კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ფან“-მოხელე - ახალი ფენომენი ქართულ პოლიტიკაში

18 სექტემბერი, 2012

„მე ვიყავი და ვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მის მიერ არჩეული კანდიდატის „ფან“ მოხელე“

ნინო მშვიდობაძე, გურია

რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ლანჩხუთის სკვერში „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ახალგაზრდა აქტივისტს, ბაჩო მშვიდობაძეს გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირმა მგელაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ფაქტთან დაკავშირებით თავად დაზარალებული გვესაუბრება.

- ირმა მგელაძე სკვერში შემხვდა და გამაჩერა - გამარჯობას რატომ არ მეუბნებიო. შევახსენე, რომ ორი დღის წინ ვნახე და გადავკოცნე კიდეც. მე არ მახსოვსო, შენ ცუდ გზაზე დგახარ და გონს მოეგეო. რას გულისხმობ–მეთქი და მოულოდნელად გამარტყა.

- თქვენ და მგელაძის ვაჟი თანაკლასელები და მეგობრებიც ხართ ხომ?..

- კი, ასეა. ერთ კლასში ვსწავლობდით და ვმეგობრობდით. არ ვიცი, ამ ფაქტის მერე როგორ გაგრძელდება ჩვენი მეგობრობა. გული მტკივა, რომ ასე მოხდა. დღისით, პარკში უამრავი ადამიანის თვალწინ გამარტყა.

ირმა მგელაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა და ტელეფონი გაგვითიშა.

საინტერესოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ირმა მგელაძე მსგავს სკანდალში ეხვევა. მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ, მგელაძის სამსახურის ინიციატივით, ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში მოეწყო სიმბოლური ჯაჭვი. ჯაჭვში ჩადგომის სურვილი „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ–ერთმა წევრმა, ეკა კვაჭაძემაც მოისურვა, მაგრამ მგელაძემ მას ამის უფლება არ მისცა.

ეკა კვაჭაძე: „2008 წლის აგვისტოს ტრაგედია მარტო ერთი პოლიტიკური პარტიის კი არა, სრულიად საქართველოს ტრაგედიაა. ამიტომ არც დავფიქრებულვარ, ისე მივედი და ჩავდექი. სულ არ მიფიქრია, რომ შეიძლებოდა ვინმეს იქ დგომა აეკრძალა. ირმა მგელაძე კი მოვიდა და მითხრა - აქ შენი ადგილი არაა, შენ „ოცნების“ აქციაზე დადექიო და მაიძულა, იქაურობა დამეტოვებინა.

მგელაძე არც ამ ფაქტზე აკეთებს კომენტარს.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის  73(2)– ე მუხლში წერია: „საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის, მისი დაწესებულების ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას.“

ამავე კანონის 78–ე მუხლი ეხება დისციპლინურ გადაცდომას, რომლის მიხედვითაც: „1. დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, საჯარო მოხელისადმი მოქმედებს კანონის 79–ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს“.

იმის გასაგებად, მომხდარის შემდეგ რაიმე შენიშვნა თუ მიეცა მგელაძეს, ვესაუბრეთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, კახა ასკურავას.

- ეს ფაქტები ჩემთვის უცნობია და კომენტარს ვერ გავაკეთებ.

- ზოგადად თუ თვლით საჭიროდ, რომ მსგავსი ქმედებების შემთხვევაში, საჯარო მოხელეს უნდა მიეცეს თუნდაც სიტყვიერი შენიშვნა?

- თუკი საჯარო მოხელის მიერ ჩადენილია უკანონო ქმედება, ის, კანონიდან გამომდინარე, დაისჯება შესაბამისად. იმ ფაქტების შესახებ კი რაზეც მეუბნებით არაფერი ვიცი და ამიტომ ვერაფერს გეტყვით.

ირმა მგელაძე რამდენიმე დღის წინ ერთ–ერთ რაიონულ გაზეთში საპასუხო წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „მე ვიყავი და ვარ ჩემი ქვეყნის წარმატებული მომავლისთვის ბრძოლის „ფან“ მოხელე, ჩემი პრეზიდენტის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მის მიერ არჩეული კანდიდატის „ფან“ მოხელე და საერთოდ, მთელი გულით და სიმართლით ვდგევარ იქ, სადაც ჩემი აზრით (დღეს განსაკუთრებით) ყველა ქართველი უნდა იდგეს“.
 
ექსპერტი მედიის საკითხებში, ია ანთაძე ამბობს, რომ ეს საჯარო მოხელის მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებაა. თუმცა, დღეს მოქმედი კანონმდებლობა მოხელეს პარტიის მხარდაჭერის უფლებას მხოლოდ სამუშაო საათების შემდეგ და შვებულების პერიოდში აძლევს.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 61–ე მუხლში კი, პარტიული საქმიანობის შეზღუდვა, აღნიშნულია: „სახელმწიფო მოსამახურეს არა აქვს უფლება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს პარტიული საქმიანობისათვის“.

ახალი ამბები