კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიას 102 საჩივრით მიმართა

31 აგვისტო, 2012
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

რუსთავში, ისევე  როგორც მთელ საქართველოში, საარჩევნო უბნები ერთი კვირის წინ გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ უბნების გახსნიდან მცირე დროა გასული,  მათ გამოჩენას უკვე 102 საჩივარი მოყვა. 102 საჩივრის ავტორი კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის შტაბია. 

შტაბის ხელმძღვანელი humanrights.ge-სთან 29 აგვისტოს  საოლქო საარჩევნო კომისიაში შემდგარ ხმაურიან შეხვედრაზე საუბრობს. ამბობს, რომ რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დღეს მათი საჩივრები განიხილეს. 

„რუსთავში თითქმის ყველა უბანზე, გახსნის  წუთიდან, დარღვევები დაფიქსირდა. უბნებზე არ იყო ქსეროქსის აპარატები, რის გამოც ჩვენმა კომისიის წევრებმა ოქმების წამოღება ვერ შეძლეს და ამან მთელი რიგი პრობლემები გამოიწვია. ირკვევა, რომ  უბანზე ჩატარებულ სხდომებზე   შედგენილი ოქმები არ ემთხვევა საოლქოში მიტანილ ოქმებს“, - ამბობს კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის შტაბის ხელმძღვანელი, ნინო ლომიძე. 

სხდომები, რომელზეც ლომიძე საუბრობს, ყველა საარჩევნო უბანზე 26 აგვისტოს ჩატარდა. უბნების გახსნისთანავე პირველი სხდომა შემდეგი თანამდებობების გადასანაწილებად შედგა: საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი.

„კომისიის წევრები ჩვენი კოალიციიდან აცხადებენ, რომ ოქმებში არ არის მითითებული მათ მიერ უბნის ხელმძღვანელად დასახელებული პირების გვარები. ასევე, მე-6 უბანზე გვაქვს ასეთი სიტუაცია - ქრისტიან დემოკრატებმა და სხვა მსგავსმა „ოპოზიციურმა“ პარტიებმა მხარი დაუჭირეს „ნაციონალების“ მოწონებულ უბნის თავჯდომარეს. შედეგად, „ნაციონალმა“ კანდიდატმა 9 ხმა მიიღო. თუმცა, ახლა ოქმში ვხედავთ, რომ ამ ადამიანს 9 კი არა, 7 ხმა მიუღია. მისი მხარდამჭერების სიიდან ხელისუფლების  სატელიტი პარტიები ამოვარდნენ. ეს გარკვეული ფიქრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაა. ალბათ, ჩათვალეს, რომ ასე ერთხმად მხარდაჭერა ცუდად ჩანდა. საერთო ჯამში უბნების გახსნიდან დღემდე 102 საჩივარი გვაქვს დაწერილი. მათი უმრავლესობა უბნებზე  ჩატარებული პირველი სხდომის ოქმებს მოყვა“, - ამბობს ლომიძე.

ჩვენ ვეცნობით რუსთავის  მე-6 საარჩევნო უბანზე შედგენილ №1 ოქმს. ოქმის პირველ ფურცელზე კომისიის ყველა წევრის ხელმოწერაა. თუმცა, ამ ხელმოწერებით წევრები სხდომაზე დასწრების ფაქტს ადასტურებენ. ხოლო დანარჩენ ფურცლებზე, სადაც სხდომაზე მიღებული შედეგები წერია,  კომისიის წევრების ხელმოწერები არ არის.  მათზე არც ხელმოწერის საჭიროების განმსაზღვრელი ადგილია. ფურცლები სტეპლერით არის შეკრული. 

შესაბამისად, ოქმის პირველი ხელმოწერილი ფურცლის გარდა დანარჩენების შეცვლა, თავიდან შედგენა და ა.შ. დიდ მოხერხებულობას არ მოითხოვს. პირველი ხელმოწერილი ფურცლით, სადაც კომისიის წევრები საკუთარი ხელმოწერით სხდომაზე მოსვლას აფიქსირებენ, შესაძლებელია სკრეპის გახსნა და სხვა ახალი ფურცლების ჩანაცვლება, რასაც ხელმოწერა არც  სჭირდება. 

რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, სოსო შველიძე humanrights.ge-სთან საუბრისას ამბობს: „ჩვენ საარჩევნო კანონმდებლობა არ გვავალდებულებს, უბანზე პირველივე სხდომაზე გვქონდეს ქსეროქსის აპარატი. მოგეხსენებათ რუსთავის მაშტაბები - ნებისმიერი უბნიდან ჩვენამდე მოსვლას  20 წუთი სჭირდება. ვისაც ეს ოქმი უნდოდა,  შეეძლო, მოსულიყო ჩვენთან, ეს 20 წუთი დაეკარგა და ოქმის ასლს გადავუღებდით. ზოგი ასეც მოიქცა. ვისაც დაეზარა და არ მოვიდა, ეს უკვე მისი პრობლემაა. რაც შეეხება ინფორმაციას ოქმების შეცვლასთან დაკავშირებით -  ჩვენ დავუკავშირდით იმ უბნების  კომისიის ხელმძღვანელებს და კომისიის წევრებს, რომელთა მიმართაც გამოთქმული არის ასეთი ეჭვები. მათ დაწერეს ახსნა-განმარტებები და აცხადებენ, რომ მსგავი რამ არ მომხდარა“. 

„რა ვქნა მე,  ვის დავუჯერო?! “ - რიტორიკულად გვეკითხება რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი. 

ახალი ამბები