კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა მოხდა ლოპოტას ხეობაში, რა ხდება პანკისში

11 სექტემბერი, 2012

გელა მთივლიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

რა მოხდა ლოპოტას ხეობაში; ვისი დახმარებით აპირებდნენ ეთნიკური ქისტები და ჩეჩნეთიდან ლტოლვილები საქართველოს საზღვრის გადაკვეთას; რა კავშირი აქვთ შს სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებს ლოპოტას ხეობაში მომხდარ მოვლენებთან; ვინ აწარმოებდა ქისტებთან ცხედრების გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებებს?

როგორ დაიწყო

2012 წლის 27 აგვისტოს, დილით, ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2“–მა და „იმედმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სოფელ ლაფანყურის ტყიდან, რომელიც დაღესტანს ესაზღვრება, 5 ახალგაზრდა: ლერი ხუცურაული, ლევან გარაშვილი, ბესიკ მიჯახკაშვილი, ტატო აღულიშვილი და თამაზ გამიერაშვილი დაიკარგნენ. დაკარგული ახალგაზრდების ახლობლები ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა, ახალგაზრდები ლეკებმა გაიტაცეს.

ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში თელავის გამგებელმა ნუგზარ ხუცაიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ ახალგაზრდები იპოვეს და უვნებლები არიან. კითხვაზე, სად იპოვეს ახალგაზრდები და როგორ ახსნეს დაკარგვა, გამგებელმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრა, რომ ამ საკითხებზე, საღამოს შესაძლებელია პრესკონფერენცია გამართულიყო და პასუხებს კომპეტენტური პირებისგან მოვისმენდით. „რუსთავი 2“–ს და „იმედს“, რომლებმაც ახალგაზრდების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გვაუწყეს, მათი პოვნის შემდეგ დაკარგულებთან გასაუბრების საშუალება აღარ მიეცათ. ლაფანყურში ჩასული ჟურნალისტები უკან დაბრუნდნენ. გვიან საღამოს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ლაფანყურის მაცხოვრებლებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლოპოტას ხეობაში შს სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი შევიდა, სოფელში შესასვლელი გზა კი პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი. რამდენიმე საათში საქართველოს შს სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ საქართველო – რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი, რომლის დევნის მიზნითაც სპეცოპერაცია დაიწყო. ლოპოტას ხეობა მთლიანად შსს–ს ქვედანაყოფებს ჰქონდათ ბლოკირებული. 29 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს სპეცდანიშნულების რაზმის 2 თანამშრომელი და 1 სამხედრო ექიმი დაიღუპა, 5 სპეცრაზმელი დაიჭრა. შსს-ს მონაცემებით, რაც შეეხება დივერსანტთა ჯგუფს,  შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრია ლიკვიდირებული, ალყაშია მოქცეული 6 დივერსანტი.

30 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლაფანყურში ადგილობრივ მაცხოვრებლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ლეკიანობას კახეთში ვერავინ ვერ გაიმეორებს. „დარწმუნდა მემგონი ყველა, რომ ვერც ბასაევის 90–იანი წლების თარეში და ვერც მე–17, მე–18, მე–19 საუკუნეების ლეკიანობას კახეთში ვერავინ ვერ გაიმეორებს. იქითაც ჩვენი ძმები არიან, ქედს იქით, მაგრამ ჩამოვიდნენ, როგორც ყოველთვის დადიოდნენ მშვიდობიანად სამეგობროდ, სავაჭროდ, სუფრაზე დიდი სიამოვნებით ყველას მივიღებთ“, –აღნიშნა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე სოფელში დააბრუნეს ე.წ. გატაცებული 5 ახალგაზრდა. მანამდე მათი ადგილსამყოფელის და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებსაც არ ჰქონდათ.

