კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შვიდივე ლიკვიდირებული სპეცოპერაციამდე პანკისის ხეობაში ცხოვრობდა

5 სექტემბერი, 2012

შვიდივე ახალგაზრდა, რომელთა ლიკვიდაციაც ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განხორციელდა, სპეცოპერაციამდე პანკისის ხეობაში ცხოვრობდა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ დუისის მაცხოვრებლებმა განუცხადეს.

„ასლან მარგოშვილი და ბაჰაუდინ ალდამოვი აქაურები იყვნენ. ბაჰაუდინ ბაღაკაშვილიც აქ გაიზარდა, სკოლაც აქ დაამთავრა და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პანკისის ხეობაში ბიძამისთან ცხოვრობდა. დანარჩენი ოთხი ჩეჩენიც ხეობაში იყო და მათი აქ ყოფნის შესახებ პოლიციამაც იცოდა და უშიშროებამაც. ისინი 28 აგვისტოს საქართველოდან გასვლას ცდილობდნენ და არ შემოსულან, როგორც ეს შსს–მ განაცხადა“, – აღნიშნეს სოფელ დუისის მაცხოვრებლებმა.

ამ ინფორმაციას ადასტურებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. „ჩემი ვერსია არის, რომ ეს რაზმი დაღესტნიდან არ შემოსულა, ცალსახად შემიძლია გითხრათ. ის რაზმი მიდიოდა აქედან იქით და საიდან შეიკრიბა ეს რაზმი, საიდან გაჩნდა, საიდან დაიძრა, ეს ჯერჯერობით არ ვიცი. მე მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს ხელისუფლების ყურადღებას არ გამოპარვია, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ. სხვანაირად რომ ვთქვათ, რაღაცა ფორმით ხელისუფლების წარმომადგენელი ამ საქმეში ჩართული იყო“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

შეგახსენებთ, საქართველო – დაღესტნის საზღვართან, ლოპოტას ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს დაიწყო. შსს–ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 26 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნება, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. შსს–ს 29 აგვისტოს ინფორმაციით, ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი. შს მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა 29 აგვისტოს თელავში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 11 დივერსანტი ლიკვიდირებულია, 6 კი - ალყაშია. 3 სექტემბერს შსს–მ მხოლოდ 7 ლიკვიდირებულის ვინაობა დაასახელა. შსს–ს ცნობით, იდენტიფიცირებული 7 ცხედრიდან 2 არის საქართველოს მოქალაქე: ასლან მარგოშვილი, დაბადების თარიღი: 28/06/1990 და ბაჰაუდინ ქავთარაშვილი, დაბადების თარიღი 07/02/1986. 5 ცხედარი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან, აქედან ერთ-ერთი, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი არის დაბადებული გროზნოში, 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში. დანარჩენი იდენტიფიცირებულები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან: დუკვახა დოშუევი, დაბადების თარიღი: 19/01/1968,  დაბადების ადგილი ჩეჩნეთი, ქ. ვეგენო.  სალამ ზაურბეკოვი, დაბადების თარიღი: 14/12/1991,  დაბადების ადგილი ჩეჩნეთი, ქ. გროზნო. ხაშიევ ჯაბრაილი, დაბადების თარიღი: 24/01/1989, დაბადების ადგილი ინგუშეთი. მუსა ადუევი, დაბადების თარიღი: 28/03/1981, დაბადების ადგილი ქ. გროზნო.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები