კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის ბოლო პერიოდული ანგარიშები გამოაქვეყნა

14 სექტემბერი, 2012

ელენე ჭუმბურიძე

14 სექტემბერს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენცია გამართა და საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის ბოლო ორი პერიოდული ანგარიშის შედეგები გამოაქვეყნა.

ანგარიშების პრეზენტაციაზე, ჟურნალისტების გარდა, მოწვეულნი იყვნენ ამ თემით დაინტერესებული ორგანიზაციები და ექვსივე ტელეარხი, რომელთაც მედიამონიტორინგი ეხება. პრეზენტაციას მხოლოდ TV9-ს წარმომადგებელი დაესწრო.

ადამიანის უფლებათა ცენტრი წინასაარჩევნო პერიოდში ახორციელებს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის პროექტს. მედიამონიტორინგი ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“  ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES). პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები აკვირდებიან შემდეგ ტელეარხებზე გასულ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს: საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი“, „რუსთავი 2“, „კავკასია“, „მაესტრო“ და „მე-9 არხი“.

მედიამონიტორინგის მიზანია, გამოავლინოს მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქების ტენდენციები და შეიმუშაოს რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. კვლევა მოიცავს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კომპონენტებს.

ამჯერად, ადამიანის უფლებათა ცენტრმა უკანასკნელი პერიოდული ანგარიშები გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის 30 ივლისი - 26 აგვისტოს შედეგებს. პრეზენტაციაზე 30 ივლისი - 12 აგვისტოს პერიოდისა და 13 – 26 აგვისტოს პერიოდის ანგარიშები ერთმანეთთან  მიმართებაში გაანალიზდა.

მონიტორინგის აღნიშნულ პერიოდში მედიამონიტორინგის წინა პერიოდებისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შემცირდა სამთავრობო უწყებების მიღწევების ან მათი მომსახურების ამსახველი სარეკლამო რგოლების რაოდენობა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღარ დაფიქსირებულა რეკლამები - „დამზადებულია საქართველოში“ და „უფასო ინტერნეტი თბილისის მერიისაგან“, რომლებიც ფარული რეკლამის ნიშნებს შეიცავდნენ და რომელთა შესახებაც წინა ანგარიშებში ვისაუბრეთ.

მედიამონიტორინგის პერიოდული ანგარიშების თანახმად, 30 ივლისიდან 26 აგვისტომდე პერიოდში ტელეეთერი დაიკავა ყველა კვალიფიციური სუბიექტის უფასო პოლიტიკურმა და ფასიანმა რეკლამებმა. მცირე რაოდენობით გვხვდება სხვა პარტიების ფასიანი პოლიტიკური რეკლამებიც. საერთო ჯამში, ტელეეთერში ყველაზე ხშირად ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური რეკლამები გადის. სუბიექტებიდან ყველაზე ხშირად კოალიცია „ქართული ოცნება“ შუქდება. თუმცა, მისი გაშუქების ტონი უარყოფითია. უარყოფითი ტონით ნაწილობრივ შუქდება საქართველოს პრეზიდენტიც.

პრესკონფერენციაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთა შორის ყურადღება გამახვილდა სოციალური რეკლამის ცნებაზე. ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრუებელი დირექტორის, უჩა ნანუაშვილის თქმით, სოციალური რეკლამა საზოგადოებრივ სიკეთეს უნდა ემსახურებოდეს ან საქველმოქმედო მიზანი ჰქონდეს. წინასაარჩევნო პერიოდში კი ბევრი „სოციალური რეკლამა“ გავიდა, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა აღნიშნულ მოთხოვნას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ სოციალურ რეკლამებს აუცილებლად ჰქონდეს შესაბამისი წარწერა, რათა მაყურებელმა ამ ტიპის რეკლამები გამოარჩიოს პოლიტიკური და კომერციული რეკლამებისგან. ამავე დროს, სოციალურ რეკლამები მაყურებელს უნდა აძლევდეს ინფორმაციას მისი დამკვეთის თაობაზე.

ახალი ამბები