კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონტროლის პალატის საქმიანობა ხუთი თვის განმავლობაში არაკონსტიტუციური იყო - ადამიანის უფლებათა ცენტრმა შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

4 სექტემბერი, 2012

ელენე ჭუმბურიძე

4 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში, სადაც საარჩევნო პროცესში დაფიქსირებულ კონკრეტულ დარღვევებზეა საუბარი. ადამიანის უფლებათა ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე, სხვადასხვა დარღვევათა შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის საქმიანობაზე, რომელიც თითქმის ხუთი თვის განმავლობაში არაკონსტიტუციურ ფარგლებში მოქმედებდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში ასახავს 1 აგვისტომდე არსებულ მდგომარეობას. კვლევის ერთ-ერთი მიზანია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდართებთან მიმართებაში. შედარებამ აჩვენა, რომ არსებობს უამრავი შეუსაბამობა და უზუსტობა. განმარტებას საჭიროებს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის კონსტიტუციური საქმიანობა, რომლის სახელწოდება და ფუნქციები შეიცვალა 2012 წლის 22 მაისს. მანამდე მას კონტროლის პალატა ეწოდებოდა, რომლის ფუნქციას განსაზღვრავდა საქართველოს კონსტიტუციის 97-ე მუხლი. ამ მუხლის მიხედვით, კონტროლის პალატის კომპეტენციაში შედიოდა „სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვაზე“ ზედამხედველობა. ხოლო 2012 წლის 22 მაისს განხორციელებული ცვლილება-დამატებების საფუძველზე კონტროლის პალატას ეწოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელსაც დაეკისრა „საჯარო სახსრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვაზე“ ზედამხედველობა, რაშიც პარტიების არასახელმწიფო სახსრებიც იგულისხმება. არადა, ამ საქმიანობას კონტროლის პალატა 2011 წლის 27 დეკემბრიდან 22 მაისამდე ისედაც ახორციელებდა.

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ 2011 წლის 27 დეკემბრიდან 2012 წლის 22 მაისამდე სახელმწიფო კონტროლის პალატის საქმიანობა კონსტიტუციის ფარგლებს სცდებოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს ყოფილი კონტროლის პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რევიზიას და შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის დადგენას.

პრესკონფერენციაზე  აღინიშნა საარჩევნო კანონმდებლობის სხვა ხარვეზები და წინასაარჩევნო პროცესში დაფიქსირებული დარღვევების სტატისტიკაც. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ანგარიშში ასახა: პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და მუქარის 38 შემთხვევა, ჟურნალისტების საქმიანობისათვის ხელის შეშლის 10 შემთხვევა, მეწარმეებზე პოლიტიკური ნიშნით სავარაუდო ზეწოლის 7 შემთხვევა. სახელმწიფო აუდიტის მხრიდან პოლიტიკური გაერთიანებების წევრების, შემომწირველების, აქტივისტების დაკითხვისა და დაჯარიმების უამრავი შემთხვევა.

ანგარიშის თანაავტორის, მიხეილ შარაშიძის თქმით, დასკვნით ნაწილში გაანალიზებულია კანონმდებლობა და კონკრეტული ფაქტები. დასკვნიდან, ასევე, გამომდინარეობს ის რეკომენდაციები, რაზეც სასურველია, გამახვილდეს ყურადღება. ასევე აღნიშნულია ის საკითხები, რასაც გამოსწორება სჭირდება სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. თუმცა, მიხეილ შარაშიძის თქმით, ზოგიერთი საკითხის გამოსწორება უკვე დაგვიანებულია, რადგან ბევრი არასამართლებრივი ფაქტი დაფიქსირდა ბოლო თვეების განმავლობაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, უჩა ნანუაშვილის თქმით, აღნიშნული ანგარიში გადაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ მისიებს, ასევე სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, უწყებათაშორის კომისიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი უახლოესი კვირების განმავლობაში გეგმავს ორი სხვა ანგარიშის პრეზენტაციას, რომლებიც უკვე აგვისტოსა და სექტემბრის თვეების წინასაარჩევნო გარემოს შეეხება.

ახალი ამბები