1 სექტემბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ლიკვიდირებულ „დივერსანტთა“ შორის საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, კერძოდ პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტები, რაც შსს–მ არ დაადასტურა. შსს-მ იმავე დღეს გაავრცელა განცხადება, რომ ლიკვიდირებული 11 ადამიანიდან საქართველოს მოქალაქე არცერთი არ არის. იმავე დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია პანკისის ხეობაში, კერძოდ კი სოფელ დუისის სასაფლაოზე გაჭრილი 6 საფლავის შესახებ, სადაც ადგილობრივების ცნობით, ლიკვიდირებულთა დაკრძალვა იგეგმებოდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა დუისის სასაფლაოზე ერთდროულად გაჭრილი 6 საფლავის ამსახველი ფოტო მასალაც. ამის მიუხედავად, შსს ჯიუტად აცხადებდა, რომ ლიკვიდირებულთა შორის საქართველოს არცერთი მოქალაქე არ იყო. 2 სექტემბერს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული 3 ახალგაზრდის, ასლან მარგოშვილის, ბაჰაუდინ ალდამოვის და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ფოტოები. პანკისის ხეობაში ჟურნალისტები აქტიურად ცდილობდნენ ინფორმაციის მოპოვებას, მედიის წარმომადგენლები ხეობას ღამითაც არ ტოვებდნენ. ხეობაში მცხოვრები ვაჰაბიტები (რამდენიმე მათგანი) და სოფელ დუისის გამგებლის ძმა ჟურნალისტებს ხელს გვიშლიდნენ მუშაობაში და ჩვენგან მოითხოვდნენ ხეობა დაგვეტოვებინა. ისინი მიგვანიშნებდნენ, რომ ეს ულტიმატუმი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოდიოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ცხედრებს ვერ მიიღებდნენ. თხოვნის და მუქარის მიუხედავად, ხეობა არ დავტოვეთ. 2 სექტემბერს გვიან საღამოს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თუ ღამით ცხედრების გადაცემა არ მოხდებოდა, 3 სექტემბერს, დილიდან მოსახლეობა ხეობაში აქციების დაწყებას აპირებდა.

ასლან მარგოშვილის და ბაჰაუდინ ალდამოვის ცხედრები ახლობლებს თბილისში, 3 სექტემბერს, ღამის 3 საათზე გადასცეს. ცხედრები დუისში შემოვლითი გზით შეიტანეს და ისე, რომ მუსლიმანური წესის მიხედვით სახლში არ დაუსვენებიათ, პირდაპირ სასაფლაოზე მიიტანეს და დაკრძალეს. დაკრძალვას არც ახლობლები დაასწრეს. უკვე დილით, 4 ცარიელი საფლავი მიწით ამოავსეს.

3 სექტემბერს, შუადღეს, შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და აღიარა, რომ ლიკვიდირებულთა შორის საქართველოს 2 და რუსეთის ფედერაციის 5 მოქალაქე ამოცნობილია. „ცხედრების ექსპერტიზის, დათვალიერებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაძლებელი გახდა 11 ლიკვიდირებული პირიდან 7 ცხედრის ვინაობის დაზუსტება. იდენტიფიცირებული 7 ცხედრიდან 2 არის საქართველოს მოქალაქე: ასლან მარგოშვილი, დაბადების თარიღი: 28/06/1990 და ბაჰაუდინ ქავთარაშვილი, დაბადების თარიღი 07/02/1986. 5 ცხედარი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან, აქედან ერთ-ერთი, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი არის დაბადებული გროზნოში, 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში. დანარჩენი იდენტიფიცირებულები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან: დუკვახა დოშუევი, დაბადების თარიღი: 19/01/1968,  დაბადების ადგილი ჩეჩნეთი, ქ. ვეგენო.  სალამ ზაურბეკოვი, დაბადების თარიღი: 14/12/1991, დაბადების ადგილი ჩეჩნეთი, ქ. გროზნო. ხაშიევ ჯაბრაილი, დაბადების თარიღი: 24/01/1989, დაბადების ადგილი ინგუშეთი. მუსა ადუევი, დაბადების თარიღი: 28/03/1981, დაბადების ადგილი ქ. გროზნო,“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

4 სექტემბერს, გამთენიისას საქართველოში ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის და–ძმაც ჩამოფრინდა ავსტრიიდან. მათ გარდაცვლილი ძმა პანკისის ხეობაში, დუისის სასაფლაოზე იმავე დღეს დაკრძალეს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამ დრომდე არ დაუკრძალავთ დანარჩენი 4 ადამიანი. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი ყარაჯალას სასაფლაოზე დაკრძალეს, რაც არ დადასტურდა.

