კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საქართველო არ იყიდება“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ

12 სექტემბერი, 2012

შორენა ლათათია

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები აქტიურ წინასაარჩევნო ფაზაში შევიდა.  მედიაში გაჩნდა პოლიტიკური სუბიექტების არაერთი რეკლამა. წინასაარჩევნო სარეკლამო ბატალიებში იმთავითვე მიიქცია ყურადღება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდებას“ დაკვეთით შექმნილმა ვიდეორგოლებმა, რომელთა დანიშნულება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის შექმნაა. 

აღნიშნულ რეკლამებში ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლებიდან ამონარიდები საერთო კონტექსტის გარეშეა დამონტაჟებული. მაგალითად, ერთ-ერთ რგოლში ივანიშვილი ლაპარაკობს: „არჩევანს აკეთებს რუსი ხალხი... დიდი ალბათობით, მე გეთანხმებით, რომ ეს იქნება პუტინი... მე იძულებული ვიქნები, მასთან დავჯდე მაგიდაზე“... ამ ფრაგმენტის დასასრულს ჩნდება წარწერა - „ქართული ოცნება?“ კითხვა რიტორიკულია და მას რეკლამის ავტორი უპასუხოდ ტოვებს (ვიდეო იხილეთ აქ.).

ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორინგის მასალების მიხედვით, „საქართველო არ იყიდება“-ს კლიპები ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „კავკასიის“ ეთერში ივლისის შუა რიცხვებიდან გამოჩნდა. იმ დროს ტელეკომპანია  „მაესტრომ“ და „ტვ-9“-მ კლიპის ეთერში გაშვებაზე უარი განაცხადეს. მოგვიანებით  „მაესტრო“ ამ სახის კლიპების გაშვებაზე დათანხმდა, როცა მათი ეთერში გაშვება არა „საქართველო არ იყიდებამ“, არამედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სთხოვა, საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე. საინტერესოა, რომ არც ერთი მსგავსი კლიპი დღემდე არ გასულა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

„მაესტროს“ დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ტელეკომპანია არა მარტო რეკლამის გაშვებაზე ამბობდა უარს, არამედ ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდებას“ „მაესტროს“ კუთვნილი ვიდეოკადრების გამოყენებაში და საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდა. მისი თქმით,  „საქართველო არ იყიდებამ“ თავის კლიპში გამოიყენა „მაესტროს“ საავტორო გადაცემა „პირდაპირი საუბრის“ ეთერში გასული კადრები, რაც „საავტორო და მომიჯნავე უფლებებათა შესახებ“ საქართველოს კანონით არის დაცული. ღლონტის თქმით, მოპარული კადრებით აწყობილი რეკლამის ეთერში გაშვება არაეთიკურია. 

აღნიშნულის საპასუხოდ, ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდებას“ წარმომადგენელმა გიგა ნასარიძემ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ  ტელეკომპანია „მაესტრომ“ პოლიტიკური რეკლამის ეთერში გაშვების საკითხში საკუთარი პოლიტიკური სიმპათიებით იხელმძღვანელა და არა მედიისთვის საჭირო ობიექტურობით.

რაც შეეხება ტელეკომპანია „კავკასიას“, მისმა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ისინი მსგავსი რეკლამების გაშვებას მხოლოდ მაშინ შეწყვეტდნენ, როცა/თუკი  სასამართლოს ძალით რეკლამის კანონიერების საკითხი უარყოფითად გადაწყდებოდა.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პოლიტიკურ რეკლამად ითვლება „პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ“.

„მაესტროს“ ეთერში დასმულ კითხვაზე, თუ ვის სასარგებლოდაა ეს რეკლამა მიმართული, გიგა ნასარიძემ უპასუხა, რომ კლიპის მიზანია - არჩევნებზე რაც შეიძლება, ნაკლები ხმა მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“.  შესაბამისად, აღნიშნული რეკლამა პოლიტიკური რეკლამიის დეფინიციის ფარგლებში ჯდება. თუმცა, პრობლემას წარმოადგენს „საქართველო არ იყიდებას“, როგორც იურიდიული პირის მიერ ნაციონალური მოძრაობისადმი აღნიშნული რეკლამის (როგორც უკანონო შემოწირულობის)  გადაცემის საკითხი.

