კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მცხეთა – მთიანეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N2

27 აგვისტო, 2012

11–დან 18 აგვისტოს ჩათვლით, მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონში დააფიქსირა დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლის მცდელობისა და ხულიგნობის 1, დაკავების 2, ზეწოლის 4, დოკუმენტის სავარუდო გაყალბების 1 ფაქტი.

ხელშეშლა

ხულიგნობა თიანეთში – თიანეთის რაიონის სოფელ დულუზაურებში ბადურ ფოლადიშვილმა, რომელიც სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტია, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და სააგენტო „ინფო9“–ის ჟურნალისტები უცენზურო სიტყვებით აგინა. ფოლადიშვილი ერთ–ერთ უბანში, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩევლებს უნდა შეხვედროდა, ისეთი სისწრაფით მოძრაობდა, იყო საშიშროება, რომ მანქანა ვინმესთვის დაეჯახებინა. ბადურ ფოლადიშვილი სოფელ დულუზაურებში ორ პირთან ერთად იმყოფებოდა. მისი გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ „ინფო 9“-ის კამერამ დააფიქსირა. „რას მიღებ, გინდა ჩავიხადო და განახო ეხლა მართლა? შე ნაგლო შენა, ახვარო,“ - მიმართა ფოლადიშვილმა „ინფო 9“-ის ჟურნალისტებს. სიტუაცია „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განმუხტა. ქუცნაშვილმა დულუზაურების მაცხოვრებლებს სთხოვა დაესახელებინათ სოფლიდან ისეთი პიროვნება, რომელსაც თვითმმართველობების აღდგენის შემთხვევაში სოფლის მართვას ანდობდნენ. შეხვედრის მიმდინარეობას ფოლადიშვილი ავტომანქანიდან ადევნებდა თვალს და მოსახლეობას შუა თითს უჩვენებდა. „ნაციონალური მოძრაობის“ თიანეთის ორგანიზაციაში უარყვეს, რომ ბადურ ფოლადიშვილი მათი წევრია. საარჩევნო საკითხებში ექსპერტის ნინა ხატისკაცის განცხადებით, თიანეთის რაიონის სოფელ დულუზაურებში მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. ხულიგნობა სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. ხულიგნობა არის ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ვიდეომასალის გავრცელების მიუხედავად, მომხდართან დაკავშირებით თიანეთის პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=zwH3LHkMziQ

დაკავება

არღუნში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დააკავეს – 8 აგვისტოს მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ დუშეთის რაიონის სოფელ არღუნში „ქართული ოცნების“ ორი მხარდამჭერი – ქრისტეფორე და ჯანგულ ჯანგირაშვილები დააკავა. „7 აგვისტოს, შეხვედრა გვქონდა სოფელ არღუნის მოსახლეობასთან. ჩვეულებრივი შეხვედრა იყო. ბევრი ხალხი მოვიდა. როგორც ამ შეხვედრაზე გამოჩნდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას დიდი იმედით ხვდება. სოფლის რწმუნებულმა როგორც ჩანს, იცოდა მოსახლეობის განწყობის შესახებ და ამ შეხვედრის ჩასაშლელად რამდენიმე ქალი მოგვიგზავნა. თუმცა, მათთანაც ვისაუბრეთ. საუბარი ნორმალურ ვითარებაში წარიმართა. ყველა კითხვაზე პასუხი გავეცით. რომ ნახეს, რომ სიტუაცია ვერ არიეს, წყევლა დაიწყეს და ქრისტეფორე და ჯანგულ ჯანგირაშვილებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. არცერთ მათგანს ამ ქალებისთვის პასუხიც კი არ გაუცია. უბრალოდ აღნიშნეს, რომ არჩევნებში ხმას ვისაც უნდათ იმას მისცემენ. ამის შემდეგ შეხვედრა მალე დამთავრდა და წამოვედით. დღეს საღამოს გავიგეთ, რომ ორივე მათგანი დააკავეს“ – განუცხადა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ დუშეთის შტაბის ხელმძღვანელმა თევდორე კარიაულმა. ქრისტეფორე და ჯანგულ ჯანგირაშვილები თავდაპირველად შსს–ს პოლიციის დუშეთის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, თუმცა მალევე ქრისტეფორე ჯანგირაშვილი მცხეთის საავადმყოფოში მოხვდა, სადაც მასთან ადვოკატი თედო კობახიძე არ შეუშვეს. 9 აგვისტოს, 65 წლის ქრისტეფორე ჯანგირაშვილს მცხეთის სასამართლომ 100–ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ ჯანგულ ჯანგირაშვილს კი 7–დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ქრისტეფორე და ჯანგულ ჯანგირაშვილების საქმე მცხეთის სასამართლომ დაკავებულების ადვოკატის გარეშე განიხილა. დაკავებულების განმარტებით, მათ ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ მიეცათ.

