კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყვარელში „ქართული ოცნების“ წევრები დააკავეს

5 სექტემბერი, 2012

4 სექტემბერს ყვარელში, გვიან ღამით, კოალიცია „ქართული ოცნების“  წევრები - ლევან ხუციშვილი და ზაზა როსტიაშვილი დააკავეს. პოლიცია მათ წვრილმან ხულიგნობაში ადანაშაულებს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლევან ხუციშვილის დამ, სააგენტო „ინფო9“–ს ჟურნალისტმა ნინო ხუციშვილმა განუცხადა, „ქართული ოცნების“ ორივე წევრი უსაფუძვლოდ, პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.

„ჩემი ძმა, ლევან ხუციშვილი არის „ქართული ოცნების“ აქტიური წევრი, ყვარლის რაიონში ზონის კოორდინატორია. წუხელ, გვიან ღამით, მეგობართან ზაზა როსტიაშვილთან ერთად იმყოფებოდა მის სახლში, სოფელ შილდაში. ეს ადამიანიც „ქართული ოცნების“ წევრია და ბოლო პერიოდში ორივეს მისამართით იყო მითითებები, რომ „ქართული ოცნებისთვის“ თავი დაენებებინათ. 01:00 საათზე მის სახლში შევარდა პოლიცია, სპეცოპერაციის სახე მისცეს და უთხრეს ჩემს ძმას, რომ ჩვენება გვაქვს, მეზობელს „შე ნაციონალო“ უწოდე და ახლა სახლში რომ იგინებოდით, მეზობელი შეწუხდა, თქვენ ბრალი გედებათ ადამიანის შეურაცხყოფაშიო. ეს მეზობელი არის ბაჩო ნიკოლოზიშვილი, რომელიც  „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის ბიძაშვილის მეუღლეა. მას ჰქონდა პირდაპირი დავალება, რომ პოლიციას ეს ადამიანები მისი ჩვენების საფუძველზე ხელში უნდა ჩაეგდო“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნინო ხუციშვილმა.

მისივე თქმით, გვიან ღამით, როცა ის მომხდარის დეტალების გარკვევას ცდილობდა, ბაჩო ნიკოლოზიშვილმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„მე ვარ „ინფო9“–ს ჟურნალისტი. ამიტომ ამ ამბის გასაშუქებლად შემთხვევის ადგილზე მივედი. ბაჩო ნიკოლოზიშვილი ქუჩაში დამხვდა. ძალიან წყნარად ვკითხე - რა მოხდა-მეთქი. ჯერ მიხსნიდა - ნაციონალი მიწოდაო, თან სახლში იგინებოდნენ, მე შევწუხდი, თან ჩემ ცოლ–შვილს ესმოდა და არ ვაპატიებდიო. მერე დამესხა თავს - ნასვამი იყო, მომაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა... ამის კადრებიც მაქვს და გავავრცელებ. მივედი პოლიციაში და ზუსტად სამი საათის განმავლობაში ვითხოვდი დაკითხვას. ვეუბნებოდი, რომ ვარ დაზარალებული, მაქვს კადრები, როგორ დამესხა თავს ადამიანი. ხუთჯერ დავრეკე 122–ზე, გენერალურ პროკურატურაში და სხვადასხვა უწყებებში. ბოლოს დამკითხეს. ვკითხე, როდის მიიღებთ ქმედით ღონისძიებებს-მეთქი და როცა ჩვენ გვინდაო - მიპასუხეს“, – აღნიშნა ნინო ხუციშვილმა.

5 სექტემბერს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ლევან ხუციშვილი და ზაზა როსტიაშვილი სამართალდამრღვევებად სცნო და მათ 400-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ვიდეო

ნათია დანელიშვილი,
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები