კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N2

28 აგვისტო, 2012
 
11–დან 18 აგვისტოს ჩათვლით, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონში დააფიქსირა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის 3, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 1, ზეწოლის 7, თვალთვალის 1, დაკავების 2, ქონების დაზიანების 1, დაპირისპირების 5, „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატობის კანდიდატებისთვის წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლის 2 და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 2 ფაქტი. 

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა

ჟურნალისტს დაარტყა და ვიდეოკამერა წაართვა – 16 აგვისტოს, „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის ორგანიზაციის აქტივისტმა გურამ გურგენიშვილმა, სოფელ ველისციხეში, ტერიტორიული ორგანოს შენობის წინ, კახეთის საინფორმაციო ცენტრის (www.ick.ge) ჟურნალისტს ნატალია სარქისაშვილს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაარტყა, გადაღებაში ხელი შეუშალა და ვიდეოკამერა წაართვა. 


შეურაცხყოფა და ხულიგნობა გამგეობის შენობაში – 17 აგვისტოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში მომხდარი ინციდენტის დროს, მოქალაქემ, რომელიც საკუთარ თავს იხსენიებდა „დადას ბიჭად“ (მცხოვრები სოფელ ჩუმლაყში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი) სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს, მისი მისამართით, ოცზე მეტი ადამიანის და ვიდეოკამერების თანდასწრებით, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში იგინებოდა უცენზურო სიტყვებით და ჟურნალისტებისთვის გადაღებაში ხელშეშლას ცდილობდა. ამასთან, ე.წ. „დადას ბიჭი“ ცდილობდა არ დამორჩილებოდა ახალგაზრდებს, რომლებიც ინციდენტის ადგილიდან მის გაყვანას ცდილობდნენ. მისი მხრიდან კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის მიმართ განხორციელდა მუქარაც. 

ჟურნალისტს თითები კარებში მოატანა – 17 აგვისტოს, შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომელმა ლევან უტიაშვილმა, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მისაღებში არ შეუშვა „მეცხრე არხის“ კორესპონდენტი თეა ალავერდაშვილი და კარი ისეთი ძალით მოკეტა, რომ თეა ალავერდაშვილს თითები მოჰყვა. ძლიერი ტკივილის გამო, რამდენიმე წუთის განმავლობაში, ჟურნალისტმა მუშაობა ვეღარ შეძლო. მან სხეულის მსუბუქი დაჟეჟილობა მიიღო. 

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით საგამოძიებო ორგანოები ვალდებულები არიან, დაიწყონ გამოძიება მედიით გავრცელებული მასალების საფუძველზეც, თუ ის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მედიამ სამივე ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა, თუმცა პოლიციას გამოძიება არ დაუწყია.

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ შეჯიბრზე გამარჯვებულებს ფულადი თანხა გადასცეს – 13 აგვისტოს, გურჯაანის რაიონის სოფელ ძირკოკში გამართულ შეჯიბრზე, ჭიდაობაში გამარჯვებულებს ფულადი თანხა და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. მთელი დღის განმავლობაში ღონისძიებაზე ხალხს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდები იწვევდნენ. „ჭიდაობაში რეგიონის პირველობა გაიმართა, რომელშიც კახეთის ყველა ნაკრები გუნდი მონაწილეობდა. სულ 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, თითო გუნდში 5 მოჭიდავე იყო. გამარჯვებული გუნდებისთვის 1000, 700 და 500 ლარიანი პრიზები იყო დაწესებული I, II და III ადგილისთვის. პრიზებში შედიოდა ასევე ჭედილა, დიპლომები და თასები. პირველ ადგილზე ახმეტის ნაკრები გუნდი გავიდა, მეორეზე გურჯაანის, ხოლო მესამეზე ყვარლის. სპორტული ღონისძიება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა და პრიზებიც სამინისტროს მიერ იყო დაწესებული“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტმა სპორტულ საკითხებში გელა მეგრელიშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის კოორდინატორმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ ის ვერ დაიჭერს აქტივისტებს, რათა ღონისძიებებზე მაისურებით არ მივიდნენ.

