კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპროტესტო აქციებზე მოქალაქეები ბაჩო ახალაიას პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ

19 სექტემბერი, 2012

ელენე ჭუმბურიძე

19 სექტემბერს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებზე გამოსული მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებდნენ პატიმრებს. აქციის მონაწილეები 18 სექტემბერს ტელეკომპანიების - „მეცხრე არხისა“ და „მაესტროს“ ეთერით გასული ვიდეომასალებში ასახულ სისასტიკეს აპროტესტებდნენ. გავრცელებულ ვიდეომასალებში ნაჩვენები იყო გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებზე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის ფაქტები.

ფილარმონიასთან შეკრებილი მოქალაქეები ერთხმად გამოხატავენ შეშფოთებას იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც საპატიმროებში ხდება და მოითხოვდნენ მაღალი თანამდებობის პირების არა მარტო თანამდებობიდან გათავისუფლებას, არამედ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. მათი განცხადებით, მხოლოდ სასჯელაღსრულების მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის გადადგომით ციხეებში ვითარება არ გამოსწორდება.

Humanrights.ge აქციის რამდენიმე მონაწილეს გაესაუბრა.

დავით ლილუაშვილი, კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე: „დღევანდელი ქართული პენიტენციალური სისტემა ეს არის ამჟამინდელი შს მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიერ ჩამოყალიბებული სისტემა. ახალაიას შემდეგ ამ სისტემაში მოსული ხელმძღვანელი პირები, იქნება ეს შაშკინი თუ კალმახელიძე, პატიმრებთან ურთიერთობის იგივე მეთოდებს მიმართავდნენ, როგორი მეთოდებიც ვიხილეთ ვიდეოკადრებში. ამიტომ უნდა დადგეს არა მარტო პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ ამ სისტემის ხელმძღვანელი პირები პასუხისგებაში უნდა მიეცენ“.

ნიკოლოზ მჟავანაძე, „უფლებადამცველთა გაერთიანება“: „ნებისმიერი ევროპელი ლიდერი ამ ფაქტების შემდგომ გადადგებოდა. საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თუ უნდა, რომ ნორმალურად დაამთავროს თავისი პოლიტიკური კარიერა, ურჩევნია, გადადგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ლიბიელი დიქტატორის კადაფის ბედი არ ასცდება“.

აქციაზე ქართველი ემიგრანტებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩეოდნენ. „ბოლო თვრამეტი წელი არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ერთი თვეა, რაც ჩამოვედი და შოკირებული ვარ. ვისაც უნდა ამ ქვეყანაში ცხოვრება, ყველა გარეთ უნდა გამოვიდეს! ვინც არის დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ყველა უნდა გადადგეს“, - გვითხრა ემიგრანტმა ციალა ლომიძემ.

ირაკლი ტაბლიაშვილი, ჟურნალისტი: „შინაგან საქმეთა მინისტრ ბაჩო ახალაიას თანამდებობიდან მოხსნა მოცემულ ეტაპზე შესაძლოა აღმოჩნდეს საზოგადოების მძაფრი პროტესტის ჩაცხრობის საფუძველი. თუმცა, 1 ოქტომბერს ეს საზოგადოება, სავარაუდოდ, იტყვის ხმამაღალ სიტყვას იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა“.

ირაკლი კორძაია, ჟურნალისტი, უფლებადამცველი: „გუშინ რა ფაქტებიც ვნახეთ, ეს ჩვენთვის ახალი არ არის. ასეთი რამ ციხეებში წლების განმავლობაში ხდება. უბრალოდ, გუშინ ამის ვიზუალური მასალა გაჩნდა. ჩვენი მოთხოვნაა ბაჩო ახალაიას გადადგომა და პასუხისგებაში მიცემა. ჩემთვის ასვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიეცეთ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის საშუალება, რისი უფლებაც მათ ჰქონდათ 2004 წლამდე და ახლა ეს უფლება ჩამორთმეული აქვთ. თუ ამის საშუალება უფლებადამცველებს არ მიეცემა, ჩვენ ყველა ხელისუფლების პირობებში გვექნება ეჭვი, რომ საპატიმროების კედლებს იქით ხდება ისეთი საშინელებები, რაც გუშინ ვნახეთ“.

აქციაზე შეკრებილთა ძირითადი მოთხოვნა შს მინისტრ ბაჩო ახალაიას გადადგომასთან ერთად, ყველა დამნაშავე მაღალჩინოსნის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაა.

ახალი ამბები