კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთაველ მოსამართლეს ერთი წითელი ხუთიანი გამორჩა

5 სექტემბერი, 2012

კაბინეტში გაკრული სააგიტაციო მასალისთვის საჯარო მოხელე არ დაჯარიმდა

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 9 აგვისტოს რუსთავის თვითმმართველობის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის კაბინეტში გაკრული „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო №5-ის მითითებით ერთი მცირე ზომის პლაკატი და მის გვერდით დიდი პოსტერი ნახა. ამ უკანასკნელზე პრეზიდენტი და ასაკოვანი ადამიანი იყვნენ გამოსახული. პოსტერის ბოლოს №5-თან ერთად იყო წარწერა „საქართველო სიღარიბის გარეშე“.

ამის შესახებ ვრცლად ვწერდით Humanrights.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში - „წითელი ხუთიანები რუსთავის თვითმმართველობის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის კაბინეტში“.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, სოსო შველიძე დაგვიკავშირდა. მისი თქმით, თემით უწყებათაშორისი კომისია დაინტერესდა და ადამიანის უფლებათა ცენტრისგან ითხოვდნენ მტკიცებულებას, საჯარო მოხელის კაბინეტში ნამდვილად იყო მსგავსი სააგიტაციო  მასალები გაკრული თუ არა.

ჩვენი მხრიდან საოლქო-საარჩევნო კომისიაში მივიტანეთ ინტერვიუს აუდიოჩანაწერი, სადაც გარკვევით ისმის, რომ კითხვაზე - თუ რატომ აქვს მსგავსი პლაკატები გამოკრული კაბინეტში, რუსთავის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი, მინდია აფციაური გვპასუხოდა: „მე რა ვიცოდი, რომ „ნაციონალებს“ ისევ №5 ექნებოდათ? კედელზე დიდი ღრუა და მაგას ვფარავ მაგ პლაკატით. მომიტანეთ რამე უკეთესი და იმას მივაფარებ“.

„აღნიშნულ ფაქტზე რუსთავის საოლქო-საარჩევნო კომისიამ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა მინდია აფციაურის 1 000 ლარით დაჯარიმება. თუმცა მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ახლა ცესკოსთან შეთანხმებით გადავწყვეტთ, გავასაჩივრებთ თუ არა ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში“, - გვითხრა რუსთავის საოლქო-საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, სოსო შველიძემ.

წითელ ხუთიანებთან დაკავშირებით 3 სექტემბერს რუსთავის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება წერილობით მხარეებს გადაუგზავნა. გადაწყვეტილების  სარეზოლუციო ნაწილში ვკითხულობთ, რომ მინდია აფციაური მართალია, არ უარყოფს თავის კაბინეტში მსგავსი პლაკატის არსებობას, მაგრამ მას კანონი მაინც არ დაურღვევია.

მოსამართლის გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „სასამართლომ დაადგინა, რომ მინდია აფციაურის სამუშაო ოთახში ნამდვილად იყო გამოფენილი ჩარჩოში ჩასმული ფოტოილუსტრაცია წარწერით „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, ციფრი ხუთი და მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი.

სასამართლო განმარტავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“ არ წარმოადგენს მიმდინარე საარჩევნო პროცესის მონაწილე სუბიექტს. იგი არ არის კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული და წარმოადგენს სხვა სუბიექტს, რომელიც მონაწილეობდა 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში. 2004 წელს ერთ პარტიად გაერთიანდნენ ნაციონალური მოძრაობა და „თავისუფალი დემოკრატები“ და ასეთი ფორმით მიიღეს მონაწილეობა 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

აღნიშნული საარჩევნო ბლოკი დღეის მდგომარეობით არ არსებობს. შესაბამისად, მხოლოდ ციფრი ხუთიანის არსებობა ამ პლაკატზე არ გულისხმობს, რომ მინდია აფციაურს მიმდინარე არჩევნებში 5 ნომრით დარეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალა ჰქონდა გამოკრული და ეწეოდა წინასაარჩევნო კამპანიას ამისათვის აკრძალულ ადგილას“.

შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ლოგიკით, საჯარო მოხელის კაბინეტში შესული მოქალაქე პრეზიდენტის ფოტოსა და იქვე წითელი ხუთიანის დანახვისას უნდა მიხვდეს, რომ ეს არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატი, არამედ  სულ სხვა პარტიის - „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების“ სააგიტაციო პოსტერია. მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილს, ალბათ, სჯერა, ან დააჯერეს, რომ საზოგადოებაში პრეზიდენტი და ციფრი ხუთი ერთად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სულაც არ ასოცირდება. 

თუმცა, კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ საქმიდან ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გაქრა.  Humanrights.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარი არ იყო მხოლოდ ერთ სააგიტაციო პოსტერზე. მასალაში გარკვევით გვეწერა, რომ აფციაურს  კაბინეტში პრეზიდენტის გამოსახულებიანი პლაკატის გარდა, ერთი მცირე ზომის პოსტერიც ჰქონდა გაკრული. მასზე კი მხოლოდ წითელი ხუთიანი იყო გამოსახული, ისე, რომ გვერდით არც „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“ ეწერა და არც  „ერთიანი ნაციონალური-მოძრაობა“. ორივე ეს სააგიტაციო მასალა ერთმანეთის გვერდით იყო გაკრული.

რატომღაც მეორე, მხოლოდ წითელხუთიანი პოსტერი სასამართლოს განხილვის თემა არ გახდარა. არადა, სააგიტაციო მასალა კაბინეტში მხოლოდ ერთი რომ არ ყოფილა, ეს ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ სასამართლოში წარდგენილ აუდიოჩანაწერშიც ჩანს, სადაც პლაკატებთან დაკავშირებით მინდია აფციაურს მრავლობით რიცხვში ვეკითხებით.

აღნიშნულ პლაკატთან დაკავშირებით რუსთავის საოლქო-საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სტატიის წაკითხვის შემდეგ აფციაურს ესტუმრა. თუმცა, მასთან მხოლოდ, ერთი პლაკატი დახვდა და ისიც უკვე ჩამოხსნილი ედოთ.

ახალი ამბები