რა მოხდა ლოპოტას ხეობაში – ვერსია

ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ძირითადად 1 ვერსია ვრცელდება, რაც შსს–ს ოფიციალურ ინფორმაციას არ ემთხვევა. დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ჯგუფის წევრებს, რომლებიც სპეცოპერაციის შედეგად გაანადგურეს, საქართველოს საზღვარი არალეგალურად არ გადმოუკვეთავთ, როგორც ეს შსს–მ განაცხადა. პირიქით, ისინი აქედან აპირებდნენ გადასვლას.

არსებული ვერსიით, 18 კაციანი ჯგუფი პანკისის ხეობიდან ლოპოტას ხეობაში იმიტომ ჩავიდა, რომ იქიდან დაღესტნის გავლით ჩეჩნეთში გადასულიყო. პანკისიდან ლოპოტას ხეობამდე მათი ტრანსპორტირება საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ იყო ორგანიზებული და საქართველოს საზღვრის უპრობლემოდ გადაკვეთასაც მათ ანტიტერორისტული ცენტრის კონკრეტული თანამშრომლები პირდებოდნენ. ამაში ე.წ. „ბოევიკებს“ სერიოზული თანხა უნდა გადაეხადათ, საზღვარი კი ერთ–ერთი ლეკის დახმარებით უნდა გადაევლოთ, რომელმაც გზა ძალიან კარგად იცოდა. ლოპოტას ხეობაში ჯგუფს ადგილობრივი ახალგაზრდები შეხვდნენ. ჯგუფის წევრებმა ხუთივე ახალგაზრდას აღუთქვეს, რომ ზიანს არ მიაყენებდნენ და იმ პირობით, რომ ხეობაში მათი ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულიყო, მათთან მანამდე უნდა დარჩენილიყვნენ, ვიდრე ისინი საქართველოს საზღვარს არ გადაკვეთდნენ. ჯგუფის წევრები ახალგაზრდებს აჭმევდნენ, ფეხსაცმელიც აჩუქეს და ფულიც, რასაც ახალგაზრდების ოჯახის წევრებიც ადასტურებენ. ლოპოტას ხეობიდან დაღესტანში ჯგუფის შესაძლო გადასვლის შესახებ რუსეთის სადაზვერვო სამსახურმა გაიგო, რის გამოც დაღესტნის მხარეს საზღვართან მობილიზაცია გამოცხადდა. ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა ჯგუფი გაენადგურებინა, რათა შემდეგ რუსეთის ხელისუფლებას საქართველო მტკიცებულებებით არ დაედანაშაულებინა ბოევიკების მფარველობაში. ჯგუფის რამდენიმე წევრმა სპეცოპერაციის დროს გაქცევა მოახერხა. არსებული ინფორმაციით, ისინი ამ დრომდე თავს ლოპოტას ხეობას აფარებენ, რამდენიმე ადამიანი კი შსს–მ დააკავა.

ვაჰაბიტი ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებს ამხელს

რესპოდენტის ვინაობას კახეთის საინფორმაციო ცენტრი მისი უსაფრთხოების მიზეზით არ ამჟღავნებს.

