კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავში გარეგანათების სამუშაოებს „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურებში ჩაცმულები ასრულებენ

5 სექტემბერი, 2012

ნათია დანელიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

თელავში შპს „გარეგანათების“ თანამშრომლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო მაისურებში ჩაცმულები მუშაობენ. შპს „გარეგანათება“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარით ფინანსდება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა ირინე ურუშაძემ განუცხადა, ეს ფაქტი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ამომრჩევლის მოსყიდვაა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა აღნიშნული ფაქტი 2 სექტემბერს, ალაზნის გამზირზე დააფიქსირა. „გარეგანათების“ თანამშრომლებმა კითხვაზე, რატომ აცვიათ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო მაისური სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, განაცხადეს, რომ როცა უნდათ მაშინ ჩაიცვამენ.

„გარეგანათების“ დირექტორმა კახა აზიკურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ მისი თანამშრომლები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან და უფლება არ აქვს მაისურის ჩაცმა აუკრძალოს.

რატომ მუშაობენ თქვენი თანამშრომლები „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო მაისურებით?

– გუშინ კვირა იყო, სახლიდან გამოვიყვანე ეგ ადამიანები, სასწრაფოდ იყო გასაკეთებელი რაღაც. სახლში ეცვათ ეგ მაისურები.

რა მნიშვნელობა აქვს კვირა იყო თუ არა, სამუშაოს შესრულების დროს ეცვათ პარტიის საარჩევნო მაისურები.

– ეხლა მაწვებით და იმას შვრებით... არ იყო სამუშაო საათები, სახლიდან გამოვიყვანე, ეგ მაიკები ეცვათ და ხომ არ ვეტყოდი გაიხადეთ მეთქი? არ მესმის თქვენი ჟურნალისტიკური ისა რა. ავარია იყო, მეზობლად ცხოვრობენ ეგენი, მივედი, ჩავსვი მანქანაში და წამოვიყვანე.

„ნაციონალური მოძრაობის“ მაისურით რატომ წაიყვანეთ სამუშაოს შესასრულებლად?

– ქუჩაში იდგნენ და ხომ არ ვეტყოდი ტიტლიკანები წამოდით მეთქი?

თქვენი ორგანიზაცია ბიუჯეტიდან ფინანსდება, თქვენი თანამშრომლები კი პოლიტიკური პარტიის მაისურით მუშაობენ, ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ არის?

მერე რა, რომ ბიუჯეტიდან ფინასდება, მე სამუშაოს შესრულებაში მიხდიან ფულს ისე კი არა. რა, რეკლამას ვაკეთებ? ჯერ ერთი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან და უნდათ და იცვამენ. თან გუშინ კვირა იყო, აგიხსენით უკვე.

სამუშაო საათებშიც არ უკრძალავთ თანამშრომლებს ამ მაისურების ჩაცმას?

– არავინ არ უკრძალავს არაფერს, უფლება არა მაქვს რომ მე ჩემს თანამშრომლებს ავუკრძალო ჩაიცვან თუ არა. ეს მათი უფლებაა რას ჩაიცვამენ.

ირინე ურუშაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი: „მნიშვნელობა არ აქვს კვირა დღე იყო თუ არა, მთავარია, რომ სამუშაოს ასრულებდნენ. ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იმიტომ, რომ მოხდა სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიების, გარეგანათების სამუშაოს შესრულება და ამ სამუშაოს შესრულების დროს გამოყენებული იყო პარტიის სიმბოლიკა, რაც ნიშნავს, რომ პარტია იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსებს. ამომრჩევლისთვის ეს ღონისძიება, გარეგანათების სამუშაოს შესრულება აღიქმებოდა როგორც პარტიის მიერ შესრულებული სამუშაო. ამის გამო, შესაძლებელია სამსახურს, ან მის უფროსს, რომელიც პარტიის მიზნებისთვის იყენებდა თავის რესურსს, 2 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისროს. ეს საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა შეისწავლოს, გაარკვიოს ვინ არის პასუხისმგებელი პირი და დააკისროს შესაბამისი სანქცია. ასევე, საუბარი შეიძლება ამომრჩევლის მოსყიდვაზეც, თუმცა არა ტიპიური მოსყიდვის შემთხვევაზე, რომელიც გათვლისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით. საარჩევნო კოდექსიც ითვალისწინებს ამომრჩევლის მოსყიდვას, როდესაც საარჩევნო სუბიექტი ისეთ სამუშაოს ასრულებს, რომელიც არ არის მისი ფუნქცია, ანუ ასრულებს თვითმმართველობის ფუნქციას და ეს როგორც მომსახურება ისე აღიქმება საზოგადოების მხრიდან, რაც საარჩევნო კოდექსის თანახმად პასუხისმგებლობის სახით სუბიექტის რეგისტრაციიდან მოხსნას იწვევს“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა თელავში, ამომრჩევლის მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი 31 აგვისტოსაც დააფიქსირა. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის განკუთვნილ დახმარებას „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურებში ჩაცმული ახალგაზრდები არიგებდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ბოტკოველის თქმით, ეს ადამიანები უბრალოდ გამვლელები იყვნენ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არ აქვს. ამ ფაქტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს რეაგირება არ მოუხდენია.

შეგახსენებთ, 2012 წლის 16 მაისს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოში „გლობალ TV“–ის ანტენებს „ქართული ოცნების“ მაისურებში ჩაცმული ახალგაზრდები ამონტაჟებდნენ. სტატიის საფუძველზე კონტროლის პალატამ საქმის შესწავლა დაიწყო და საბოლოოდ „ქართულ ოცნებას“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილებით კოალიცია დიდი რაოდენობის თანხით დაჯარიმდა.

ახალი ამბები