კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთავის მე-16 საარჩევნო უბნის ამბები: „თმებით მითრია... შემდეგ ფანჯრიდან „ქართული ოცნების“ მაისური შემოაგდო“

11 სექტემბერი, 2012

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

7 სექტემბერს რუსთავის მე-16 საარჩევნო უბანი მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. საარჩევნო უბნის კომისიის ხელმძღვანელმა სამართალდამცავებს და ჟურნალისტებს  განუცხადა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„უბნის გასახსნელად პირველი ყოველთვის მე მოვდივარ. დაახლოებით 09:40 წუთზე შემოვედი. აქ, საერთოდ ჩახუთულობაა და პირველი რაც გავაკეთე, ფანჯარა გავაღე. ამ დროს ვიღაც ფანჯრიდან თმებში მწვდა. თმებით მათრია და თავი ფანჯრის რაფას მიარტყმევინა. ამ ყველაფერთან ერთად მაგინებდა მე და ასევე - „ნაციონალურ მოძრაობას“. ამბობდა, რომ პირველში ვნახავთ, რაც მოგვივა. შემდეგ ოთახში „ქართული ოცნების“ მაისური შემოაგდო“, - ამბობს humanrights.ge-სთან მე-16 უბნის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, თეა ჯგერენაია.

მისი თქმით, თავდამსხმელი ახალგაზრდა მამაკაცი იყო. „მე არ მქონდა მისი დანახვის საშუალება. თვალთ დამიბნელდა, როცა თავი მიმარტყმევინა. უბრალოდ, ხმა გავიგე და მივხდი, რომ ახალგაზრდა იყო“, - დასძენს ჯგერენაია.

აღნიშნული უბანი  ქალაქის გარეუბანში - ინტერნატების დასახლებაში, მე-6 სკოლის შენობაშია. ამ უბნის გარდა სკოლაში სხვა საარჩევნო უბანიცაა განთავსებული.  დაწესებულებას ჰყავს დარაჯი და აქვს სათვალთვალო კამერები. ამის მიუხედავად,  ჯგერენაის სიტყვების დასამტკიცებლად, მისი საუბრის გარდა, არც ერთი სამხილი არ მეტყველებს. მასზე თავდასხმა არავის უნახავს და არც კამერებზეა დაფიქსირებული.  

„ვიდეოკამერები სკოლის უკანა ეზოში არ არის. ეს ფაქტი კი სწორედ სკოლის უკანა ეზოს ფანჯარასთან მოხდა. ამ დროს არც ამ უბანზე და არც გვერდითა უბანზე არავინ იმყოფებოდა. მეც დაყვირების  და ხალხის დაძახების საშუალება არ მომეცა“, - ამბობს საარჩევნო უბნის ხელმძღვანელი, თეა ჯგერენაია.

Humanrights.ge  თვითმხილველების პოვნის იმედით, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან 3 საათში სკოლის გარშემო მოქმედ ყველა  კომერციულ ობიექტში და საცხოვრებელ სახლში მივიდა.

მე-6 სკოლიდან 10 მეტრში დაგვხვდა „ნაციონალური მოძარობის“ შტაბი. პირველად მათ ვკითხეთ, დაინახეს  თუ არა დილით 10:00  საათისთვის საეჭვო პირი, ან თავად ინციდენტი სკოლის ფანჯარასთან. გვითხრეს, რომ ოფისი ამ ინციდენტის შემდეგ გაიხსნა და არაფერი უნახავთ.

ასევე, მე-16 საარჩევნო  უბნის ხელმარცხნივ მეზობელ შენობაშია განთავსებული  ერთი მაღაზია, სილამაზის სალონი და საცხობი. ისინი მუშაობას  დილის 9 საათიდან იწყებენ. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა, ჯგერენაის თქმით, დაახლოებით 09:40 წუთზე მოხდა, როცა კომერციული დაწესებულებები ერთი საათის გახსნილია  - პერსონალი ამბობს, რომ სკოლიდან არავითარი ხმაური არ გამოსულა. ინციდენტის შესახებ კი მხოლოდ ტელევიზიების მოსვლის შემდეგ გაიგეს.

აღნიშნულ საარჩევნო უბნის პირდაპირ ორი საცხოვრებელი კორპუსია: რჩეულიშვილის №16 და №18. კორპუსების ფანჯრები სკოლას უყურებს. ისე, რომ მათ შორის ხეც არ დგას,  რომელსაც ხილვადობის შემცირება შეეძლო. ასევე საყურადღებოა  ისიც, რომ უბანი რადგან ქალაქის ცენტრს მოშორებულია  მშვიდი და ტრანსპორტით  ნაკლებად დატვირთულია. შესაბამისად, დიდია ალბათობაა  იმის, რომ ათ მეტრში მდებარე სკოლის ეზოში მოხდარი ინციდენტი პირდაპირ კორპუსებში მაცხოვრებლებს დაენახათ.

ამ ხელსაყრელი გარემოებების მიუხედავად, აღნიშნულ კორპუსებში გვიხსნიან, რომ სკოლიდან ჩვენს მიერ დასახელებულ დროის მონაკვეთში არავითარი  ხმაური არ გამოსულა და არც საეჭვო პირი შეუნიშნავთ სკოლის გარშემო. 

ინციდენტის მთავარი გმირი, უბნის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არც  ერთ პარტიასთან არა აქვს შეხება. თუმცა, იქვე 6 სექტემბერს ერთ-ერთ ამომრჩეველთან მომხდარ ინციდენტს იხსენებს. მისი თქმით, მოქალაქე გაბრაზდა, როდესაც საკუთარი გვარი ამომრჩევლების სიაში ვერ ნახა. თუმცა, ამ ამბის მოყოლისას დასძენს, რომ ეს პირი თავდამსხმელი არ იყო, რადგან ორივე მათგანის ხმა კარგად ახსოვს და ისინი სხვადასხვა პირები არიან.

შემდეგ ჩვენ ვიგებთ, რომ ამ ინციდენტისას  უპარტიო ჯგერენაიამ დახმარებისთვის „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა. თავისი მხრივ, ამ პარტიამ ადგილზე საქმის გასარკვევად მათი მხარდამჭერი მიავლინა.  მცირე კონფლიქტი მისი მისვლის შემდეგ ამოიწურა.

თავად „ქართული ოცნება“ აღნიშნავს, რომ ჯგერენაიას საქმეს პროვოკაციის ელფერი დაკრავს. „რა თქმა უნდა, ჩვენ დაველოდებით გამოძიებას. თუმცა, თავდასხმის შემდეგ ჩვენი კოალიციის  მაისურის ფანჯრიდან შეგდებაზე არის საუბარი და ეს ეჭვს გვიჩენს, რომ დაგეგმილი პროვოკაციაა. ვფიქრობთ, ამით  ჩვენი დისკრედიტაცია სურდათ“,  - ამბობს კოალიცია ,,ქართული ოცნების“ რუსთავის შტაბის ხელმძღვანელი, ნინო ლომიძე.

ახალი ამბები