კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის ბოლო ორ პერიოდულ ანგარიშს წარმოადგენს

ადამიანის უფლებათა ცენტრი საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის ბოლო ორ პერიოდულ ანგარიშს წარმოადგენს

ხვალ, 14 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს და საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის ბოლო ორი პერიოდული ანგარიშის შედეგებს გამოაქვეყნებს.

ანგარიშების პრეზენტაციაზე, ჟურნალისტების გარდა, მოწვეულნი არიან ამ თემით დაინტერესებული ორგანიზაციები და ექვსივე ტელეარხი, რომელთაც მედიამონიტორინგი ეხება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი წინასაარჩევნო პერიოდში ახორციელებს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის პროექტს. მედიამონიტორინგი ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“  ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES). პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები აკვირდებიან შემდეგ ტელეარხებზე გასულ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს: საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი“, „რუსთავი 2“, „კავკასია“, „მაესტრო“ და „მე-9 არხი“.

მედიამონიტორინგის მიზანია, გამოავლინოს მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქების ტენდენციები და შეიმუშაოს რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. კვლევა მოიცავს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კომპონენტებს.

ამჯერად, ადამიანის უფლებათა ცენტრი აქვეყნებს უკანასკნელ პერიოდულ ანგარიშებს, რომელიც მოიცავს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის 30 ივლისი - 26 აგვისტოს შედეგებს.

მონიტორინგის აღნიშნულ პერიოდში მედიამონიტორინგის წინა პერიოდებისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შემცირდა სამთავრობო უწყებების მიღწევების ან მათი მომსახურების ამსახველი სარეკლამო რგოლების რაოდენობა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღარ დაფიქსირებულა რეკლამები - „დამზადებულია საქართველოში“ და „უფასო ინტერნეტი თბილისის მერიისაგან“, რომლებიც ფარული რეკლამის ნიშნებს შეიცავდნენ და რომელთა შესახებაც წინა ანგარიშებში ვისაუბრეთ.

მედიამონიტორინგის პერიოდული ანგარიშების თანახმად, 30 ივლისიდან 26 აგვისტომდე პერიოდში ტელეეთერი დაიკავა ყველა კვალიფიციური სუბიექტის უფასო პოლიტიკურმა და ფასიანმა რეკლამებმა. მცირე რაოდენობით გვხვდება სხვა პარტიების ფასიანი პოლიტიკური რეკლამებიც. საერთო ჯამში, ტელეეთერში ყველაზე ხშირად ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური რეკლამები გადის. სუბიექტებიდან ყველაზე ხშირად კოალიცია „ქართული ოცნება“ შუქდება. თუმცა, მისი გაშუქების ტონი უარყოფითია. უარყოფითი ტონით ნაწილობრივ შუქდება საქართველოს პრეზიდენტიც.