ზეწოლა, მუქარა, თვალთვალი

ეთერ ჭუჭულაშვილის საქმე – დედოფლისწყარო: 14 აგვისტოს, კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ დედოფლისწყაროს სასწრაფო – სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსმა ნუკრი ბაღაშვილმა სამსახურიდან გაათავისუფლა ექთანი ეთერ ჭუჭულაშვილი, რომლის მაზლიც (მეუღლის ძმა) გიორგი ნასრაშვილი „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის მობილური ჯგუფის უფროსია. ეთერ ჭუჭულაშვილს მანამდე არაერთხელ სთხოვეს, რომ მის მაზლს „ქართული ოცნება“ დაეტოვებინა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ ნუკრი ბაღაშვილს და სამსახურიდან ეთერ ჭუჭულაშვილის გათავისუფლების ბრძანების ასლი მოსთხოვეს. ნუკრი ბაღაშვილმა განაცხადა, რომ ეთერ ჭუჭულაშვილი გათავისუფლებული არ იყო. რამდენიმე წუთში, კახეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ეთერ ჭუჭულაშვილს შეხვდნენ. მისი განცხადებით, სამსახურის უფროსმა უთხრა, რომ გათავისუფლებულია და მიუხედავად იმისა, რომ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება არ გადაუცია, სამსახურში არ დაუშვა, რის გამოც ეთერ ჭუჭულაშვილმა 11 აგვისტოს, მორიგეობა ვერ შეძლო. არსებული გრაფიკით, ექთანს მორიგეობა ყოველ მესამე დღეს უწევდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტიდან რამდენიმე წუთში ნუკრი ბაღაშვილი ტელეფონით დაუკავშირდა ეთერ ჭუჭულაშვილს და შეატყობინა, რომ მიმდევნო მორიგეობაზე სამსახურში ჩვეულებრივ მისულიყო. ეთერ ჭუჭულაშვილი მუშაობას აგრძელებს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი გააგრძელებს აღნიშნული საქმის მონიტორინგს. 

გივი ნანობაშვილის საქმე – სიღნაღის რაიონი: სოფელ ვაქირში მცხოვრები გივი ნანობაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრია, სიღნაღის მაჟორიტარ დეპუტატს ნუგზარ აბულაშვილს და სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ზედელაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს. „სოფელ ვაქირში, საკრებულოს შენობასთან ვიდექი. მოვიდნენ მაჟორიტარი დეპუტატი ნუგზარ აბულაშვილი და სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ზედელაშვილი. ძალიან უცენზურო სიტყვებით მაგინეს. ვკითხე, რატომ მაგინებთ მეთქი და შესაგინებელი კი არა, ყელს გამოგჭრითო“, – აღნიშნა გივი ნანობაშვილმა. ბრალდებები უარყო პარლამენტის წევრმაც და საკრებულოს თავმჯდომარემაც. „ქართული ოცნების“ წევრი? ბიძინისტია? ვინ არის ადამიანი? „ქართული ოცნების“ წევრს ადამიანს მე არ ვიცნობ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნუგზარ აბულაშვილმა.

გუბერნატორის მოადგილეს ცოლის ძმა ზეწოლაში ადანაშაულებს – 16 აგვისტოს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთის გუბერნატორის მოადგილეს ალეკო კახიძეს ცოლის ძმა ბადრი ხარებაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ მობილური ჯგუფის წევრია, ზეწოლაში ადანაშაულებს. ბადრი ხარებაშვილის თქმით, ალეკო კახიძე 3 აგვისტოს ტელეფონით დაუკავშირდა მის მეუღლეს ეკატერინე ლიპარტაშვილს და გააფრთხილა, რომ თუ ბადრი „ქართულ ოცნებას“ არ დატოვებდა, მას ცემდნენ და ნარკოტიკს ჩაუდებდნენ. „სატელეფონო ზარის შემდეგ თვითონ დავურეკე ალეკო კახიძეს და მოვთხოვე, რომ ჩემი მეუღლისთვის აღარ დაერეკა და თუ რამე საქმე ჰქონდა, პირადად ჩემთვის ეთქვა. კახიძე არ მისმენდა, რუსეთის აგენტს მეძახოდა და მეუბნებოდა, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში მაინც ვერ მოვა“, – აღნიშნა ბადრი ხარებაშვილმა. ბადრი ხარებაშვილი კოალიციაში 28 მაისს გაწევრიანდა. მისი თქმით, ზეწოლის თაობაზე განცხადების გაკეთება მოგვიანებით, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც  საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო ავტომობილების გადადგილება არაერთხელ შენიშნა. ალეკო კახიძემ განმარტება არ გააკეთა.