ზეწოლა, დაჯარიმება

ზეწოლა მაღაზიის მეპატრონეზე – დუშეთის რაიონის სოფელ მიჩნიგაურებში მცხოვრები დარეჯან არათანაშვილის თქმით, მას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ტრიპოლსკის მხარდაჭერის შემთხვევაში მაღაზიის დახურვით დაემუქრნენ. „სოფელში მაქვს „ბუტკა“, პატარა ვაგონი, სურსათს და პროდუქტს ვყიდი, „ნაციონალები“ მოვიდნენ და მითხრეს, ეს შეგვივსე, ვის აძლევ ხმას, ოტიაშვილს თუ ტრიპოლსკისო, მე დავწერე ტიპოლსკი, მაგრამ მერე გადავაშლევინე იმიტომ, რომ მითხრეს, შენ თუ ტრიპოლსკის მისცემ ხმას, მოგიქსევთ ეკოლოგიას ან საგადასახადოს და „ბუტკას“ დაგაკეტინებთო. ვიცნობ ვინც იყვნენ, მაგრამ სახელებს და გვარებს ვერ ვიტყვი, „ნაციონალების“ წარმომადგენლები არიან და იქ იღებენ ხელფასს, მთელ სოფელში დადიან, დღეში 10-ჯერ მიდიან ოჯახში და ეუბნებიან, ვის აძლევთ ხმას? ჩემთან ოთხჯერ იყვნენ,“ - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დარეჯან არათანაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ დუშეთის ოფისში ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=MYHW-FnSH_A

„ქართული ოცნების“ წევრების გადაყვანის დროს მძღოლი 200 ლარით დააჯარიმეს – საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების გადაყვანის დროს, მიკროავტობუსის მძღოლი კობა რობაქიძე 200 ლარით დააჯარიმეს. სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მიკროავტობუსის მძღოლს იმ დროს შეუდგინეს, როცა მას თერჯოლიდან გლეხები საგურამოში, ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრში გადაჰყავდა. „თერჯოლიდან მოვდიოდი, მომყავდა „ქართული ოცნების“ ხალხი, საგურამოში წარმოება უნდა დაეთვალიერებინათ. მცხეთის შემოსასვლელში საპატრულო პოლიციის მანქანა იდგა, დამეწია ნატახტართან, გაზის „ზაპრავკა“ რომ არის, იმ ჩასახვევთან მომთხოვა გაჩერება. გავაჩერე, შემამოწმა, ნასვამი ვიყავი თუ არა, შემდეგ ძირს ჩამოსვლა მთხოვა, საბუთები უკვე მიწოდებული მქონდა, მერე მითხრა, ძირს რომ ჩამოხვედი მანქანიდან, ავარიული სიტუაცია შექმენიო და 200 ლარიანი ჯარიმა დამიწერეს,“ – აღნიშნა მძღოლმა კობა რობაქიძემ.

