კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეუთოს კომისარი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას ქართული სოფლების სრული განადგურება

24 აგვისტო, 2012

სივილ ჯორჯია

ეუთოს უმაღლესმა კომისარმა ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკმა მოუწოდა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობას განმარტოს განცხადება, სადაც საუბარი იყო რეგიონის ქართულ სოფლებში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდეგ მიტოვებული სახლების ნანგრევებისაგან ტერიტორიის გაწმენდის გეგმებზე.

„ასეთი გეგმები, თუ განხორციელდება, ამოძირკვავს იმ მცირე ნაშთებსაც, რაც სამხრეთ ოსეთში ეთნიკურად ქართული სოფლებიდან არის დარჩენილი“, – განაცხადა ვოლებეკმა 22 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, „სახლები კვლავ ეკუთვნის ამ სოფლების თავდაპირველ მაცხოვრებლებს და ისინი არ უნდა განადგურდეს. საერთაშორისო სამართლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირებს აქვთ უფლება, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და მათ საკუთრების უფლებას პატივი უნდა ეცეს“.

„მოვუწოდებ დე ფაქტო ხელმძღვანელობას და ამ ტერიტორიის მაკონტროლებელ შესაბამის ხელისუფლებას პატივი სცენ დევნილთა საკუთრების უფლებას და შეასრულონ საერთაშორისო სამართლით დაკისრებული მათი ვალდებულებები“, – განაცხადა მან, „განცხადება, რომელიც მოუწოდებს ტრადიციულად ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლების სრული განადგურებისკენ, არის პროვოკაციული ამ არასტაბილურ რეგიონში და თუ ეს რეალურად განხორციელდება, ამით შესაძლოა სამხრეთ ოსეთში ეთნიკური ქართველები საერთოდ აღარ დარჩნენ“.

ვოლებეკმა გააფრთხილა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი კრძალავს მოქალაქეთა და მათი საკუთრების წინააღმდეგ ანგარიშსწორებას.

„გარდა იმისა, რომ პოტენციური კრიმინალური ქმედებაა, ასეთი ნაბიჯი უდავოდ შეუქმნის დაბრკოლებას რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას“, – აღნიშნა მან.

ვოლებეკმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ეწვევა ცხინვალს, რათა ადგილზე შეისწავლოს მდგომარეობა და განიხილოს სიტუაცია დე ფაქტო ხელისუფლებასთან.

2008 წლის აგვისტოს ომამდე ქართული სოფლების მიერ დაკავებული ტერიტორიები, სადაც ამჟამად მხოლოდ ნანგრევები დარჩა, გაიწმინდება და სამრეწველო და სასოფლო–სამეურნეო წარმოებისთვის იქნება გამოყენებული, იტყობინებოდა 14 აგვისტოს რუსული გაზეთი „იზვესტია“ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერის ლეონიდ თიბილობის სიტყვებზე დაყრდნობით.

აგვისტოს ომამდე ცხინვალთან ახლოს, ძირითადად, ჩრდილოეთით, მდებარე რამდენიმე სოფელი საქართველოს მიერ კონტროლირებად ანკლავს ქმნიდა სამხრეთ ოსეთის ფარგლებში. ომის დროს და მისი დასრულებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს სოფლები, მათ შორის თამარაშენი, ზემო აჩაბეთი, ქვემო აჩაბეთი, ქურთა და კეხვი, გაიძარცვა და დაიწვა.  

„ეს ტერიტორიები არ იქნება გამოყენებული საცხოვრებელი ფართის მშენებლობისთვის, ამიტომ ამ [სოფლების] სახელწოდებების შენარჩუნება აუცილებელი არ არის; როგორც დასახლებული პუნქტები ისინი აღარ იარსებებენ“, – წერდა „იზვესტია“ თიბილოვის სიტყვებზე დაყრდნობით.

„მე ვიტყოდი, რომ ის სახლები ჯერ არ აუღიათ, მაგრამ ჩვენ ვგეგმავთ, რომ ის ტერიტორიები, სადაც ეს ნანგრევები არსებობს, იურიდიულად გავაფორმოთ, რათა ხვალ და ზეგ არავის მხრიდან ჩვენს მიმართ კითხვები არ გაჩნდეს“, – განაცხადა მან.

„ამ სოფლების გასუფთავებას დავგეგმავთ. ეს ნანგრევები, რა თქმა უნდა, არც ისე კარგად გამოიყურება. ამ ტერიტორიებზე სამრეწველო სიმძლავრეების განვითარებას ვგეგმავთ“, – იტყობინებოდა გაზეთი „იზვესტია“ სამხრეთ ოსეთის ლიდერის სიტყვებზე დაყრდნობით.

15 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თიბილოვის განცხადება „უკანასკნელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ომის მიმდინარეობისას და ომის შემდეგ გაკეთებული განცხადებების რიგში, სადაც ისინი ღიად აღიარებენ ეთნიკური წმენდის ამოცანას“.

„საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეთნიკური წმენდის, ისევე როგორც მისი შეუქცევადად გადაქცევისათვის გადადგმული ნაბიჯებისთვის, პირდაპირ ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი რჩება რუსეთის სამხედრო ოკუპაციის ქვეშ და მას საოკუპაციო რეჟიმი განაგებს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ და მოუწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ამ დისკუსიებში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციებს „სასწრაფოდ დააყენონ ეს საკითხი“ ოფიციალურ მოსკოვთან კონტაქტებში.

Human Rights Watch-ის  ინფორმაციით მას შემდეგ, რაც ქართულმა ძალებმა 10 აგვისტოს ცხინვალის რეგიონი დატოვეს, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა პირებმა „სამხრეთ ოსეთის ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლების მიზანმიმართული და სისტემატური განადგურების კამპანია“ დაიწყეს.

ფოტო: ცხინვალის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში ეთნიკურად ქართველების განადგურებული სახლები. ეს ფოტო 2010 წლის ნოემბერში, ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარის კნუტ ვოლებეკის ცხინვალის რეგიონში სტუმრობისას არის გადაღებული. ფოტო: ეუთო/კაუპო კანდი

ახალი ამბები