კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N 5

20 სექტემბერი, 2012

1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონში დააფიქსირა თავდასხმის 1, იარაღის გამოყენებით მუქარის 1, ზეწოლის 4, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლის მცდელობის 6, საარჩევნო კოდექსით დადგენილი სხვა მოთხოვნების დარღვევის 3, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 3 ფაქტი.

თავდასხმა, მუქარა იარაღის გამოყენებით

თავდასხმა თელავში ქისტებზე – 9 სექტემბერს, საღამოს, თელავში, კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილე ქისტ ახალგაზრდებს, რომლებიც პანკისის ხეობიდან იყვნენ ჩამოსულები, უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის შედეგად 25 წლის ხიზირ ქუშანაშვილი და 22 წლის ანგელ ბორჩაშვილი დაშავდნენ. დაზარალებული ახალგაზრდები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ისე, რომ ექიმებს პირველადი დახმარების აღმოჩენა დამთავრებული არ ჰქონდათ, საავადმყოფოში პოლიციელები მივიდნენ და დაშავებულები სამმართველოში დაკითხვაზე წაიყვანეს. „აქციას ვესწრებოდით, აქციიდან კონცერტზე წამოვედით, ბიჭები იდგნენ, ახლოს რომ მივედით დააყარეს და ჩვენც მოგვხვდა. საავადმყოფოში გადაგვიყვანეს და იქიდან პოლიციამ დაკითხვაზე წამოგვიყვანა,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ–ერთმა დაზარალებულმა ანგელ ბორჩაშვილმა. დაახლოებით 1 საათის შემდეგ, დაშავებულები პოლიციის სამმართველოდან გამოუშვეს. ხიზირ ქუშანაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, „ქართული ოცნების“ წევრებმა თელავის საავადმყოფოში დააბრუნეს. თელავის რაიონული საავადმყოფოს ქირურგის გიორგი სვანიშვილის განცხადებით, ახალგაზრდებს სხეულის მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ მიღებული და სტაციონარულ მკურნალობას არ საჭიროებდნენ, თუმცა „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ზვიადაურმა ქუშანაშვილი და ბორჩაშვილი დამატებითი გამოკვლევებისთვის თბილისში გადაიყვანა. 10 სექტემბერს ზურაბ ზვიადაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობა, რომ თელავში, კოალიციის აქციის დასრულების შემდეგ, ხიზირ ქუშანაშვილის და ანგელ ბორჩაშვილის გარდა უცნობი პირები ფიზიკურად კიდევ 8 ახალგაზრდას გაუსწორდნენ, თუმცა მათ სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ. „10 ადამიანია ნაცემი, ზოგს თვალი აქვს დალურჯებული, ზოგს ტუჩი აქვს გახეთქილი, ზოგს თავი აქვს გატეხილი, ქუშანაშვილის და ბორჩაშვილის გარდა ყველა მსუბუქად არის და საავადმყოფოს არ მიმართეს,“ – განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა. მისივე თქმით, 25 წლის ხიზირ ქუშანაშვილს, თბილისში გამოკვლევების შედეგად მძიმე ტვინის შერყევა დაუდგინდა. „ქუშანაშვილს ჩაუტარდა ტომოგრაფია, გამოკვლევები და მძიმე ტვინის შერყევა დაუდგინდა. წოლითი რეჟიმი და მკურნალობა დაუნიშნეს და უკვე სახლშია“ – განაცხადა ზვიადაურმა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას თელავის პოლიცია აწარმოებს. სამართალდამცავებს ჯერ არავინ დაუკავებიათ. თავდასხმის ფაქტზე კომენტარი გააკეთა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ თამარ კინწურაშვილმა. მისი განცხადებით, ახალგაზრდების ცემის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისი რეაგირება მოხდება.
http://www.youtube.com/watchv=1nxStGF8CME&feature=player_embedded