თუშეთის სასტუმროებში „ქართული ოცნების“ წევრების დაბინავება აკრძალეს – „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ზვიადაური, 11 აგვისტოს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თუშეთში იმყოფებოდა. ზვიადაურის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციის თანამშრომლებმა საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს „ქართული ოცნების“ წევრების დაბინავება აუკრძალეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გააფრთხილეს, რომ პრობლემები შეექმნებოდათ. თუშეთში ზურაბ ზვიადაურს თან „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის წევრი ზაზა ლაგაზიძეც ახლდა. „თუშეთში რომ მივედით, მასპინძელმა გვითხრა, ასეთი ამბავიაო. ამის მიუხედავად, მათ მთის წესს არ გადაუხვიეს და ღამის გათევა შემოგვთავაზეს. ზვიადაურმა არ ისარგებლა მათი შეთავაზებით, არ უნდოდა პრობლემები შექმნოდათ და ღამე მწყემსის ქოხში გავათიეთ, წოვათაში, სოფელ ეთელტაში. ჩვენი მასპინძელი იყო მწყემსი ზურაბ ლაგაზიძე. მას საგადასახადო ჯერ არ დაცემია“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზაზა ლაგაძიძემ. „თუშეთში ერთ–ერთ სასტუმროში გვითხრეს, დავალება მიიღეს, ეთქვათ, თითქოს ყველა ოთახი დაკავებული იყო და ჩვენს დასაბინავებლად ადგილი არ ჰქონდათ. ღამე გარეთ გავათენეთ, მწყემსებთან“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზურაბ ზვიადაურმა.

თეონა თათულაშვილის საქმე – ახმეტის რაიონი: ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში „ქართული ოცნების“ ქვეკოორდინატორმა თეონა თათულაშვილმა ზეწოლის შედეგად კოალიცია დატოვა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ წევრმა ზაზა ლაგაძიძემ განუცხადა, თეონა თათულაშვილზე ზეწოლას პოლიციის თანამშრომელი ზაქარია ბერიაშვილი ახორციელებდა. „ახალგაზრდა გოგონაა, პატარა ბავშვი ჰყავს. უკვე 2 კვირაა, ჩვენი ქვეკოორდინატორი იყოს სოფელში და აგიტაციას ეწეოდა. პოლიციის თანამშრომელი ზაქარია ბერიაშვილი, რომელიც მისივე მეზობელია, არაერთხელ დაემუქრა, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ არ დატოვებდა, დედამისს და მის მაზლს, რომლებიც დასაქმებულები არიან, სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ. ამასთან, სხვა პრობლემებიც შეექმნებოდათ. გოგონას დედა ერთ–ერთ საბავშვო ბაღში მუშაობს, 50 თუ 70 ლარი აქვს ხელფასი“, – განუცხადა ზაზა ლაგაზიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი თეონა თათულაშვილსაც დაუკავშირდა. „ვერაფერს ვერ გეტყვით, აღარ ვარ პარტიაში, წამოვედი, ნახვამდის“, – განაცხადა თეონა თათულაშვილმა. ახმეტის პოლიციის თანამშრომელმა ზაქარია ბერიაშვილმა კომენტარი არ გააკეთა.

„ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი თითების დამტვრევით დამემუქრა“ – ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში მცხოვრები დავით ლობჟანიძე, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია, აცხადებს, რომ ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ კაკალაშვილი, რომელიც ამავე დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, მას თითების დამტვრევით დაემუქრა. „დედაჩემი ნათელა შეყელაძე სოფელ ქვემო ნაშოვარშია ჩაწერილი, პირადობის მოწმობაშიც ქვემო ნაშოვარი აქვს მითითებული. ამ სოფლის ყველა მაცხოვრებელმა, როგორც სტიქიით დაზარალებულმა მიიღო 1500 ლარი, მხოლოდ დედაჩემზე დაუშვეს გამონაკლისი და 1 000 ლარი მისცეს, იმის გამო, რომ მისი შვილი ოპოზიციაში ვარ. ეს ფაქტი რომ გავაპროტესტე აფენში გამართულ აქციაზე, მოქმედმა მაჟორიტარმა გურამ კაკალაშვილმა მითხრა, დამაცადე, მაგ თითებს დაგამტვრევო. ეს იყო პირდაპირი მუქარა, რომელიც სხვებმაც მოისმინეს“, – განუცხადა დავით ლობჟანიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

