კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თავდასხმა ახმეტაში – ნაცემია 2 ჟურნალისტი, დამტვრეულია ვიდეოკამერები

27 აგვისტო, 2012

გელა მთივლიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

შს მინისტრის მოადგილესთან გია ლორთქიფანიძესთან და მის ძმასთან, კუდ–ის კახეთის სამმართველოს უფროსთან დავით ლორთქიფანიძესთან დაახლოებულმა პირებმა, 22 აგვისტოს, საღამოს, ახმეტაში სტუდია „GNS“–ის ჟურნალისტები ვასილ დაბრუნდაშვილი და ბაჩო ბულისკერია ცემეს.

ნანა ლეჟავას გადაცემა „კვირის რეპორტაჟის“ ჟურნალისტები ახმეტაში ხე–ტყის მასობრივად ჩეხვის და უკანონო სახერხების თემაზე სიუჟეტს ამზადებდნენ. ფიზიკური შეურაცხყოფა მათ ხე–ტყის გადამამუშავებელი ერთ–ერთი საამქროს მეპატრონეებმა, მამა–შვილმა ოსიკო და ნოდარ ჭიჭიაშვილებმა მიაყენეს. როგორც ვასილ დაბრუნდაშვილი იხსენებს, მამა – შვილი ჭიჭიაშვილები ჟურნალისტებს თავს იმ დროს დაესხნენ, როცა ოპერატორი გზიდან სახერხის მიმდებარე ტერიტორიის და იქ განთავსებული დიდი რაოდენობით ხე – ტყის გადაღებას ცდილობდა.

„რეპორტაჟის მოსამზადებლად ვიყავით ჩამოსულები და გვქონდა ინფორმაცია, რომ არსებობს რამდენიმე უკანონო საწარმო, სადაც მიმდინარეობს უკანონოდ მოჭრილი ხე–ტყის დამუშავება. მივედით ერთ–ერთ ადგილზე, სადაც ასეთი საამქრო ფუნქციონირებდა. როცა მოვინდომეთ მათთან გასაუბრება, გამოვიდა 2 ადამიანი, ვინც აწარმოებდნენ უკანონო საქმიანობას, ჭიჭიაშვილი ოსიკო და ჭიჭიაშვილი ნოდარი, მამა–შვილი. ისინი ფიზიკურად გაგვისწორდნენ, დაგვიმტვრიეს ვიდეოკამერა. ნაცემია ოპერატორი, აღენიშნება სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები. როგორც იქნა გამოვაღწიეთ და წამოვედით“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჟურნალისტმა ვასილ დაბრუნდაშვილმა.

გადაღებული მასალა განადგურდა, თუ გადარჩა?

– არა, მასალა გადარჩენილია, კასეტა ჩვენს გვაქვს.

რამდენ ხანს გრძელდებოდა თქვენი ცემა?

– დაახლოებით 10 წუთი. როცა დამთავრდა სიტუაცია, მერე მოვახერხე საპატრულო პოლიციის გამოძახება“.

ახმეტის პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე კი მივიდნენ, მაგრამ რეაგირება ოპერატიულად არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ დამტვრეული იყო ვიდეოკამერა, ნაცემები იყვნენ ჟურნალისტები, პოლიციას თავდამსხმელები არ დაუკავებია. ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ კორესპონდენტი კახა კუპატაძე ამბობს, რომ ოსიკო და ნოდარ ჭიჭიაშვილებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა იმ ჟურნალისტებსაც მიაყენეს, რომლებიც მომხდარის გადასაღებად შემთხვევის ადგილზე, ახმეტაში, უტოს უბანში მივიდნენ. „გამოვარდნენ და რაც ხელში ეჭირათ, ფანარი იყო თუ ჯოხი, ისროდნენ. სააგენტო „ინფო9“–ის ჟურნალისტისთვის კამერის წართმევა უნდოდათ და რომ ვერ წაართვეს, დაუზიანეს“, – აღნიშნა კახა კუპატაძემ.

ჭიჭიაშვილების კუთვნილ ხე – ტყის გადამამუშავებელ საწარმოსთან მე ნანა ლეჟავასთან ერთად მივედი. ვიდრე ადგილზე მივიდოდით, 122–ზე დავრეკე, შესაძლო საფრთხის თაობაზე ინფორმაცია მივაწოდე და რეაგირება მოვითხოვე. „გამარჯობა. ახმეტიდან ვრეკავ. ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ვარ. უტოს უბანში, 9 აპრილის ქუჩაზე ცემეს ჟურნალისტები, რამდენიმეს ვიდეოკამერა დაუმტვრიეს. ჩვენ ახლა შემთხვევის ადგილზე მივდივართ პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად. გვითხრეს, რომ თავდამსხმელები შესაძლოა კიდევ გამოვარდნენ და ტექნიკა დაგვიმტვრიონ და გვცემონ. ამიტომ, ვრეკავ, რომ იქ პოლიციაც მოვიდეს ვითარების გართულების თავიდან ასაცილებლად“, – ვაცნობე საპატრულო პოლიციას.

პოლიციელები შემთხვევის ადგილზე არ მოსულან, თუმცა ჭიჭიაშვილები აგრესიისგან თავს იკავებდნენ. მათ საწარმოს მიმდებარე ტერიტორიის გადაღების უფლება სრულად გზიდანაც კი არ მოგვცეს. ნანა ლეჟავამ შემთხვევის ადგილზე დამტვრეული ვიდეოკამერების ნაწილები იპოვა. „ეტყობა დასცვივდათ. სახლში შემოიჭრნენ, ბავშვი დააწიოკეს და ამიტომ გავყარეთ“, – განაცხადა ოსიკო ჭიჭიაშვილმა. კითხვაზე, თუ „GNS“–ის ჟურნალისტები მისი სახლის ეზოში შევიდნენ და ისინი სახლიდან გაყრის მიზნით ცემეს, ინციდენტის გასაშუქებლად რამდენიმე წუთის შემდეგ მისულ ჟურნალისტებს რატომღა გაუსწორდნენ ფიზიკურად, როცა ისინი გზაზე იდგნენ და კადრებს იქიდან იღებდნენ, ოსიკო ჭიჭიაშვილმა აღნიშნა, რომ არავინ უცემიათ. არაერთი თხოვნის მიუხედავად, მეპატრონეს ეჩვენებინა, რომ მისი საამქრო კანონიერად ფუნქციონირებდა და ხე – ტყის ლეგალურად მოპოვების ყველა დოკუმენტი ჰქონდათ, ჭიჭიაშვილმა არცერთი დოკუმენტი არ გვაჩვენა. „მოვიდნენ კომპეტენტური ორგანოები, ბუნების დაცვა, ეკოლოგია და ვაჩვენებ. თქვენ ვინ ხართ, რატომ უნდა გაჩვენოთ?“, – განაცხადა ჭიჭიაშვილმა.

ნაცემ ჟურნალისტებს პირველადი სამედიცინო დახმარება გუშინვე, ახმეტის საავადმყოფოში გაუწიეს. ახმეტის პოლიციაში გვითხრეს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ–ის 120 მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჭიჭიაშვილები ახმეტაში დიდი რაოდენობით ხე – ტყეს უკანონოდ ჭრიან. მათ შს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე და მისი ძმა, კუდ–ის კახეთის სამმართველოს უფროსი დავით ლორთქიფანიძე ლობირებენ. ლორთქიფანიეები წარმოშობით ახმეტიდან არიან და ამ რეგიონს ისინი „აკონტროლებენ“.

ვიდეო

ახალი ამბები