კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სექსუალური ძალადობა საქართველოში

30 აგვისტო, 2012

ნინო ღვედაშვილი, http://humanrightshouse.org

26 წლის ეკა (პირობითი სახელია) 9 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელს კი 3 წლის წინ მიაკითხა, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა. ეკა დღეს 3 შვილის დედაა. თუმცა, მისი ფსიქოლოგის, მანანა სონღულაშვილის თქმით, მისი ფსიქო-ტრავმა დღემდე არ დასრულებულა.

ეკა მომხდარს ვერავის უმხელს. მოძალადე მისი მეზობელი და მეუღლის მეგობარია. შესაბამისად, ზოგჯერ მის სახლშიც შემოდის. ეკა განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევაა და მისი რეაბილიტაცია ფსიქოლოგისთვის საკმაოდ რთული აღმoჩნდა ტრავმის ხანდაზმულობისა და სიმძიმის გამო. მანანა სონღულაშვილი აღიარებს, რომ ეკას ტრავმასთან გამკლავება მის კომპეტენციას სცდება და ცდილობს, ბენეფიციარი სხვა დარგის სპეციალისტს (ფსიქიატრს) გადააბაროს, რაც ჯერჯერობით, მსხვერპლის ურჩობის გამო, არ გამოსდის. 

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის კვლევების ფარგლებში გამოკითხული ქალების ნახევარზე მეტს სექსუალური ძალადობა 18 წლამდე განუცდიათ, ხოლო მისგან მიღებულ ტრავმას ხშირად წლების შემდეგ ფსიქოლოგთან კონსულტაციამდე ვერც აცნობიერებენ. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მხოლოდ სექსუალური ძალადობის ფაქტის გამო მომართვა თითქმის არასოდეს ხდება და ამის გაცნობიერებას ქალები მაშინ იწყებენ, როცა ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობენ. ორგანიზაციის ფსიქოლოგი მანანა სონღულაშვილი აცხადებს, რომ მათი ბენეფიციარების 22 პროცენტი სექსუალური ძალადობის მსხვერპლნიც არიან, „თუმცა ქალები ამაზე თავიდან არ საუბრობენ და მხოლოდ რამდენიმე სეანსის შემდეგ ვლინდება, რომ ეს ასეა“.
 
გაეროს სტატისტიკა გაუპატიურების რაოდენობრივი მაჩვენებლის შესახებ, 63 ქვეყნის ჩამონათვალში საქართველოს მონაცემებს არ შეიცავს. ორგანიზაციის მონაცემებით, 2009 წელს ოფიციალურად რეგისტრირებული სექსუალური ძალადობის შემთხვევა მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში 19 და 25 იყო, რუსეთში - 6000-ზე ოდნავ მეტი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, იმავე წელს საქართველოში ოფიციალურად 48 საქმე შევიდა სასამართლოში. თუმცა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მაინც 2008 და 2011 წელს იყო - 53 და 53. 2008 წლიდან დღემდე კი სულ 170 საქმეა შესული სექსულური დანაშაულების ფაქტზე, რომელთაგანაც უმრავლესობა არასრულწლოვნის მიმართაა ჩადენილი.

უფლებადამცველები აღიარებენ, რომ სექსუალური ძალადობა ძალიან ტაბუირებული თემაა საქართველოში და ამ დანაშაულის გამჟღავნება იშვიათად ხდება.

ხათუნა კუნჭულია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონალური პროექტის - ქალები ერთიანდებიან კონფლიქტებს მიღმა - კოორდინატორი: „საქართველოში არსებობს სტიგმა და ამაზე არ ლაპარაკობენ. ომის დროსაც ასე იყო. ადამიანები ყვებოდნენ, რომ მათ ნახეს, მომსწრე იყვნენ გაუპატიურების, მაგრამ არავინ ლაპარაკობდა საკუთარ თავზე“.

ანა არგანაშვილი, სახალხო დამცველის ბავშვის და ქალის უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი: „სექსუალურ ძალადობაზე შეტყობინებები ოჯახში ძალადობის კონტექსტში, ვერ კეთდება. აქ უპირველესი პრობლემა ისაა, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს დიდი ტაბუ ამ თემაზე. როგორც ჩანს, ამას დამატებითი მომზადება და ცნობიერების ამაღლება სჭირდება“.

პრობლემის სიმძიმის მიუხედავად, ქართული კანონმდებლობა აღნიშნულ საკითხს საკმაოდ ლოიალურად უდგება და მაქსიმალური სასჯელი 6 წელია (სსსკ 137-ე მუხლი). სასჯელი მძიმდება მხოლოდ არასრულწლოვანი მსხვერპლის შემთხვევაში და ისჯება თავისუფლების აღკვეთით თხუთმეტიდან ოც წლამდე. ბოლო ექვსი წლის მანძილზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 საქმე განიხილა სექსუალური ძალადობის მუხლებით, რომელთაგანაც 97 შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
სტატისტიკის მსგავსი სიმცირე იმითაც აისხნება, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის საქმის წარმოების პრაქტიკა საკმაოდ გართულებული და დამძიმებულია.

დამახინჯებულ პრაქტიკაზე საუბრობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე: „ქართული კანონმდებლობა ძალიან ლოიალურია ამ მხრივ. აღნიშნული დანაშაული თავისთავად იმდენად მძიმეა, რომ ძალიან ხშირად მსხვერპლი ფსიქიკური პრობლემის წინაშე დგება და, შესაძლოა, მთელი ცხოვრება გაჰყვეს სავალალო შედეგები. და, როდესაც ასეთ მცირე სასჯელს უსჯი ან საპროცესო გარიგებით უშვებ მოძალადეს, მიმაჩნია, რომ კანონმდებლობა ძალიან ლოიალურია. ამას ემატება ის, რომ პრაქტიკაში უგულვებელყოფილია სექსუალური ძალადობის მსხვერპლის უფლებების დაცვა. ხშირად ირღვევა მათი ანონიმურობა და იმდენად დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვის ქვეშ ხვდებიან, რომ ურჩევნიათ, უარი თქვან საქმის გაგრძელებაზე. ამასთანავე, საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლების დამოკიდებულება მსხვერპლების მიმართ ძალიან ირონიულია და ხშირად სექსუალური ძალადობის საქმეები საბოლოოდ თაროზე შემოიდება ხოლმე“.

სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს სახალხო დამცველი 2010 წლის ანგარიშში და აცხადებს, რომ „ოჯახში ძალადობის შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გამოწერა პოლიციას შეუძლია (ახორციელებს), უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ ფსიქოლოგიური,  ეკონომიური ძალადობისა და, გარკვეულწილად, იძულების შემთხვევაში და არა ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შემთხვევაში“.

ოჯახური ძალადობის კანონის არაეფექტურობაზე საუბრობს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი ლელა ცისკარიშვილიც: „ოჯახური ძალადობის შესახებ კანონი არ მუშაობს ეფექტურად, რადგან სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 2007 წლიდან მოყოლებული დღემდე მხოლოდ1000 გამოძახებაა, რაც ძალიან ცოტაა“.

„ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროსაბჭოს კონვენცია მსოფლიოში პირველ სამართლებრივად სავალდებულო ინსტრუმენტს წარმოადგენს  და ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და მოძალადეთა დაუსჯელობის აღკვეთისათვის თანმიმდევრულ სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის. აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტს ჯერ არ მოუხდენია. თუმცა, ამ მხრივ, მუშაობა უკვე დაიწყო და დაარსდა აღნიშნული კონვენციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროსაბჭოს კონვენციასთან შესატყვისად გააანალიზოს და მოამზადოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი სტამბოლის კონვენციათან ჰარმონიზაციის მიზნით.

„კონვენცია არა მხოლოდ სექსუალური ძალადობისგან, არამედ ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვას ეხება. მათ შორისაა ფსიქოლოგიური, სოციალური, ფიზიკური ძალადობის ფორმები, რაც სქესის ნიშნით შეიძლება იყოს მიყენებული. განსაკუთრებით საყურადღებოა კონფლიქტის და კონფლიქტის შემდგომ პერიოდში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები. კონვენცია სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ვალდებულების აღებას ითვალისწინებს, რათა ნებისმიერ შემთხვევაში, მოხდეს ქალების ძალადობისაგან დაცვა“, – აღნიშნა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ რუსუდან კერვალიშვილმა.

ქართული კანონმდებლობის საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პრობლემებას აღიარებს ირინა ჯაფარიძე - გაეროს ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის კომპონენტის მენეჯერი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხრიდან: „მთავარი მიზანი, რასაც ეს კონვენცია ემსახურება, არის პრევენცია. სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, რომ მოახდინოს სათანადო გულისხმიერებით  რეაგირება ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე და უზრუნველყოს აუციელებელი მომსახურების ხელმისაწვდომობა ასეთ მსხვერპლთათვის. ჩვენს მიერ დაქირავებულმა ექსპერტმა გააანალიზა საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით, რის საფუძველზეც მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, არსებობს საჭიროება გარკვეული ცვლილებებისა ქართულ კანონმდებლობაში. ევროსაბჭოს კონვენცით, გათვალისწინებულია ოჯახში ძალადობის ყველა ფორმის კრიმინალიზაციის მოთხოვნა, მათ შორის - სექსუალური ძალადობისა“.

დამცავი მექანიზმების მიუხედავად, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ოფიციალური სტატისტიკა ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალობას, ვინაიდან სექსუალური ძალადობა განეკუთვნება დაფარული დანაშაულების რიცხვს. ამას ემატება ის ფაქტი, რომ ქალზე ძალადობის შემთხვევებში საზოგადოება გაცილებით მკაცრია მსხვერპლის მიმართ, რითაც ძალადობის ლეგიტიმაციას ახდენს.

„ყოველთვის, როცა მსგავსი შემთხვევა ხდება, მომისმენია მსგავსი რეპლიკები: „თუ წესიერი ქალია, რა უნდოდა იმ ადგილას?!“ „რას მიდიოდა შუაღამისას, პატრონი არ ჰყავდა?!“ და ა.შ. ჩემი აზრით, მსხვერპლის დადანაშულება თავდაცვითი რეაქცია უფროა. ამით ადამიანი ძალადობის გამომწვევ მიზეზებს თავად მსხვერპლის საქციელში პოულობს და თავს იმშვიდებს, რომ მას ეს არ შეემთხვევა“, - გვიხსნის ნანა ძნელაძე, კავშირი „საფარი“.

თუმცა, კანონი ამ ყველაფრის მაღლა დგას და ამბობს, რომ არანებაყოფლობითი სექსუალური კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია მაშინაც, თუ ქალი ნებით გაჰყვა მამაკაცს და ბოლო მომენტში უარი თქვა სექსუალურ კავშირზე, ხოლო მამაკაცმა მაინც დაამყარა სექსუალური კავშირი. აქვე აღსანიშნავია ის, რომ გაუპატიურება დასრულებულად ითვლება სქესობრივი კავშირის დაწყების მომენტიდან.

ორიგინალი

ახალი ამბები