კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიცვალებულებით ვაჭრობა პანკისის ხეობაში

4 სექტემბერი, 2012

გელა მთივლიშვილი,
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დუისის სასაფლაოზე 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰაუდინ ალდამოვი (დედის გვარით ქავთარაშვილი) 3 სექტემბერს, დილის 5 საათზე დაკრძალეს. პოლიციის თანამშრომლებმა და გარდაცვლილთა ახლობლებმა სასაფლაოზე ცხედრები შემოვლითი გზით მიიტანეს, რადგან პანკისის ხეობაში შესასვლელ გზაზე ჟურნალისტები ვიყავით გაჩერებულები.

ბოლო ორი დღის განმავლობაში პანკისის ხეობის მაცხოვრებლები ხეობის დატოვებას გვთხოვდნენ. მათ არაერთხელ გვითხრეს, რომ როგორც კი ჟურნალისტები ხეობიდან გავიდოდით, ცხედრებს გადასცემდნენ. რადგან ხეობა არ დავტოვეთ, გუშინ, საღამოს ქისტებმა გადაწყვიტეს, თუ ხელისუფლება მათ ღამით ცხედრებს არ გადასცემდა, დილიდან ხეობაში საპროტესტო აქციები დაიწყებოდა. აქციების გამართვა აღარ დასჭირდათ. ორი გარდაცვლილი ღამით დაკრძალეს.

დაკრძალვის დასრულებიდან რამდენიმე საათში დუისის სასაფლაოზე ხუთი ცარიელი საფლავი ადგილობრივებმა მიწით ამოავსეს. „თქვენი ბრალია მიწით რომ ვავსებთ, თქვენ რომ არ მოსულიყავით, ექვსივე ცხედარს გვაძლევდნენ“, – გვითხრეს დუისში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ჟურნალისტებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, დილამდე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ „ბოევიკთა“ შორის საქართველოს არცერთი მოქალაქე არ იყო. გუშინ, 2 სექტემბერს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ექსკლუზიურად მოიპოვა და გამოაქვეყნა სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი სამი ახალგაზრდის, ასლან მარგოშვილის, ბაჰაუდინ ალდამოვის და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ფოტოები. ამ საკითხზე შს სამინისტროში მთელი დღის განმავლობაში კომენტარს არ აკეთებდნენ.

დღეს, დილით კი შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იდენტიფიცირებული 7 ცხედრიდან 2 საქართველოს მოქალაქეა.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ახალი ინფორმაცია ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირთა ვინაობის შესახებ. ცხედრების ექსპერტიზის, დათვალიერებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაძლებელი გახდა 11 ლიკვიდირებული პირიდან 7 ცხედრის ვინაობის დაზუსტება. იდენტიფიცირებული 7 ცხედრიდან 2 არის საქართველოს მოქალაქე: ასლან მარგოშვილი, დაბადების თარიღი: 28/06/1990 და ბაჰაუდინ ქავთარაშვილი, დაბადების თარიღი 07/02/1986. 5 ცხედარი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან, აქედან ერთ-ერთი, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი არის დაბადებული გროზნოში, 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში. დანარჩენი იდენტიფიცირებულები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან: დუკვახა დოშუევი, დაბადების თარიღი: 19/01/1968,  დაბადების ადგილი ჩეჩნეთი, ქ. ვეგენო.  სალამ ზაურბეკოვი, დაბადების თარიღი: 14/12/1991, დაბადების ადგილი ჩეჩნეთი, ქ. გროზნო. ხაშიევ ჯაბრაილი, დაბადების თარიღი: 24/01/1989, დაბადების ადგილი ინგუშეთი. მუსა ადუევი, დაბადების თარიღი: 28/03/1981, დაბადების ადგილი ქ. გროზნო,“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

დაზუსტებული ინფორმაციით, ასლან მარგოშვილის და ბაჰაუდინ ალდამოვის ცხედრები ახლობლებს თბილისში, გლდანში, ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პროზექტურაში, 3 სექტემბერს, ღამის 3 საათზე გადასცეს. პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს უარი უთხრეს ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრის გადაცემაზე. პოლიციამ მოითხოვა, რომ ცხედრის წასაღებად პროზექტურაში მშობლები ან ძმები მივიდნენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დუისის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი წლების განმავლობაში სოფელ დუისში ცხოვრობდა, საშუალო სკოლაც დუისში დაამთავრა. მას ძმები და ოჯახი ავსტრიაში ჰყავს. ისინი საქართველოში 4 სექტემბერს, დილით ჩამოფრინდებიან.

ახლობლებს გარდაცვლილთა ცხედრები იმ პირობით გადასცეს, რომ მომხდარის შესახებ ჟურნალისტებთან არ უნდა ისაუბრონ. პანკისის ხეობაში სამივე გარდაცვლილის სახლთან პოლიციის თანამშრომლები, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და ვაჰაბისტები დგანან. ისინი ჟურნალისტებს არა მარტო ოჯახის წევრებთან გასაუბრების უფლებას არ აძლევენ, არამედ გზაზე გადაღებასაც კი უკრძალავენ.

ახალი ამბები