კომისიის ოპოზიციონერ წევრებს თავმჯდომარე სამუშაო მაგიდას არ აძლევდა – 13 აგვისტოს, „კონსერვატიული პარტიიდან“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოდან“ გურჯაანის საოლქო – საარჩევნო კომისიის წევრებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რომ კომისიის თავმჯდომარე ნატო ბეგაშვილი მათ მუშაობის საშუალებას პოლიტიკური ნიშნით არ აძლევდა. საოლქო – საარჩევნო კომისიის მხოლოდ ამ ორ წევრს ოფისში არ ჰქონდა სამუშაო მაგიდა, ასევე კომისიის თავმჯდომარემ უარი უთხრათ გაეცნონ საუბნო – საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა განცხადებებს. მასალის გავრცელების შემდეგ, კომისიის წევრებს სამუშაო მაგიდა და ადგილი გამოუყვეს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის.

უკანონო თვალთვალი – დედოფლისწყაროს რაიონი: 13 აგვისტოს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ  დედოფლისწყაროს რაიონში, „ქართული ოცნების“ შტაბზე თვალთვალი ხორციელდება. „დაახლოებით ერთი თვეა ეს მანქანა, დამუქებული მინებით, ოფისის შესასვლელის საპირისპირო მხარეს დგას. ტიპს უჭირავს კამერა და ოფისში ვინც შემოდის და გადის, ყველას აფიქსირებს. დილიდან გვიან საღამომდე აქ დგას. ხედავენ, რომ ვიღაც გვითვალთვალებს, რაც ჩვენს მხარდამჭერებზე ცუდად მოქმედებს. ბევრი მათგანი შტაბში აღარ მოდის, თავს იკავებენ“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნებიდან“ დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლექსო თამაზაშვილმა. „დილიდან საღამომდე აქ დგას, შუადღეს რამდენიმე წუთით ალბათ საჭმელად გადის. ძირითადად მარტოა ხოლმე. სხვა მანქანაც იყო მაგასთან ერთად, DIM – 029, მაგრამ ის ჩამოგვშორდა. ყველას აფიქსირებენ. მე დავინახე, რომ მას ურთიერთობა აქვს დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსის მოადგილესთან, ლევან ნატროშვილთან. ზოგიერთ შემთხვევაში კი მითითებებს უშუალოდ რაიონის გამგებლისგან იღებს“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის წევრმა გიორგი ნასრაშვილმა. „ფორდის“ მარკის, იასამნისფერ მანქანას სახელმწიფო ნომრით RCR 669 გელა ლეკაშვილი მართავს. მისი თქმით, ის ტელეკომპანია „რეალ TV“–ის ოპერატორია, თუმცა ამის დამადასტურებელი მოწმობა ვერ წარმოადგინა. „არ ვუთვალთვალებ, მე უბრალოდ აქა ვდგევარ და ჩემი, ბუნებასთან ასოცირებას ვაკეთებ, მიყვარს. აქ გავიზარდე, აქ დავიბადე  და აქაური ჰაერი და აქაური ფოთოლცვენა მიყვარს“, – განაცხადა გელა ლეკაშვილმა. გელა ლეკაშვილის ძმა, გოჩა ლეკაშვილი სასაზღვრო პოლიციაში მუშაობს. გელა ლეკაშვილი სხვადასხვა დროს ბენზინგასამართ სადგურსა და პოკერ კლუბში მუშაობდა, მას ჟურნალისტური განათლება არ აქვს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიან ლეკაშვილის ოჯახის წევრებიც.

დაკავება

საგარეჯოში „ქართული ოცნების“ 2 მხარდამჭერი დააკავეს – 17, 18 აგვისტოს, შს საგარეჯოს პოლიციის თანამშრომლებმა, სოფელ იორმუღანლოში 17 აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ქამარატ მამედოვი და ნათიკ რასულოვი დააკავეს. 17 აგვისტოს, „ქართული ოცნებიდან“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინა ხიდაშელი შეხვედრებს სოფელ მუღანლოსა და ქეშალის მაცხოვრებლებთან მართავდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. „დაახლოებით 12 საათზე მივედი სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც დაკავებულები ჰყავდათ. ორდერი წარვადგინე, მაგრამ დაკავებულებთან არ შემიშვეს და არც საქმის მასალები გამაცნეს. მათი მოტივი ის იყო, რომ დაკავებულები უკვე დაკითხეს და ადვოკატის დახმარება აღარ სჭირდებოდათ. ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება, როცა დაწესებულებაში პატიმარი ჰყავთ, ადვოკატი ორდერს წარადგენს და არ შეახვედრებენ. არ მაქვს ინფორმაცია რა ბრალდებით არიან დაკავებულები“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადვოკატმა თენგიზ ბეჟაშვილმა.

