კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფლებადაცვითი ორგანიზაციები თამაზ თამაზაშვილზე მომზადებული სარეკლამო რგოლების გავრცელების შეწყვეტას ითხოვენ

12 სექტემბერი, 2012

უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა – „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს,“ მოძრაობა „არა“, პატიმართა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ფონდი, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ასოციაცია, ტელეკომპანიების მიერ თამაზ თამაზაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო პროტესტი გამოთქვეს და განცხადება გაავრცელეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ, არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციები გამოვთქვამთ პროტესტს პოლიტიკურ პატიმრად აღიარებული თამაზ თამაზაშვილის მიმართ ყოველდღიურად უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო.

ვგულისხმობთ ხელისუფლების მიერ მომზადებულ ვიდეო სარეკლამო რგოლებს, რომლითაც თამაზ თამაზაშვილის პატივისა და ღირსების შემლახავი, უდანაშაულობის პრეზუმფციის ხელმყოფი კომენტარები კეთდება.

ამ ფაქტმა გადაგვაწყვეტინა მივმართოთ საგანგებო განცხადებით ხელისუფლებას, ასევე უფლებადამცველ საერთაშორისო საზოგადოებას და დიპლომატიურ ორგანიზაციებს ყურადღება მივაპყროთ შემდეგ ფაქტებს:

2011 წლის 11 ოქტომბერს ე.წ სამართალდამცველებმა, უსაფუძვლოდ, პოლიტიკური ნიშნით დააკავეს პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი. იგი 236–ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით გასამართლდა, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას მოიცავს.

თამაზ თამაზაშვილის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულად აღიარება მოხდა სწორედ იმის გამო, რომ სასამართლო განხილვის დროს, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა თამაზ თამაზაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. ამის მიუხედავად, სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თამაზ თამაზაშვილის დაპატიმრება მოხდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები. თამაზ თამაზაშვილის სიძე კი იმ დროისათვის ფონდ „ქართუს“ პრეზიდენტი იყო. თამაზ თამაზაშვილის დაკავების შემდეგ, სახელისუფლებო ტელევიზიებმა დაიწყეს დაუსაბუთებელი, ცილისმწამებლური გადაცემების მომზადება. სპეციალურ სიუჟეტში თამაზ თამაზაშვილი, პოლიციის გენერალი დადანაშაულებულ იქნა ნარკოვაჭრობის ხელშეწყობასა და მონაწილეობაში, ადამიანების გატაცებაში, პანკისის ხეობაში გამაგრებულ კრიმინალებთან თანამშრომლობაში. ასევე, მის სახელს დაუკავშირდა ყოველგვარი უსამართლობა, რაც ე.წ „გაი“-ში (საგზაო პოლიციაში) ხდებოდა 1996-2001 წლებში. მომზადებული სიუჟეტი ქმნიდა ეფექტს, რომ თითქოს თამაზ თამაზაშვილი იყო არამხოლოდ დამნაშავე, არამედ ერთადერთი დამნაშავე და მონაწილე ყოველგვარ უკანონობაში.

თითოეული ადამიანი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უდანაშაულოდაა მიჩნეული მანამ, სანამ მისი დანაშაული არ დამტკიცდება ღია სასამართლო პროცესზე ბრალდებულის დაცვისათვის აუცილებელი კანონით გათვალისწინებული ყველა საპროცესო გარანტიის დაცვით. პოლიტპატიმარი თამაზ თამაზაშვილი ისე ცხადდება სარეკლამო ვიდეო რგოლებით კრიმინალად, ნარკომოვაჭრედ, ადამიანების გამტაცებლად, ფინანსური მაქინაციების განმახორციელებლად, რომ მსგავს დანაშაულზე გამოძიება არც არასოდეს ჩატარებულა და არც პროკურატურას წაუყენებია მისთვის ბრალი.

თამაზ თამაზაშვილს გადაცემული აქვს მედალი მხედრული მამაცობისათვის, შსს-ს მიერ 45–ჯერ დაჯილდოვდა მადლობითა და სიგელით, ამათგან უმეტესობა მიღებული აქვს კახეთის მასშტაბით (მათ შორის პანკისის ხეობაში) ჩატარებული ათეულობით წარმატებული სპეცოპერაციისა და ასზე მეტი კრიმინალის, ადამიანების გამტაცებლების, ნარკომოვაჭრეების დაკავების გამო. ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, წარმატებული სპეცოპერაციების განხორციელებისათვის. 1996-2001 წლებში ის იყო პოლიციის ერთადერთი მაღალჩინოსანი, რომელიც ღიად, საჯაროდ, მედიის მეშვეობით საუბრობდა ხელისუფლებასა და ნარკომოვაჭრეებს, ადამიანების გამტაცებლებს შორის არსებულ გარიგებებზე.

ამ ფონზე კი, სრულიად ნათელი ხდება, რომ სატელევიზიო სარეკლამო ვიდეო რგოლები არღვევს საქართველოს კონსტიტუციით და ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაცულ უდანაშაულობის პრეზუმფციას თამაზ თამაზაშვილის მიმართ.

აღნიშნულის გამო მოგმართავთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს და აიკრძალოს პოლიტპატიმარ თამაზ თამაზაშვილის შეურაცმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახავი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ვიდეო რგოლების გავრცელება სატელევიზიო მედია საშუალებებით“.

წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები