კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს

3 სექტემბერი, 2012

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის კვლევის შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს. ამ თემაზე 4 სექტემბერს 14:00 საათზე ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.

ანგარიშში საარჩევნო კანონმდებლობის კონკრეტული დარღვევები შეფასებულია იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად ზემოქმედებს თითოეული როგორც ცალკე, ისე ერთობლივად - წინასაარჩევნო გარემოს სამართლიანობაზე.

ანგარიშში ვრცლად არის გაანალიზებული არჩევნების მომწესრიგებელი კანონმდებლობა, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების კონკრეტული ფაქტები. გამოყოფილია ის ძირითადი პრობლემები, რაც ახასიათებს როგორც შესაბამის ქართულ კანონმდებლობას, ისე ზოგადად მთლიან წინასაარჩევნო პროცესს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია საქართველოს საარჩევნო ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობებს შორის არსებულ განსხვავებებზე; საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე; განხილულია, აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის საქმიანობის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხები.

კერძოდ, ადამიანის უფლებათა ცენტრის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ყოფილი კონტროლის პალატის ძირითად ფუნქციას განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუციის 97-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველადი რედაქციით, საქართველოს კონტროლის პალატის უფლებამოსილებაში შედიოდა, მხოლოდ „სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვაზე“ ზედამხედველობა. კონტროლის პალატის დასახელებული, კონსტიტუციით განსაზღვრული კომპეტენცია და ასევე, მისი სახელწოდება შეიცვალა მხოლოდ 2012 წლის 22 მაისის კონსტიტუციური ცვლილებით. 2012 წლის 22 მაისს საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილება-დამატებების შესაბამისად კი, უკვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურად ჩამოყალიბებულ ყოფილი კონტროლის პალატის კომპეტენციაში შევიდა არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ, ზოგადად „საჯარო სახსრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვაზე“ ზედამხედველობა - ანუ, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების არასახელმწიფო სახსრებზე ზედამხედველობა, მაშასადამე - უფლებამოსილება, რომელსაც ეს ორგანო ისედაც ახორციელებდა 2011 წლის 27 დეკემბერს პარტიათა შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად.

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ 2011 წლის 27 დეკემბრიდან 2012 წლის 22 მაისამდე კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული საქმიანობა პარტიათა არასახელმწიფო სახსრების მონიტორინგის თვალსაზრისით, არ იყო გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის მაშინ მოქმედი რედაქციით.

ანგარიშში, ასევე საუბარია ამომრჩეველთა სიებზე და მოცემულია ინფორმაცია 1990 წლიდან დღემდე ამომრჩეველთა რაოდენობის ცვალებადობის თაობაზე, რაც საფუძვლიანი ეჭვის მიზეზს წარმოადგენს.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოიკვლია პოლიტიკური ნიშნით სავარაუდო ზეწოლის, მუქარისა და დევნის 39 შემთხვევა; ჟურნალისტების საქმიანობისთვის უკანონოდ ხელის შეშლის 10 შემთხვევა; მეწარმეებსა და კერძო მესაკუთრეებზე პოლიტიკური ნიშნით სავარაუდო ზეწოლის 7 შემთხვევა; აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (ყოფილი საქართველოს კონტროლის პალატის) მიერ მოქალაქეების - ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებათა წევრების, მათ შემომწირველთა და აქტივისტების დაკითხვისა და მათი დაჯარიმების მრავალი შემთხვევა.

მონიტორინგი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს და ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით. ადამიანის უფლებათა ცენტრს მონიტორინგში ასევე მხარდაჭერას უწევს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
03.09.12.

ახალი ამბები