კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარტიული სიმბოლიკა კომერციულ რეკლამებში

19 სექტემბერი, 2012

ნინო ცაგარეიშვილი

პარტიული სიმბოლიკის კომერციულ რეკლამებში გამოყენება ფარული პოლიტიკური რეკლამის ერთ-ერთი სახეა. საქართველოს კანონმდებლობა ფარული პოლიტიკური რეკლამის ცნებას არ იცნობს და აღნიშნულ საკითხს რეგულირების მიღმა ტოვებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის პროექტის ფარგლებში აკვირდება. მონიტორინგმა პარტიული სიმბოლიკის კომერციულ რეკლამებში გამოყენების ერთი შემთხვევა გამოავლინა.

ფარული რეკლამის ნიშნებია „რუსთავი 2-სა“ და „იმედზე“ გასულ „კაუკასუს ონლაინის“ კომერციულ რეკლამაში სახელწოდებით „ქალაქში კარგი ინტერნეტია“. რეკლამის ბოლოს ისმის ფრაზა - „კარგი ინტერნეტი იწყება ხუთი მეგაბიტიდან“ - და წითელ ფონზე ჩნდება ციფრი 5 , რაც ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომერს წარმოადგენს, რომელშიც, ასევე წითელი და თეთრი ფერები ფიგურირებს. აღნიშნული ფორმით ციფრი 5-ის წარმოდგენა „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლოს ასოციაციას იწვევს.

პარტიულ სიმბოლიკას იყენებს ასევე რეკლამა საზაფხულო სამუშაოების შესახებ, რომელიც ასევე „რუსთავი 2-სა“ და „იმედზე“ გადის. რეკლამაში მონაწილე ახალგაზრდებს აცვიათ თეთრი მაისური,  წითელი წარწერით SJ (summer job) .  წარწერის პირველი ასო,  S  მმართველი გუნდის საარჩევნო ნომრის, 5-ის ასოციაციას იწვევს.

აღნიშნული რეკლამა სოციალური რეკლამის ნიშნებს შეიცავს. იგი მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას გარკვეული საზოგადოებრივი სიკეთის შესახებ, რაც სოციალური რეკლამის დეფინიციის ერთ-ერთი კრიტერიუმია.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ს მიმართა მათ ეთერში გასული სოციალური რეკლამების სიის თხოვნით. „რუსთავი 2“-მა ორგანიზაციის წერილს არ უპასუხა. „იმედისგან“ მიღებული პასუხის თანახმად, აღნიშნული რეკლამა არ შედის იმ რეკლამების სიაში, რომელთაც ტელეარხმა სოციალური რეკლამის სტატუსი მიანიჭა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული რეკლამა წარმოადგენს ფასიან რეკლამას.

აღსანიშნავია, რომ 2008 და 2010 წლებში, წლის განმავლობაში და წინასაარჩევნო პერიოდში ხშირი იყო შემთხვევები, როცა სხვადასხვა კერძო კამპანიები თავიანთ სარეკლამო კამპანიებში (რგოლები, ბანერები, ბეჭდური მასალები) იყენებდნენ საარჩევნო სუბიექტის ნომერს და პარტიული სლოგანის სხვადასხვა ვარიაციებს, რითაც არაპირდაპირ რეკლამას უწევდნენ მმართველ პარტიას. მაგალითად: ბილაინი  - ტარიფი  5 თეთრი;  მაგთი - საჩუქარი ბალიდან ბალზე, 5 თეთრი;  ლაი-ლაი-ს 5 რჩეული ნომერი.

ციფრი 5-ის გამოყენება დაფიქსირდა ასევე კომპანია მაგთის მიერ 2012 წელს დამზადებულ ვიდეორგოლში :

სარეკლამო ბანერებში ციფრი 5-ის კერძო კომპანიების მიერ გამოყენების შემთხვევები წელსაც გვხვდება. ბათუმში, რამდენიმე თვეა, სარეკლამო ბანერები გაჩნდა, სადაც ციფრი ხუთიანი ფიგურირებს: „5 წუთი გალფთან ერთად“, „5 ჰიუნდაის ჯიპი“, „ყოველი მე-5 ბინა უფასოდ“ .

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „ეს შენ გეხება“  ფარული პოლიტიკური რეკლამის აღსაკვეთად გამოსავალს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღებაში ხედავს. კოალიციის აზრით, საჭიროა ფარული პოლიტიკური რეკლამის საკანონმდებლო დეფინიციის შემოღება. სხვადასხვა ქვეყნებში არსებული საკანონმდებლო პრაქტიკიდან გამომდინარე,  კოალიცია ფარულ რეკლამად მიიჩნევს მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ ნებისმიერი ფორმით (სატელევიზიო სიუჟეტი, გადაცემა, სარეკლამო რგოლი და სხვ.) გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული არ არის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებასთან და რომელშიც ნაჩვენებია ან/და ნახსენებია საარჩევნო სუბიექტი/ სუბიექტობის კანდიდატი / პოლიტიკური პარტია / კანდიდატობის მსურველი, მისი დასახელება, სლოგანი, ან/და რიგითი ნომერი (თუ ეს ნომერი ასოცირდება საარჩევნო სუბიექტთან / სუბიექტობის კანდიდატთან / პოლიტიკურ პარტიასთან /კანდიდატობის მსურველთან) ან/და სხვა საიმიჯო რეკვიზიტები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მედიამონიტორინგს ახორციელებს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“  ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES).

ამ ბლოგის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის მეშვეობით. გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ ადამიანის უფლებათა ცენტრს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ახალი ამბები