ქონების დაზიანება

„ქართული ოცნების“ წევრი აცხადებს, რომ მანქანის ძრავში ქვიშა ჩაუყარეს – კოალიცია „ქართული ოცნების“ წნორის შტაბის შეხვედრების კოორდინატორის გოჩა ბეგიაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, მისი მანქანის ძრავში ქვიშა ჩაყარეს, რის გამოც მანქანა დაზიანდა. „დაახლოებით ერთი კვირის წინ, მანქანა გასარეცხად ავტოსამრეცხაოში მივიტანე. მრეცხავი მანქანას რეცხავდა, მე დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით ვიყავი გაჩერებული. მრეცხავმა გარეცხვა რომ დაამთავრა, წამოვედი. წნორის ცენტრში მანქანა ჩაქრა. შევამოწმებინე ხელოსანს, რომელმაც ნახა, რომ მანქანის ძრავში სილა იყო ჩაყრილი. მერე მრეცხავს ვკითხე და მითხრა, მოვიდა 2 პიროვნება, ერთმა გამიყვანა ცალკე, მელაპარაკა რომ მოვიტანო მანქანა რამდენი დამიჯდება ხალიჩები რომ ამოვყარო, გარეცხვა და ეს პროცედურებიო. ლაპარაკს რომ მოვრჩით და გავედი, კართან მეორე პიროვნება იყო. მე მეგონა თქვენი წარმომადგენლები იყვნენო. რომ წავიდნენ, მე ჩვეულებრიც გავაგრძელე რეცხვა, თქვენ რომ მოხვედით, მანქანა დაზიანებულიაო, მეც მერე გავიგეო. ვინ არიან ის პირები არ ვიცი, მაგრამ სახეზე ვიცნობო“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გოჩა ბეგიაშვილმა. მისივე თქმით, მანქანის შესაკეთებლად 500 ლარი გადაიხადა. მანქანის ძრავში ქვიშა რომ იყო ჩაყრილი, ამ ფაქტს „ქართული ოცნების“ წნორის შტაბის წევრი შალვა ჭაბაშვილიც ადასტურებს. „ხელოსანთან რომ მივიყვანეთ მანქანა, ძრავის შემკეთებელი ვინც იყო, იმან ჩაიხედა ძრავში და ვნახეთ, რომ შიგ სილა იყო ჩაყრილი“, – აღნიშნა შალვა ჭაბაშვილმა. გოჩა ბეგიაშვილს პოლიციისთვის არ მიუმართავს.

დაპირისპირება, ხელშეშლა

ინციდენტი თელავში – 13 აგვისტოს, თელავში, „ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები „ქართული ოცნების“ აქტივისტებს გზაზე დახვდნენ, რუსეთის აგენტები უწოდეს და რუსული ფული მიაყარეს. „საქართველო რა დროში გინდათ რომ დააბრუნოთ მაგაზე ილაპარაკეთ. ფულზე ყიდით ყველაფერს, სირცხვილია. „ქართული ოცნება“ არის რუსული ფული. იმიტომ, აძლევდა ყველას ფულს, რომ ეყიდა ხალხი რუსული ფულით“, – ყვიროდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა. პოლიციის თანამშრომლებმა დაპირისპირებული ახალგაზრდები გააშველეს.

