კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ კოორდინატორებს ახლა უკვე პოლიციაში იბარებენ

10 სექტემბერი, 2012

ნინო ჟღენტი, for.ge

იმ დროს, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ მოუწოდებენ, „ქართული ოცნების“ წევრებზე ზეწოლა გრძელდება. For.ge-ს კოალიციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი ვარლამ ხათრიძე დაუკავშირდა, რომელმაც კოალიციის წევრების დაშინებისა და ზეწოლის კონკრეტული ფაქტების შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია.

ხათრიძის თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გარდა, კოალიციის წევრებსა და მხარდამჭერებს ახლა უკვე პოლიციის სამმართველოებში იბარებენ დასაკითხად და იქ მათზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენას ცდილობენ. For.ge ვარლამ ხათრიძეს ესაუბრა.

ვარლამ ხათრიძე: „4 სექტემბერს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მარინა ელიოზიშვილს სახლში მიაკითხა ირაკლი კაჭარავამ, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთის შს სამინისტროს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გახლავთ. კაჭარავამ ქალბატონ მარინას განუცხადა, რომ იგი პოლიციის განყოფილებაში იყო დაბარებული, თუმცა არ განუმარტა, რა სტატუსით, ან რა საქმესთან დაკავშირებით იბარებდნენ მარინა ელიოზიშვილს. მე მაშინვე განცხადებით მივმართე ირაკლი კაჭარავას ხელმძღვანელობას, რაზეც პასუხი არ მიმიღია. 5 სექტემბერს კი მარინა ელიოზიშვილს უკვე მთავარი სამმართველოდან უკავშირდება გამომძიებელი, ვინმე თამარ ზედგინიძე და მუქარით უთხრა, რომ თუ ქალბატონი მარინა თავის ფეხით არ გამოცხადდებოდა პოლიციაში, მას ძალით წაიყვანდნენ.

ამის შესახებ ვაცნობე შსს გენინსპექციას და სალხალხო დამცველსაც. აღსანიშნავია, რომ გამომძიებელმა ზედგინიძემაც არ განუმარტა ქალბატონ მარინას, რასთან დაკავშირებით და რა სტატუსით იბარებდნენ. თუმცა, აქვე გამომძიებელმა მას უთხრა - „როგორც ჩანს, თქვენ გყავთ ადვოკატი ვარლამ ხათრიძე, მაგრამ მაინც არაფერი გამოვა, აუცილებლად უნდა გამოცხადდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალით მოგიყვანთო“.

რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით მე მაშინვე მივმართე შესაბამის უწყებებს. 5 სექტემბერს შედგა ეს შეხვედრა, ანუ მარინა ელიოზიშვილი მივიდა დაკითხვაზე, რასაც მეც ვესწრებოდი. როგორც განგვიმარტეს, ქალბატონი მარინა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით დაიბარეს, მაგრამ არ დაუკონკრეტებიათ, ვის ეხება ეს საქმე, ანუ ვისზე არის საქმე აღძრული.

აქვე გეტყვით, რომ მარინა ელიოზიშვილი გახლავთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და სწორედ ამას უკავშირდება პოლიციის მხრიდან ამგვარი ქმედებები მის მიმართ. ქალბატონის დაკითხვა ყოველგვარი პროცესუალური ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა. ეს იყო დარბაზული ტიპის ოთახი, სადაც რამდენიმე ადამიანი იყო შეკრებილი და ყველა მათგანი სვამდა კითხვებს. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოვხატე, რის გამოც ჩემზე, ანუ ადვოკატზეც დაიწყეს ზეწოლა, იყო ყვირილი და შეურაცხყოფა.

- რას ეკითხებოდნენ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირს?

- იცით, როგორც ჩანს, მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ მარინა ელიოზიშვილი დაკითხვაზე მარტო მივიდოდა, მაგრამ ვინაიდან მას მეც ვახლდი, კითხვები მხოლოდ ქალბატონი მარინას შემოსავლებს ეხებოდა.

- მარინა ელიოზიშვილი „ქართული ოცნების“ შემომწირველია, თუ რატომ დაინტერესდნენ მისი შემოსავლებით?

