კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის სასურსათო პაკეტები შეიძინა

31 აგვისტო, 2012
მაკა მალაყმაძე, აჭარა

ბათუმის მერია და ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო პაკეტით ეხმარება. არც ერთი მათგანი აღნიშნულს მოახლოებულ არჩვენებს არ უკავშირებს. თუმცა, იმასაც აღიარებენ, რომ მსგავსი დახმარება გასულ წლებში მათი მხრიდან არ ყოფილა.

3 კგ. ბრინჯი; 2 კგ. წიწიბურა; 2 ლიტრი ზეთი; 10 კგ. ხორბლის ფქვილი; 5 კგ. მაკარონი; 5 კგ. შაქარი; 1 კგ. მარილი; 10 გრ. ჩაი შავი - ეს იმ 8 სახის პროდუქტის ჩამონათვალია, რაც ბათუმში 8 500, ხოლო ქალაქ ქობულეთში - 1 400 ოჯახმა უნდა მიიღოს. სასურსათო პაკეტის შემადგენლობა ორივეგან - ბათუმსა და ქობულეთში ერთნაირია და თითო პაკეტის ღირებულება 40 ლარს შეადგენს. აღნიშნულ მომსახურებას მათ ტენდერში გამარჯვებული შპს „მაჯა“ გაუწევს, რისთვისაც „მაჯა“ ბათუმის მერიიდან 340 000 ლარს, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან 55 999 ლარს მიიღებს. 

სასურსათო პაკეტი ბათუმისა და ქობულეთის ტერიტორიაზე იმ ოჯახებს გადაეცემა, ვინც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული და მისი სარეიტინგო ქულის ოდენობა 0-დან 100 000-მდეა. 

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯემალ ანანიძე სასურსათო პაკეტის ოჯახებზე გადაცემას, ზაფხულის სეზონის დროს პროდუქტზე ფასების მომატებით ხსნის: „ტურისტული სეზონის დროს პროდუქტზე ფასები იზრდება. ამიტომ გვინდა, მცირედით დავეხმაროთ ამ ოჯახებს. სასურსათო პაკეტში მცირედი და მხოლოდ აუცილებელი პროდუქტებია შესული“.

ანანიძე მერიის აღნიშნულ ინიციატივას მოახლოებულ არჩევნებს არ უკავშირებს: „ყოველთვის იყო მოსახლეობის პროტესტი ზაფხულობით პროდუქტზე ფასების მატების გამო. არჩევნებთან რამე კავშირში რომ იყოს, ნამდვილად არ გავაკეთებდით. ნამდვილად არ არის ეგრე“.

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული სასურსათო პაკეტით დახმარება მხოლოდ ქალაქ ქობულეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, კერძოდ, 0-დან 100 000 ქულის მქონე ოჯახებზე გადაწყვიტა. აღნიშნულს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, დალი გირითილაძე იმით ხსნის, რომ  ქალაქში მაცხოვრებელ ოჯახებს უფრო უჭირთ, ვიდრე სოფლად მცხოვრებლებს: „სოფელში მიწა აქვთ და ბოსტნეული მაინც მოყავთ. სოციალურად დაუცველ ოჯახებს ქალაქში უფრო უჭირთ. მათ ტურისტულ სეზონზე არც ბინის დამქირავებელი ჰყავთ. ამიტომ ამ კატეგორიაზე გადავწყვიტეთ დახმარება. მთლიანად მუნიციპალიტეტში რომ გაგვეცა აღნიშნული სასურსათო პაკეტი, მაშინ სხვა ხარჯი იქნებოდა საჭირო“.

არც დალი გირითილაძე უკავშირებს სასურსათო პაკეტების მოსახლეობაზე დარიგებას არჩევნებს: „არანაირ კავშირში არაა არჩევნებთან და არც 40-ლარიან სასურსათო პაკეტზე გაიყიდება ვინმე. საერთოდ, მე ძალიან არ ვარ ჩართული არჩევნებში და არ ვიცი, სად რა ხდება. მგონი, ვინმეს უფლებები არ დაგვირღვევია. გვინდა, ჩვენს მოსახლეობას, რითაც შეგვიძლია, დავეხმაროთ“. 

თვითონ მოქალაქეები  პროდუქტის მიღებით კმაყოფილი არიან. თუმცა, სასურსათო პეკატის შემადგენლობას იწუნებენ: „მართალია, მცირედია, მაგრამ ამითაც კმაყოფილი ვარ. შეიძლებოდა, წიწიბურას და ჩაის ნაცვლად, ზეთი ან ხორბლის ფქვილი, ან შაქარი დაემატებინათ“, - ამბობს მერი მამულაძე, ბათუმის მკვიდრი. 

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელიც და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსიც გვიდასტურებს, რომ მსგავსი დახმარება გასულ წლებში არ ყოფილა. „გასულ წელს ბიუჯეტი მწირი იყო. ამიტომ, როცა შევძელით, მაშინ განვახორციელეთ“, - გვითხრა დალი გირითილაძემ.

თუმცა, არის ერთი უცნაური გარემოება: როგორც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ასევე ქობულეთის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, მოსახლეობაზე სასურსათო პაკეტის დარიგებას ტურისტულ სეზონზე ფასების გაზრდით ხსნიან.  ტურისტული სეზონი კი აჭარაში აგვისტოს ბოლოს ნამდვილად არ იწყება. ხელისუფლებამ სწორედ აგვისტოს შუა რიცხვებში (ბათუმის მერიამ - 19 აგვოსტოს, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტმა - 17 აგვისტოს) დაიწყო ელექტრონული ტენდერით, აღნიშნულ მომსახურებობაზე წინადადების მიღება. შესაბამისად, ხალხისთვის სასურსათო პაკეტების გადაცემა 25 აგვისტოდან დაიწყეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან ოფიციალურად მოქმედებს წინასაარჩევნო პერიოდი. ამიტომ, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით გათვალისწინებულ ამომრჩეველთა მოსყიდვას, რის გამოც ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, დეტალურად შეისწავლოს სასურსათო პაკეტის დარიგების დასახელებული შემთხვევა და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, გაატაროს კანონით განსაზღვრული ღონისძიებები „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. 

ახალი ამბები