კურდღელაურში „ქართული ოცნების“ კანდიდატს სოფლის გამგებელმა ბავშვი დაახვედრა – 15 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გელა სამხარაულს სოფლის გამგებელმა ელდარ გიგიტელაშვილმა თავისი მცირეწლოვანი ბავშვი დაახვედრა, რომელმაც „ქართული ოცნების“ გაზეთები დახია. „ისეთი ხალხი არის ამ ჟურნალში, რომლებიც იძახიან ომი რუსეთმა დაიწყოო. იქ არიან ისეთი ხალხი. სად იყო თქვენი „ქართული ოცნება“, როდესაც საქართველოში ჩემი ნათესავები და ჩემი ქვეყნის მოქალაქეები იღუპებოდნენ, სად იყო? თქვენი ბიძინა ივანიშვილი სად იყო, გეკითხებით. გამეცით, სად იყო მაშინ, რატო არ აჩერებდა რუსეთს? რატომ არ გვეხმარება ბიძინა ივანიშვილი? 80 მილიონი წააგო და ისე ჩარიცხა. მაცივრებს რომ არიგებდა ხალხში, ფაქტი სახეზეა. ტელევიზორში ვუყურე“, – აღნიშნა სოფლის გამგებლის შვილმა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ელდარ გიგიტელაშვილს არაერთხელ სთხოვეს, რომ ბავშვი შეხვედრიდან გაეყვანა, მაგრამ უშედეგოდ. შეხვედრიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, სოფლის გამგებლის შვილმა ტირილი დაიწყო და განაცხადა, რომ მას „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა აქტივისტმა კისერში ხელი წაავლო და მისი გაყვანა სცადა. „ვინ წაავლო ხელი ბავშვსა, რას ატირებთ ბალღს? ბალღი არის სუფთა გულისა და თქვენა ხართ სუფთა აფერისტები“, – განაცხადა სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ელდარ გიგიტელაშვილმა.

დაპირისპირება აფენში – 15 აგვისტოს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენის მაცხოვრებლებთან, რომლებიც სოფლის ტერიტორიული ორგანოს შენობასთან აქციას მართავდნენ, შესახვედრად „ქართული ოცნებიდან“ ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე მივიდა. აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ დავით ლობჟანიძემ სოფელ აფენის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს თინა ყაველაშვილს მიმართა და უთხრა, რომ ხალხისთვის ეპასუხა, რატომ მიიღეს სტიქიით დაზარალებულებმა, რომლებსაც მეორე კატეგორია ჰქონდათ, 1000 ლარის ნაცვლად 500 ლარი. ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ რაიონის ხელმძღვანელებს ელოდებოდა. რამდენიმე წუთში, აფენში, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გურამ კაკალაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ლოლაძე მივიდნენ. დეპუტატმა კაკალაშვილმა აქციის მონაწილე მამაკაცს, რომელიც სოფლის გამგებლისგან განმარტებებს ითხოვდა, ხმამაღლა უყვირა: „რა გაყვირებს ბიჭო, ამ ქალბატონს რატომ უყვირიხარ?“, – კაკალაშვილმა მამაკაცს ხელი მოჰკიდა და გასვლა მოსთხოვა. დეპუტატის საქციელი აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს და კაკალაშვილს მიუახლოვდნენ. „ხელი არავინ დამადოს, თორე...“, – განაცხადა დეპუტატმა.
აქციის მიმდინარეობის დროს ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. 


ინციდენტი წინანდალში – 17 აგვისტოს, „ქართული ოცნების“ აქტივისტები მოსახლეობის ინფორმირების მიზნით თელავის რაიონის სოფელ წინანდალში პლაკატებს აკრავდნენ წარწერით: „ზარალი არ არის ანაზღაურებული“. წინანდლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა არჩილ მეგუთნიშვილმა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო მაისური ეცვა, ახალგაზრდებს პლაკატების ჩამოხსნა მოსთხოვა. „ჩამოხსენით ეხლა, გეუბნებით,“ – მიმართა რწმუნებულმა ახალგაზრდებს. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ წევრებმა უპასუხეს, რომ რწმუნებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ცდილობდა, არჩილ მეგუთნიშვილმა მათ სოფლის დატოვება მოსთხოვა: „ეხლა გამოხატვა არ მინდა, მე გეუბნებით ჩამოხსენით, სულყველა კმაყოფილია ჩვენი მთავრობისა და გეუბნებით, ჩამოხსენით. ვერ უყურებ შენ კაცო, ეხლა არ გადავდივარ თავხედობას და არ მინდა რაღაცეები და მაინცდამაინც მაწვებიან „იმენა“ ჩემი შვილის ტოლები. ბიჭო შენ ვერ გაიგე? ვერ გაიგე შენა? ვერ გაიგე და გაგაგებინებ ეხლა ძმაო, გაგაგებინებთ ეხლა, დავაი, აახვიეთ ეხლა, წადი რა სხვაგან გააკარი, არ მაინტერესებს, გეუბნები რა, დავაი წადით,  დავაი,“ – ყვიროდა რწმუნებული, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო მაისური ეცვა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა ირინე ურუშაძემ განუცხადა, რწმუნებულის ქმედება, რაც საარჩევნო კანონმდებლობით აგიტაციის უფლების გამოყენებას გულიხმობს, 2 000 ლარით დასჯადი ქმედებაა. დაზუსტებული ინფორმაციით, არჩილ მეგუთნიშვილი შვებულებაში არ იმყოფება. მომხდართან დაკავშირებით მან კახეთის საინფორმაციო ცენტრთან კომენტარი არ გააკეთა.

ინციდენტი გურჯაანის გამგეობაში – 17 აგვისტოს ინციდენტი მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში. „ქართული ოცნების“ წევრები მოქალაქე ქეთო თათულაშვილს, რომელმაც მათ თავისი გასაჭირის შესახებ შესჩივლა, ვითარების გასარკვევად გამგებლის მოადგილესთან შეჰყვნენ. გამგებლის მოადგილემ გოგა პეტრუზაშვილმა თავდაპირველად „ქართული ოცნების“ წევრები მიიღო, რამდენიმე წამში კი, მას შემდეგ რაც მისი სამუშაო ოთახი ჟურნალისტებით გაივსო, ყველას ოთახის დატოვება მოსთხოვა. ვიდრე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ჟურნალისტები გამგებლის მოადგილის ოთახს დატოვებდნენ, გოგა პეტრუზაშვილი ოთახიდან თვითონ გავიდა. მოქალაქე ქეთო თათულაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით უკმაყოფილების ხმამაღლა გამოთქმას აგრძელებდა. „ქართული ოცნების“ კახეთის კოორდინატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა გამგებლის მოადგილეს მოსთხოვა, რომ მოქალაქისთვის ყურადღება მიექცია, რის გამოც გოგა პეტრუზაშვილმა მას დემაგოგი და პროვოკატორი უწოდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ გამგებლის მისაღებში პოლიციის თანამშრომლები გამოიძახეს. გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილემ გოჩა სიბაშვილმა ჟურნალისტებს და „ქართული ოცნების“ წევრებს მისაღებიდან გასვლა მოსთხოვა. ამ დროს მოქალაქე ქეთო თათულაშვილი ავად გახდა. გამგეობის თანამშრომლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ექიმების მოსვლის დროს გამგეობის მისაღებში მხოლოდ „რეალ TV“–ის კამერა დატოვეს. იქ მყოფმა სხვა ჟურნალისტებმა მისაღებში შესვლა მოითხოვეს, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელმა ლევან უტიაშვილმა ძალის გამოყენებით მისაღებში შესასვლელი კარი მოხურა და ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჟურნალისტს თეა ალავერდაშვილს თითები მოატანა. ჟურნალისტი დაშავდა. ექიმების განცხადებით, მან სხეულის მსუბუქი დაჟეჟილობა მიიღო.

ინციდენტი იორმუღანლოში – „ქართული ოცნებიდან“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინა ხიდაშელი 17 აგვისტოს შეხვედრებს საგარეჯოს რაიონის სოფლებში მუღანლოსა და ქეშალოს მაცხოვრებლებთან მართავდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. ჩხუბში აქტიურად მონაწილეობდნენ სოფელ დუზაგრამის გამგებელი მუხტარ ისმაილოვი, სოფელ ლამბალოს გამგებელი ალახიარ აბდულაევი, სოფელ თულარის დეპუტატი საკრებულოში ვექილ ვექილოვი, სოფელ ქეშალოს გამგებლის თავთუხ კაჭიევის დისშვილი და გამგეობის თანამშრომელი ადრე ნასამართლევი ილგარ გაჯიევი, რომელიც ვიდეოკამერის დამტვრევასაც ცდილობდა. აღნიშნული პირები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ „info.9.com“-ის წარმომადგენლის გიორგი ნანუაშვილის მიმართ, რომელიც სააგენტო „ინფო 9“-ის წარმომადგენლად მიიჩნიეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. წინასაარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლის ბრალდებით, თინათინ ხიდაშელმა სოფელ იორმუღანლოს პოლიციაში დუზაგრამას გამგებლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

