოლო რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ნოდარ კვიციანი ამბობს: „სასამართლო ვალდებული იყო, დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაენთავისუდფლებინა, მას შემდეგ, რაც მოწმეთა ჩვენებები მოისმინა. თუმცა, სასამართლომ დანაშაულად და შეურაცხყოფად ჩათვალა ის, რომ კუბლაშვილი და სულავა მოუწოდებდნენ ლიპარტელიანს, არ გაეგრძელებინა უკანონო საქმიანობა. აქ სამართალდარღვევის ფაქტები არ იკვეთებოდა და სასამართლო ვალდებული იყო, სამართალწარმოება შეეწყვიტა“.

რომან ლიპარტელიანმა და მოწმეებმა მედიასთან კომენტარისგან თავი შეიკავეს.

„ქართული ოცნების“ ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა სანოძე აცხადებს: „ეს არის ჩვეულებრივი პილიტიკური ზეწოლა და დაკვეთა, რასაც მიმართავს „ნაციონალური მოძრაობა. ისინი ატერორებენ, აშანტაჟებენ და ღიად ემუქრებიან ხალხს.  ეს ორი ახალგაზრდა იყო საკმაოდ აქტიური. შემართებით მუშაობდნენ და ამ ფორმით ჩამოაშორეს არჩევნებს. ამ ფაქტზე ხონის ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აგებს პასუხს. ეს ყველაფერი ხონის „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში დაიგეგმა“. 

ნიკა სანოძის თქმით, ხელმძღვანელობასთან და ადვოკატებთან კონსულტაციების შემდეგ ხონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა, გაასაჩივრონ.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ 70 -მდე აქტივისტმა ხონის ქუჩებში მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს. პოლიციის შენობასთან მათ კორდონი დახვდათ. ამ დროს პოლიციამ დამატებით „ ქართული ოცნების“ 64 წლის აქტივისტი მიხეილ ბახტაძე დააკავა.

„ქართული ოცნების“ ხონის შტაბის ხელმძღვანელმა ალეკო ვეკუა humanreghts.ge-სთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ აქციის დროს პოლიციელები სხვა აქტივისტების დაკავებასაც შეეცადნენ, მაგრამ ვერ შეძლეს.

ახალი ამბები