20 აგვისტოს გიგა ნასარიძემ განაცხადა, რომ ნებისმიერ პარტიას, რომელიც მათ პოზიციას იზიარებს, ორგანიზაცია უფასოდ სთავაზობს საარჩევნო თემატიკის ვიდეოკლიპებს გასავრცელებლად. მანვე აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გამოეხმაურა მათ შეთავაზებას და აღნიშნულ პარტიას უსასყიდლოდ გადასცეს ვიდეორგოლები, რაც მმართველი პარტიის პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილიც დაადასტურა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იზიარებს ამ კლიპებში დაფიქსირებულ პოზიციას. ჩვენი მიზანია, არ დავბრუნდეთ წარსულში, არამედ ვიაროთ წინ და გადავჭრათ ის პრობლემები, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს“, - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა „მაესტროსათვის“ 20 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავიანთ განცხადებებში ’  აღნიშნულს უკანონო შემოწირულობად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით, ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება“ დახარჯული თანხის  ხუთმაგი ოდენობით უნდა დაჯარიმდეს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტიის მიერ უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მიღებული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა ითვლება შემოწირულებად. ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტის თანახმად, პოლიტიკურ პარტიას ეკრძალება შემოწირულებების მიღება იურიდიული პირებისგან, ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება“ კი სამართლებრივი ფორმით, სწორედ  იურიდიული პირია.

აღნიშნული შეზღუდვა ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდებაზე“ არ გავრცელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ცნობილი იქნებოდა პარტიასთან გათანაბრებულ პირად.

იმისათვის, რომ პირი ცნობილ იქნეს პარტიასთან გათანაბრებულად, აუცილებელია, მას გაცხადებული ჰქონდეს საარჩევნო მიზნები. ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდებას“ მიერ საარჩევნო მიზნის (არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების სურვილის) ქონა ამ ეტაპზე არ დასტურდება.

 „საქართველო არ იყიდებას“ ოფიციალურ facebook გვერდზე ვკითხულობთ: „ორგანიზაციის მიზანია, საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მოღვაწეობის შესახებ, ხელი შეუწყოს ოლიგარქიული ფულისა და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების ერთმანეთისაგან გამიჯვნას, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ამომრჩეველთა მოსყიდვის წახალისება“. 

ამდენად, ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდებას“ არ გააჩნია საარჩევნო მიზანი. თუმცა, შესაძლოა, მას ჰქონდეს პოლიტიკური მიზანი, რაც საქართველოს კანონმდებლობით ერთმანეთისგან გამიჯნულია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გიგა ნასარიძის განცხადებით, კლიპის მიზანია - არჩევნებზე რაც შეიძლება ნაკლები ხმა მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“.  აქედან გამომდინარე, „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს  კანონის შესაბამისად, გიგა  ნასარიძეს გააჩნია კონკრეტული პოლიტიკური მიზანი და არა საარჩევნო. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება პარტიისთვის დადგენილი რეგულაციები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველო არ იყიდება“ 5000 ლარით დააჯარიმა. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ორგანული კანონით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტის - ააიპ „საქართველო არ იყიდებას“ წევრების - გიგა ნასარიძისა და ირაკლი ლექვინაძის მიერ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ განხორციელებული არაფულადი შემოწირულების საკითხი.  ააიპ „საქართველო არ იყიდებას“ მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის ასახული ვიდეორგოლების სახით არაფულადი შემოწირულების მიღების ფაქტი და არ არის დეკლარირებული „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების დაცვით“, - აცხადებს აუდიტის სამსახური.

