კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კანონდარღვევა - პოლიციელები „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე

12 სექტემბერი, 2012

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

საარჩევნო კოდექსის 45–ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ საქართველოს შს და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს. მიუხედავად ამისა, 8 სექტემბერს, თელავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას ესწრებოდნენ შს კახეთის სამხარეო მთავარის სამმართველოს და სამხედრო პოლიციის თანამშრომლები.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ყრილობაზე დააფიქსირა გურჯაანის პოლიციის თანამშრომლები ლევან მაისურაძე, პოლიციის უფროსის მოადგილე გოჩა სიბაშვილი და სხვები; შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე შოთა ბეჟანიშვილი, სამხედრო პოლიციის თანამშრომელი მამუკა სოლოღაშვილი. ისინი სამოქალაქო ფორმაში იყვნენ და სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ. ყრილობის დროს თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პრეზიდენტ სააკაშვილის დასახვედრად ხალხი შეკრიბეს, დიდი რაოდენობით პოლიციელები იმყოფებოდნენ, უმრავლესობას პოლიციის ფორმა ეცვა.

საარჩევნო საკითხების სპეციალისტი ნინა ხატისკაცი ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლები სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულები მითუმეტეს არ უნდა ესწრებოდნენ ასეთ შეხვედრებს. „ერთადერთი გამონაკლისია პოლიციის ყოფნა მსგავსი შეხვედრების მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების და წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით. თუმცა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელი არ ასრულებს სამსახურებრივ ფუნქციას და იგი წარმოდგენილია როგორც კონკრეტული პირი, თავისი სახელით და გვარით და ეს არის კანონდარღვევა. პოლიციელების დასწრება მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე არა მხოლოდ საარჩევნო კოდექსით იკრძალება, მათ შორის პოლიციის შესახებ კანონის მიხედვითაც, პოლიციელებს პარტიული საქმიანობა აკრძალული აქვთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს პარტიული საქმიანობა შეიძლება არც იყოს, რადგან პოლიციელი შეიძლება იქ იმყოფებოდეს არა როგორც პარტიული საქმიანობის განმახორციელებელი, არამედ როგორც აგიტაციაში მონაწილე. ასევე, შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ კანონიც კრძალავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე რელევანტური დოკუმენტი არის საარჩევნო კოდექსი იმიტომ, რომ ეს არის არა უბრალოდ მანიფესტაცია და შეკრება, არამედ ეს არის წინასაარჩევნო პერიოდი, ეს არის საარჩევნო კამპანია და აგიტაცია და ერთმნიშვნელოვნად აქ ირღვევა საარჩევნო კოდექსი, რომელიც არის ორგანული კანონი და პირდაპირ უკრძალავს შს და თავდაცვის უწყებების თანამშრომლებს აგიტაციაში მონაწილეობას“, – განუცხადა ნინა ხატისკაცმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

მისივე თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის პასუხისმგებლობას საარჩევნო კოდექსის 79–ე მუხლი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება კანონის დარღვევით იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ირინე ურუშაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი: „შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ კანონი, ასევე კონსტიტუციაც კრძალავს გარკვეული პირების დასწრებას შეკრებაზე. არ შეიძლება სამხედრო პირების, ფინანსური პოლიციის თანამშრომლების და პოლიციის თანამშრომლების დასწრება ამ ტიპის შეხვედრებზე. შესაბამისად, თუ ეს ადამიანები ესწრებოდნენ ყრილობას, არ ჰქონდათ ამის უფლება. ასეთ პირებს ეკრძალებათ შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა მიუხედავად იმისა, ეს პოლიტიკური სახის მანიფესტაციაა თუ სხვა სახის. აგიტაციის წესების დარღვევისთვის, შესაძლოა, ჯარიმის სახით სანქცია დაეკისროთ, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ სანქციას საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს იმიტომ, რომ წინაზე გვქონდა შემთხვევები და ჯერ ერთი, ძალიან ძნელად ადასტურებდა საარჩევნო ადმინისტრაცია რომ კონკრეტული ადამიანი იყო პოლიციელი და სანქციის გამოყენებასაც ძალიან ერიდებოდა“.

ახალი ამბები