კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამომრჩევლის მოსყიდვა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატის მხრიდან

29 აგვისტო, 2012
 
გელა მთივლიშვილი, 
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ნაციონალური მოძრაობიდან“ დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ოტიაშვილმა ჩარგალში, ვაჟაობაზე, ერთ–ერთ ამომრჩეველს 500 ლარი გადასცა. როგორც ოტიაშვილმა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, უსინათლო მომღერალს საკუთარი თანხით დაეხმარა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის განცხადებით, ეს ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

ჩარგალში, 25 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ვაჟაობა გაიმართა. ვაჟაობას „ნაციონალური მოძრაობიდან“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ოტიაშვილიც ესწრებოდა. ოტიაშვილმა რომ ღონისძიების ერთ–ერთ მონაწილეს 500 ლარი გადასცა, ამის შესახებ მისივე მხარდამჭერებმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის გვერდზე დაწერეს.

„გუშინდელ დღეს, ვაჟაობას ნამდვილად არ გააშუქებდნენ, რადგან იქ ბევრი კარგი რამ მოხდა. თუნდაც ის, რომ ზურა ოტიაშვილმა პირადად აჩუქა უსინათლო ბიჭს 500 ლარი. ვინ მოსთვლის კიდევ რამდენ გაჭირვებულს დახმარებია. ამ ყველაფერს დანახვა უნდა. სასაცილოა მართლა მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ობიექტურობაზე საუბარი“, – წერს „ფეისბუქის“ ერთ–ერთი მომხმარებელი ზოია.
 
ერთ–ერთმა მომხმარებელმა ლია ნოღაშვილმა მას ჰკითხა, ამ ფაქტს ვინ დაადასტურებს. „ამ ფაქტს დაადასტურებს ყველა ის ადამიანი, ვინც ესწრებოდა ღონისძიებას. სცენაზევე გადასცა იმ ბიჭს ეგ ფული. დარწმუნებული ვარ, ეს არც პირველი ყოფილა და არც უკანასკნელი ზურა ოტიაშვილის მხრიდან გაჭირვებული და დაუცველი ადამიანების დახმარება“, – პასუხობს ზოია.
 
კიდევ ერთი მომხმარებელი ქეთო ხერკელაძე აღნიშნავს: „ამას დაადასტურებს ქალბატონო ლია იქ მყოფი ნებისმიერი ადამიანი, ვისაც გნებავთ შეეკითხეთ. ასეთი სიკეთე ოტიაშვილისაგან პირველი არ არის და არც უკანასკნელი. თავისი გამგებლობის პერიოდშიც უამრავჯერ დახმარებია გაჭირვებულებს, მაგრამ ვისაც არ უნდა დანახვა, ვერ ხედავენ“.
 
ვაჟაობისთვის ჩარგალში იმყოფებოდნენ ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ და სააგენტო „ინფო9“–ის გადამღები ჯგუფები, თუმცა არცერთი საინფორმაციო საშუალების მიერ გაშვებულ მასალებში ეს ფაქტი არ აღმოჩნდა.
 
ღონისძიების ერთ–ერთ მონაწილეს რომ ნამდვილად გადასცა 500 ლარი, მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ეს ფაქტი თავად „ნაციონალური მოძრაობიდან“ დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ოტიაშვილმა დაუდასტურა.
 
„გაჭირვებული იყო და ადამიანურად დავეხმარე. თქვენც რომ ნახოთ, თქვენც დაეხმარებით. აი, ამიტომ ვერ ვუგებთ ერთმანეთს, ახლა ამაზეც გამაკრიტიკებთ.
 
ბატონო ზურაბ, არ მიგაჩნიათ, რომ ეს ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვაა?

– არა, რა შუაშია ამომრჩევლის მოსყიდვა. ჩემი ჯიბიდან დავეხმარე ადამიანურად. შემეცოდა და დავეხმარე. უსინათლო იყო“, – განაცხადა ოტიაშვილმა.
 
მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ პირი, რომელსაც ზურაბ ოტიაშვილმა 500 ლარი გადასცა, 19 წლის გიორგი ბასილაშვილია. ის დუშეთში ცხოვრობს და ვაჟაობაზე დუშეთის გამგეობის კულტურის განყოფილების მიწვევით იმღერა.
 
გიორგი, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ზურაბ ოტიაშვილმა ვაჟაობაზე თანხა გადმოგცათ.

– კი, ნამდვილად დამეხმარა. ფულადი თანხით დამაჯილდოვა.
 
იქვე გადმოგცათ?

– კი.
 
რამდენი?

– 500 ლარი.
 
ირინე ურუშაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი: „ზურაბ ოტიაშვილი არის პოლიტიკური მიზნის მატარებელი სუბიექტი. როცა ის პირს აძლევს თანხას, ეს ადამიანი მოქმედებს საარჩევნო მიზნით. მან პიარ აქციით საჯაროდ, რამდენიმე ხმა მოისყიდა. ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია“.

საარჩევნო საკითხების სპეციალისტის ნინა ხატისკაცის განცხადებით, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს შესაძლოა რეგისტრაცია გააუქმდეს.

„საარჩევნო კოდექსის 47–ე მუხლი ამომრჩევლის მოსყიდვას უფრო ფართოდ განმარტავს, ვიდრე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს კანონი. თუ სისხლის სამართლის კოდექსი ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულია საარჩევნო სუბიექტისთვის რეგისტრაციის გაუქმება. ფაქტზე რეაგირებისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა მიმართონ“, – განუცხადა ნინა ხატისკაცმა მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს.

ამავე დროს, ამომრჩევლის მოსყიდვა დასჯადი ქმედებაა საქართველის სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლით. ამომრჩევლის მოსყიდვა, კერძოდ - ეს არის პოლიტიკური მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მოთხოვნა ან მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.

ახალი ამბები