- არა, ქალბატონი მარინა არ არის კოალიციის შემომწირველი, უბრალოდ იგი არის „ქართული ოცნების“ კოორდინატორი და აქტიურად არის კოალიციის საქმიანობაში ჩაბმული. საერთოდ, არ აქვს მნიშვნელობა თანხას შესწირავ თუ არა „ქართულ ოცნებას“, დაკითხვები უკვე კოალიციის ყველა მხარდამჭერის მიმართ ხორციელდება.

რა თქმა უნდა, ის ფორმა, რომლითაც მარინა ელიოზიშვილს კითხავდნენ (რასაც თან ახლდა ზეწოლა და შეურაცხყოფა), მე გავაპროტესტე და დაკითხვის ოქმშიც შესაბამისი შენიშვნები გავაკეთე. ამას უკვე ჩემი მისამართით მოჰყვა აგრესია. აქვე აღვნიშნავ, რომ დაკითხვა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

- თქვენ თქვით, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტთან დაკავშირებით დაიბარეს. თუკი საქმე თავად ელიოზიშვილს არ ეხებოდა, მაშინ ალბათ სხვა პიროვნებების შესახებ დაუსვეს კითხვები?

- საქმეც მაგაშია, რომ თავად გამომძიებლები მეუბნებოდნენ, რომ მარინა ელიოზიშვილზე საქმე აღძრული არ არის, მაგრამ არც იმას გვეუბნებოდნენ, ვის მიმართ აწარმოებენ გამოძიებას და თავად მარინა ელიოზიშვილსაც მხოლოდ მისი შემოსავლების შესახებ უსვამდნენ კითხვებს, სხვა იქ არავინ ნახსენები არ ყოფილა. ისინი უბრალოდ ამ მანტიას არიან ამოფარებულები, თითქოს, უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას იძიებენ. ეს დაახლოებით ისეთივე ფარსია, როგორც ის, რომ ამბობენ ხოლმე ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიქცევით ასეო და ვერავინ განსაზღვრავს, რა ოპერატიული ინფორმაცია აქვთ მათ. სინამდვილეში ისინი უბრალოდ იმით ინტერესებიან, „ქართული ოცნების“ წევრებს რა შემოსავლები აქვთ.

- ახლა როგორი ვითარებაა? მარინა ელიოზიშვილის მიმართ საქმის წარმოება მიმდინარეობს?

- მას პირდაპირ დაავალეს, რომ თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს, ანუ ის, რომ მას უკანონოდ შემოსული თანხები არ აქვს. ამ დროს მარინა ელიოზიშვილი არ მუშაობს, მას ჰყავს დედა, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და რომელიც ყოველთვიურად გარკვეულ თანხას უგზავნის. ამის დადასტურება სულ თავისუფლად შეგვიძლია, რადგან ეს ყველაფერი საბანკო გადარიცხვების მეშვეობით ხდება. მაგრამ საქმე იმაში კი არ არის, რომ მათ ეჭვი აქვთ, თითქოს მარინა ელიოზიშვილს უკანონო შემოსავალი აქვს, უბრალოდ, ისინი ზოგადად „ქართული ოცნების“ წევრების შემოსავლებით ინტერესდებიან და ამას ვითომ გამოძიების ინტერესებს ამოფარებულები აკეთებენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა, სულაც არ არის ვალდებული, მოიპოვოს რაღაც მტკიცებულებები და თავისი უდანაშაულობა ამტკიცოს.

- ასეთი შემთხვევები ხშირია?

- დიახ, მე პირადად რამდენიმე პირს ვიცავდი, რომლებიც ზუსტად ანალოგიური მოტივით იყო პოლიციაში დაბარებული. ამის მიზანი მხოლოდ ამ დაბარებულ პირებზე ზეწოლაა, რადგან დაკითხვის ოთახში რამდენიმე პირი ზის, სვამს კითხვებს, არის ყვირილი, ზეწოლა და ა.შ. ყველა ეს პირები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან და სწორედ ამ ნიშნით ხდება მათი დაბარება.

ორიგინალი

ახალი ამბები