აღნიშნულთან დაკავშირებით გიგა ნასარიძემ განაცხადა, რომ ისინი დააჯარიმეს, როგორც ფიზიკური პირები პროცესუალური დარღვევის გამო.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიხედვით, სოციალურ და წინასაარჩევნო რეკლამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რეკლამის დამკვეთს. თუმცა, თუკი მაუწყებელი მიიჩნევს, რომ რეკლამა არის არასათანადო, მას შეუძლია, დასაბუთებულად უარი განაცხადოს ამ რეკლამის განთავსებაზე.

„კანონის მიხედვით, პოლიტიკური რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით პასუხს აგებს დამკვეთი და არა მაუწყებელი. აღნიშნული რეკლამა სადავოდ ყველა იმ პირს შეუძლია გახადოს, ვინც თვლის, რომ ეს რეკლამა მის საქმიან რეპუტაციას, პატივსა თუ ღირსებას ზიანს აყენებს“, - აცხადებს ნათია კაპანაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციასთან (საია) არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. 

რაც შეეხება ორგანიზაციის დაფინანსებას, „საქართველო არ იყიდებას“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ მათ არც ერთი კომპანია არ აფინანსებს და ისინი შემომწირველების ფულით არსებობენ. გიგა ნასარიძის თქმით, ორგანიზაციამ, დაფინანსების მონიტორინგის მოთხოვნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უკვე გაუგზავნა წერილი.

აღსანიშნავია, რომ 20 ივლისიდან „საქართველო არ იყიდებას“ მიერ მომზადებული ვიდეორგოლი, „მაესტროს“ ეკრანებზეც გამოჩნდა. თუმცა, ამჟამად, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური რეკლამა. ტელეკომპანიაში კლიპს ისევ არაეთიკურად მიიჩნევენ. თუმცა, საარჩევნო კოდექსი მაუწყებლებს პირდაპირ ავალდებულებს, ეთერში განათავსონ პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიწოდებული რეკლამები. ამის გამო „მაესტრო“ იძულებული გახდა, კლიპი თავის ეთერშიც გაეშვა.

საარჩევნო კოდექსით, მაუწყებლებს პოლიტიკური რეკლამის ეთერში გაშვებაზე უარის თქმა ეკრძალებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე ისინი ათას ხუთასი ლარით, იგივე ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში კი,  ხუთი ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

ერთ-ერთი ახალი კლიპის  შინაარსი შემდეგნაირია: „დღეს ჩვენი შვილები დაცულ გარემოში იზრდებიან, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ჩვენი შვილების სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენეს“, - ამბობს ხმა. პარალელურად, მეტი ეფექტისთვის, ნაჩვენებია ეზოში მოთამაშე ბავშვების კადრები. ამის შემდეგ ჩნდება ბიძინა ივანიშვილს ინტერვიუდან ნაწყვეტი: „როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებასი თამაზ თამაზაშვილი დაიჭერს ერთ-ერთ წამყვან პოსტს შინაგან საქმეთა სამინისტროში“. ამ ნაწყვეტს მოსდევს მოსდევს კომენტარი: „კაცი, რომელიც ამჟამად იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო შენახვისთვის იხდის სასჯელს; რომელიც წლების მანძილზე კანონიერ ქურდებათან იყო შეკრული; რომლის სახელს უკავშირდება ყალბი სესხების გაცემა და ნარკოტიკები... არის თუ არა თამაზ თამაზაშვილი ის ადამიანი, ვინც ჩვენს უსაფრთხოებას დაიცავს?! ჩვენ ვერ გავრისკავთ წარსულში დაბრუნებას“.

ტელეკომპანია „მაესტრო“ „ნაციონალური მოძრაობისაგან“ ვიდეოზე მაიდენტიფიცირებელი წარწერის გაკეთებას ითხოვს, რათა საზოგადოება მიხვდეს, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ რეკლამა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონის მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამის ვალდებულება არ გააჩნია.

                                            
ამ ბლოგის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის მეშვეობით. გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ ადამიანის უფლებათა ცენტრს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ახალი ამბები