ჟინვალში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი 250 ლარით დააჯარიმეს – დუშეთის რაიონის დაბა ჟინვალში მცხოვრები დათო წიკლაური, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, ჟინვალის პოლიციის თანამშრომლებმა 250 ლარით დააჯარიმეს. „თბილისიდან ამოვედი, ჟინვალში სტადიონთან ჩამოვუხვიე, ცოტა ზემოთ პოლიციის „პიკაპი“ იდგა, იმის ქვემოთ პოლიციის უფროსის მანქანა, „პიკაპს“ ჩავცდი, ხმა არ ამოუღიათ. გიამ, პოლიციის უფროსმა დაქოქა თავის მანქანა და ქვევით წავიდა, მე ჩვეულებრივ ჩამოვცდი, მოვაგორავებდი მანქანას. აქვე, კუთხეში გავაჩერე და „პიკაპი“ მომყვა. მითხრეს, სწრაფად გაგივლიაო, მე ვუთხარი, არ გცხვენია, უკან არ მომყვებოდი, ვერ ნახე სწრაფად მოვდიოდი თუ არა, მოვგორავდი მეთქი. თვითონაც ხვდებოდნენ, რომ მტყუანი არ ვიყავი, მაგრამ იმსჯელეს და ბოლოს 250 ლარი დაწერეს, არც გამომირთმევია ის ფურცელი. უფროსთან გადავედი და ვუთხარი, რატომ აწერინებთ ამ ჯარიმას, არ მეკუთვნის მეთქი. იცი რატომაც გაჯარიმებთ და შენ ყოველთვის  მაქსიმალური ჯარიმა დაგეწერება ესეც იცოდეო. ვკითხე, რატომ მეთქი, იცი შენ თვითონო, გამიმეორა. 1 ივლისს, მცხეთაში, აქციაზე ჩემი მანქანით ვიყავი და ეს არის დაჯარიმების ერთადერთი მიზეზი,“ - განუცხადა დათო წიკლაურმა მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს. ჟინვალის პოლიციაში კომენტარი არ გააკეთეს.
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=GKq2v_S2SlE

ლეიბორისტული პარტიიდან თიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზეწოლაზე საუბრობს – ლეიბორისტული პარტიიდან თიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ჩიტაურის განცხადებით, მან ერთი წლის წინ, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თაეტრში საქველმოქმედო კონცერტი გამართა. მომღერალსა და თეატრის ადმინისტრაციას შორის სიტყვიერი შეთანხმება მოხდა, რომლის მიხედვითაც ჩიტაურს თეატრის დარბაზის ქირისთვის 250 ლარი უნდა გადაეხადა. იმ შემთხვევაში, თუ კონცერტზე საკმარისზე მეტი რაოდენობის მსმენელი მოვიდოდა, მას ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხიდან დამატებით კიდევ 250 ლარი უნდა გადაეხადა. როგორც ჩიტაური ამბობს, მან ქირის 250 ლარი გადაიხადა, თუმცა ბილეთების გაყიდვიდან თანხა აღარ გადაუხდია, რადგან კონცერტზე ცოტა მსმენელი მივიდა. რამდენიმე დღის წინ ჩიტაურმა სასამართლო უწყება მიიღო, სადაც წერია, რომ თეატრის ადმინისტრაცია მას უჩივის და 250 ლარის გადახდას სთხოვს. ლეიბორისტული პარტია ამ ფაქტს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს. „ფაქტია, რომ ერთი წელია თეატრს ეს დავალიანება არ გახსენებია და მხოლოდ ახლა გაახსენდათ, რომ უნდა ეჩივლათ“, - განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ.

ინფორმაცია დოკუმენტის გაყალბების შესახებ

კომისიის წევრების განცხადებით თიანეთის საოლქო – საარჩევნო კომისიააში ოქმი გააყალბეს  – თიანეთის N19 საოლქო – საარჩევნო კომისიას ამავე კომისიის წევრები იამზე კვნიწაშვილი (მრეწველებიდან), თამარ აქიმიშვილი (კონსერვატორებიდან) და თამარ მარაული (ლეიბორისტებიდან) ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებენ და დოკუმენტში შესწორების შეტანას ითხოვენ. როგორც მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს იამზე კვნიწაშვილმა განუცხადა,  2012 წლის 16 აგვისტოს, თიანეთის N19 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ჩატარდა. სხდომაზე განიხილებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსის წესით არჩევის საკითხი. „სოფელ ტუშურების N16 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრად კენჭი ვუყარეთ მოქალაქე ეთერ ქაჩლიშვილის კანდიდატურას. კომისიის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი მის კანდიდატურას და იგი გავიდა კომისიის ცამეტივე წევრის მხარდაჭერით. ამავე სხდომაზე კენჭი ეყრებოდა მოქალაქე ლია ქაჩლიშვილის კანდიდატურას, რომელსაც კომისიის არცერთმა წევრმა არ დაუჭირა მხარი და შესაბამისად, იგი ვერ გავიდა საარჩევნო კომისიის წევრად. იმავე სხდომაზე, ჩვენ გამოვითხოვეთ თიანეთის N19 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმის ქსეროასლი, რომელიც იწერებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის თ. ჯაბანაშვილის მიერ. აღმოჩნდა, რომ ჩვენს გადმოგვცეს სხდომის ოქმის გაყალბებული ქსეროასლი, სადაც მითითებულია ორი ლია ქაჩლიშვილი და საერთოდ არ არსებობს ეთერ ქაჩლიშვილის კანდიდატურა. შესაბამისად, 17 აგვისტოს უკვე გამოქვეყნდა არჩეული კანიდატების სია, სადაც ეთერ ქაჩლიშვილი საერთოდ არ არის N19 საოლქო საარჩევნო კომისიის არჩეულ წევრებში, რაც წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის მერვე მუხლით გათვალისწინებულ ოფიციალურ დოკუმენტში (სხდომის ოქმში) მოხელის ამ მასთან გათანაბრებული პირის მიერ ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანას და ატარებს სამსახურებრივი სიყალბის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებს“, – აღნიშნა იამზე კვნიწაშვილმა. მისივე განცხადებით, საოლქო – საარჩევნო კომისიის სამმა წევრმა და კიდევ კომისიაში პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენელმა მალხაზ დავითაშვილმა მოითხოვეს შესწორების შეტანა 16 აგვისტოს ჩატარებულ თიანეთის N 19 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმში. „ვითხოვთ, რომ სხდომის ოქმში შესწორება შევიდეს და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული წევრების შემადგენლობაში ჩაიწეროს გამარჯვებული კანდიდატი ეთერ ქაჩლიშვილი“, – განაცხადა მალხაზ დავითაშვილმა. თიანეთის N19 საოლქო საარჩევნო კომისიამ ამავე კომისიის წევრების საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.  „საოლქო საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ საჩივარს წარმოებაში ვერ მიიღებდნენ, რადგან პროცედურულად ცესკოსთვის უნდა მიგვემართა და არა მათთვის. როგორც გვითხრეს საჩივრის შედგენაშიც ხარვეზები იყო დაშვებული. ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს მივმართავთ თუ არა საჩივრით ცესკოს,“ – აღნიშნა მალხაზ დავითაშვილმა. თიანეთის საოლქო – საარჩევნო კომისიაში განმარტება არ გააკეთეს.

მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი წინასაარჩევნო დაიჯესტს 1 ოქტომბრამდე, ყოველ შაბათს გამოაქვეყნებს.

დაიჯესტზე პასუხისმგებელი პირი გელა მთივლიშვილი: Mtivlishvili@gmail.com  ტელ: 599 34 34 77

იხილეთ წინა დაიჯესტი

ინგლისურენოვანი ვერსია

მცხეთა – მთიანეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N1 (1–10 აგვისტო) ქართულენოვანი ვერსია 

ახალი ამბები