„წელს, ზაფხულში, პანკისის ხეობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან 200–ზე მეტი ჩეჩენი იყო ჩამოსული. მათ საქართველოდან გზის მიცემას პირდებოდნენ. აგვისტოს შუა რიცხვებში ჩეჩნების დიდი ნაწილი იმ ქვეყნებში დაბრუნდა, სადაც ისინი ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობენ, ზოგიერთები დარჩნენ. ვინც პანკისის ხეობაში დარჩნენ, მათ შორის იყვნენ ესენიც, დუკვახა დოშუევი, სალამ ზაურბეკოვი, ხაშიევ ჯაბრაილი, მუსა ადუევი და სხვები. ისინი პანკისის ხეობაში მინიმუმ ბოლო ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მეჩეთში ლოცულობდნენ და აქ ვხედავდით. 26 აგვისტოს მათ გადასვლა გადაწყვიტეს. დახმარების პირობა მიიღეს „დიშნასგან“ და „გუსლიკასგან“.

ვინ არიან ესენი?

– „დიშნა“ ზელიმხან ხანგოშვილია, ის პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ცხოვრობს. „გუსლიკა“ მუსლიმ ისრაილოვია, ჩეჩნეთიდან ლტოლვილია, ის ამჟამად თბილისში ცხოვრობს, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ისინი ანტიტერორისტულ ცენტრთან თანამშრომლობენ. ამ ჯგუფის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ დუშმანას და ზოონსაც. ესენი მართავენ პანკისის ჯამაათს. ისინი გილაევთან ერთად ჩამოვიდნენ თავის დროზე საქართველოში. „დუშმანა“ და „ბაიელი“, ესეც ჩეჩნეთიდან ლტოლვილია, შინაგან ჯარებს წვრთნიან საქართველოში, ბრძოლას ასწავლიან.

დუშმანა და ზოონი ვინ არიან?

– „ზოონ“ თბილისში ცხოვრობს, „დუშმანა“ აქვე, პანკისის ხეობაში. მებრძოლები არიან. „დუშმანას“ ნამდვილი სახელი რამზანაა. სპეცოპერაციის შემდეგ „დიშნა“ ანუ ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობაში არ გამოჩენილა, მასთან კითხვები გვაქვს, ის ლოპოტას ხეობაში მოლაპარაკებებში იღებდა მონაწილეობას სანდროსთან ერთად, მაგრამ ბოლო დღეებია არ ჩანს.

სანდრო ვინ არის?

–სანდრო ამირაძე, ესეც ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელია. ბოკერიამ რომ თქვა, ბოლოს შს სამინისტროს თანამშრომელი ჩაბარდა შეიარაღებულ დაჯგუფებასო, სწორედ ეს არის. ამ ჯგუფის განზრახვის შესახებ ზელოსთან (ზელიმხან ხანგოშვილი) ერთად ამირაძემაც იცოდა. სანდრო აწარმოებდა მოლაპარაკებებს ჩვენს იმამთან, ცხედრების გადაცემის თაობაზე. სწორედ ის და ზელო ითხოვდნენ, რომ ხეობიდან ჟურნალისტები გაგვეყარა, რათა ინფორმაცია უფრო მეტად არ გახმაურებულიყო. ვიდრე მათ ამ მოთხოვნას არ შევასრულებდით, ცხედრების გადმოცემას არ აპირებდნენ. აქ რომ სიტუაცია დაიძაბა, გარდაცვლილების მშობლებს რომ ვეღარ ვაჩერებდით, ღამე იმიტომ გადმოგვცეს და მაშინვე დაკრძალეს. მარტო ალდამოვის მამას აჩვენეს ცხედარი სასაფლაოზე, რამდენიმე წამით. მე კიდევ ბევრი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ თქმა არ შემიძლია. მეჩეთში ითქვა, რომ დეტალებზე ჯერ არ უნდა ვისაუბროთ.

არის ინფორმაცია, რომ ჯგუფი 18 კაციანი იყო, საიდანაც 11 გადარჩა, ამის შესახებ რა იცით?

– ვიცით, რომ ახმედა გადარჩა და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი.

ახმედა ვინ არის?

– ახმედა დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელია, ახალგაზრდა კაცია, 30 წლამდე იქნება, ერთი ხელი არ აქვს. ქისტი ქალი ჰყავს ცოლად და პანკისის ხეობაში ცხოვრობდა. სპეცოპერაციის შემდეგ აღარ ჩანს.

დანარჩენები ვინ არიან, ოჯახის წევრები არ ეძებენ?

– კიდევ 4 ახალგაზრდა, აქაური ქისტია. დანარჩენები ჩეჩნეთიდან ლტოლვილები არიან. ზუსტად ვიცი, რომ მათ არაფერი არ უნდა დაეშავებინათ საქართველოსთვის. ოჯახის წევრებიც ვიცი ვინ არიან, მოიკითხეს, მაგრამ ხმა მოაწვდინეს იმ ბიჭებმა და უთხრეს, რომ სამუშაოდ არიან თურქეთში.

ლოპოტას ხეობაში ახალგაზრდები რატომ აიყვანეს მძევლად?

– როცა საბრძოლველად მიდიხარ და ვინმე გადაგაწყდება, რომელმაც შეიძლება ხელი შეგიშალოს, ან უნდა მოკლა, ან სამშვიდობომდე წაიყვანო. ამათ არ მოკლეს ესენი, თვითონაც წესიერი ახალგაზრდები იყვნენ, ძალიან კარგი ბიჭები და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ სამშვიდობომდე წაეყვანათ. ხომ გეწერათ კიდეც, ვითომ გატაცებულის დედა, მამა და ახლობლები რას ამბობენ, როგორ კარგად ექცეოდნენ. ცუდი ის არის, რომ ამ ბიჭებს ჯერ დაპირდნენ დახმარებას, მაგრამ მერე გაწირეს და დახოცეს.

იარაღზე რას იტყვით, საიდან ამდენი იარაღი?

– ხომ ნახეთ კადრები? საიდან უნდა ჰქონოდათ მათ დასავლური იარაღი? იქ ბევრი ისეთი იარაღიც იყო, რომელიც ამათ საერთოდ არ სჭირდებოდათ. საიდან გაჩნდა, ამაზე ახლა ვერაფერს გეტყვით.

თქვენ როგორ ფიქრობთ, ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლები ამ საკითხებს ინდივიდუალურად წყვეტენ თუ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით?

– შეუძლებელია, ასეთ საკითხებს მარტო წყვეტდნენ. როცა უნდათ გვიყენებენ, მაგრამ ახლა ძალიან დაიძაბა ურთიერთობა. ჩვენ მათ აღარ ვენდობით, 2–3 კაცის გარდა, რომლებიც მათთან არიან შეკრულები. ამიტომაც, ახლა გადაწყვეტილი აქვთ, რომ თავიდან მოგვიშორონ“.

2 დღის განმავლობაში არაერთი მცდელობის მიუხედავად ჩვენ რესპოდენტის მიერ დასახელებულ პირებთან დაკავშირება და შეხვედრა ვერ შევძელით. ვერ დავუკავშირდით კუდ–ის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილეს დავით ლორთქიფანიძეს, რომელიც შს მინისტრის მოადგილის გიორგი ლორთქიფანიძის ძმაა, წარმოშობით ახმეტიდან არიან და პანკისში მათ ხშირად ახსენებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 18 კაციანი ჯგუფიდან 4 ადამიანი შსს–ს ჰყავს დაკავებული და ისინი მოდულის შენობაში იმყოფებიან. მათ შორის არის ახმედა. ამ საკითხებზე შსს–ში კომენტარს არ აკეთებენ. ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება.

გადამოწმებული ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან ბაწარას ნაკრძალის, სოფლების ბირკიანის, ხადორის, ომალოს და ხორეჯოს ხეობის მიმართულებით ყველა გასასვლელს სამხედროები და სპეცრაზმი აკონტროლებს. გუშინ, ტბათანას ტერიტორიაზე, სადაც ქისტებს საქონელი ჰყავთ, რამდენიმე მწყემსიც არ შეუშვეს. ვარაუდობენ, რომ სპეცოპერაციას გადარჩენილი ქისტები და ჩეჩნეთიდან ლტოლვილები უკან, პანკისის ხეობაში დაბრუნებას შეეცდებიან.

ახალი ამბები