ინციდენტი მაშნაარში – 13 აგვისტოს, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა აქტივისტებმა სოფელ მაშნაარში „ქართული ოცნებიდან“ სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გელა გელაშვილის წინასაარჩევნო  შეხვედრის ჩაშლა საყვირებით სცადეს. იმ დროს, როდესაც კანდიდატი ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამას აცნობდა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები რამდენიმე მანქანიდან ერთდროულად ასიგნალებდნენ. სახელისუფლებო პარტიის აქტივისტებს თან ე.წ. „თავისუფალი ჟურნალისტი“ ნათია მირიანაშვილი და მისი „ოპერატორი“ გოგონაც ახლდნენ. ნათია მირიანაშვილი და მმართველი პარტიის სხვა აქტივისტები სააგენტო „ინფო 9“-ის და ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჟურნალისტებს „საქართველოს მოღალატეებს“, „ქართული ოცნების“ აგენტებს და „დებილებს“ უწოდებდნენ.

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

სააგიტაციო პლაკატები სოციალური სამსახურის ოთახში – კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 13 აგვისტოს გაავრცელა ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც ასახავს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, სოციალური სამსახურის ერთ–ერთ ოთახში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სააგიტაციო პლაკატებია გაკრული. „მე ვაფანატებ სააკაშვილზე. გინდაც აქ არა ვმუშაობდე, მე მაინც მიყვარს, დედაჩემიც აქ არ არის, მარა აბოდებს. მე ეს პიროვნება მიყვარს. პირადად ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიყვარს“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის გამგეობის სოციალური სამსახურის სპეციალისტმა მარინე ჩითინაშვილმა.

სააგიტაციო პლაკატები სოფლის გამგეობის შენობაში – 16 აგვისტოს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც ასახავს, რომ სოფელ ჩალაუბანში, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის და სპეციალისტების სამუშაო ოთახებში კედლებზე „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო პლაკატებია განთავსებული. სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო ნომერი შენობის მეორე სართულზე,  ფანჯრებზეც არის გაკრული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტს ირინე ურუშაძეს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ირღვევა ნორმა, რომლითაც აკრძალულია სააგიტაციო მასალების ადგილობრივი თვითმმართველობის ინტერიერსა და ექსტერიერში განთავსება. „იმ მოხელის მხრიდან, რომელსაც კაბინეტში აქვს გაკრული პლაკატები, ხდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და მის მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული სანქცია - 2000 ლარის ოდენობით. ამ ფაქტით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს საარჩევნო ადმინისტრაცია და უწყებათაშორისო კომისია. მსგავსი შემთხვევები 2010 წლის არჩევნების პერიოდშიც დაფიქსირდა და მოხდა კიდევაც ერთ-ერთი მოხელის დაჯარიმება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისათვის“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ირინე ურუშაძემ.
უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია – 17 აგვისტოს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისმა კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და სახელმწიფო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართა. „უწყებათაშორისი კომისიისათვის ცნობილი გახდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების შენობებში მმართველი პარტიის სააგიტაციო პლაკატები და საარჩევნო ნომერი იყო განთავსებული. კომისიის აზრით, მსგავსი ქმედებები წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო აგიტაციის მიზნით გამოყენებას, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა და  2 000 ლარის ოდენობით ფინანსურ სანქციას ითვალისწინებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის კანონდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენციას წარმოადგენს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისია რეკომენდაციას აძლევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და სახელმწიფო დაწესებულებებს: დროულად მოახდინონ თავიანთი თანამშრომლების ინფორმირება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო დაწესებულებების ოფისებში პარტიული სიმბოლიკის განთავსება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს. პროაქტიულად მოახდინონ შემოწმება, აქვს თუ არა მათ დაქვემდებარებულ უწყებებში ასეთ ფაქტებს ადგილი და კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, აღკვეთონ მსგავსი პრაქტიკა“, – ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი წინასაარჩევნო დაიჯესტს 1 ოქტომბრამდე, ყოველ შაბათს გამოაქვეყნებს.
პასუხისმგებელი პირი გელა მთივლიშვილი : Mtivlishvili@gmail.com ტელ: 599 34 34 77

იხილეთ წინა დაიჯესტი:

ახალი ამბები