ყვარელში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს სახლებში შეიარაღებული პირები შეუვარდნენ – ყვარლის რაიონის სოფელ თხილისწყაროში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სახლებში 10 სექტემბერს, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. „ღამის 2 საათი იყო. გადმოხტნენ დაკეტილ კარებზე. ხუთნი იყვნენ. იარაღები ჰქონდათ. ერთ–ერთი ლოგინში ავტომატით დამადგა და მეუბნება, რა იყო, რა მოწყვეტით წახვედით სოფლიდანო“, – იხსენებს ელზა ტიღაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში. ის და მისი თანასოფლელები 9 სექტემბერს, თელავში, „ქართული ოცნების“ აქციაზე იმყოფებოდნენ. „ჩემი ქმარი ლოგინიდან ააყენეს. პოლიციიდან ვართ, ადექით, თქვენი დედაო. მე ვუთხარი, მაცალეთ, ავდგე მეთქი და არც მაცალეს. მოშვერილი ჰქონდა იარაღი, ორლულიანი იყო რაღაცა. იწექი მანდ... დღეს რა ხდებოდაო? რა უნდა ხდებოდეს, ივანიშვილის აქციაზე ვიყავით, რა გინდათ მეთქი? რა გვინდა და შორენას ვეძებთო. ვინ შორენას, აქ რა უნდა მეთქი. მეზობლებთან შესულან კიდევ, იქ ელზას ვეძებთო, იქ თემოს ვეძებთო. იქაც შეიარაღებულები შევიდნენ დაშინების მიზნით. ცხოვრებაში არ მომხდარა ასეთი რამ და რაღა აქციაზე რომ ვიყავით მაშინ მოხდა? იარაღი ყველას ჰქონდა ერთის გარდა. რა იყო, დღეს რა მოწყვეტით წახვედით სოფელიო. ყველა ვიყავით აქციაზე, ასაკოვანი ხალხი არ წამოსულა მარტო, სამი მარშუტკა ვიყავით, ფეხზეც ვიდექით მარშუტკაში“, – ამბობს ელზა ტიღაშვილი. „როცა შემოვარდნენ, ბავშვიც აქ იყო. ბავშვი ამიწიოკდა, ყვირილი დაიწყო. მეც ყვირილი დავიწყე, თქვე არაკაცებო, რა გინდათ, ჩემს ხმას ვისაც მინდა იმას მივცემ მეთქი. ჩვენ ხმის ამბავზე არა ვართ მოსულები, შორენა გვაინტერესებსო. რაღაცეებს კითხულობდნენ, დადიოდნენ, მთელი სოფელი შეაღონეს. ერთი მე ვარ, რომ ვლაპარაკობ, ხალხს ეშინია, ვერ ლაპარაკობენ. რომ დავინახო, მე ამოვიცნობ იმას, ვინც ავტომატს მიშვერდა, პატარა ბიჭი იყო. რა ხდება მეთქი? რა ხდება და შენ ქმარს ეხლა დაბრედავენო. უნდა ავდგე მეთქი და ვერ ადგები, შენი დედაო“, – აღნიშნავს ელზა ტიღაშვილი. თხილისწყაროში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სახლებში 10 სექტემბერს, გვიან ღამით, შეიარაღებული პირები რომ შევიდნენ, ამ ფაქტს ელზა ტიღაშვილის მეზობელი ქეთევან გაგნიძეც ადასტურებს. „ქართული ოცნების“ მომხრეები ვართ და შეგვეშინდა, ხომ იცით რა ხდება ამ არჩევნებზე. ჩემმა ამეუღლემ გამოიხედა, წნევადარტყმულია, 4 თვეა ვერ ლაპარაკობს. ავტომატიანი ეუბნება, უფროსო, რა გვარი ხარო. არაფერი არ დაუშავებიათ, შეგვეშალა, შეცდომით მოვედითო. ელზას სახლი რომელიაო. ამ უბანში სხვაგანაც ყოფილან. დილით ისევ მოვიდნენ, ყავა მოგვიდუღე თუ შეიძლებაო. დავალევინე და წავიდნენ, გამართული ქართულით ლაპარაკობდნენ“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ქეთევან გაგნიძემ. სოფელში გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ვინმე შორენას ეძებდნენ, თუმცა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ შეიარაღებული პირები არ შესულან იმ სახლებში, სადაც მცხოვრებნი თელავში „ქართული ოცნების“ აქციაზე არ ყოფილან. მომხდართან დაკავშირებით ყვარლის პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის და შესაბამისად, არც გამოძიება მიმდინარეობს.
http://www.youtube.com/watchv=eCEMWA3NuJA&feature=player_embedded

ზეწოლა, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის მცდელობა

ქვემო მაღაროში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს პლაკატები წაართვეს – 6 სექტემბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაღაროში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ნინო გუგაშვილს და გიორგი მჭედლიშვილს სააგიტაციო პლაკატების დარიგების დროს, შეურაცხყოფა მიაყენეს, დაარტყეს და პლაკატები წაართვეს. ინციდენტში ქვემო მაღაროდან საკრებულოს წევრი გიორგი ბაბაკიშვილი მონაწილეობდა. „ოთხნი ვიყავით და პლაკატებს ვარიგებდით, უცებ ორი მანქანა მოვიდა, იქიდან რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა და გვკითხეს საიდან ხართო. ვუთხარით, რომ არავის არაფერს არ ვაძალებთ და მოსახლეობას ვაცნობთ, რომ 9 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილი თელავში აქცის მართავს. პლაკატები წაგვართვეს, ერთ ბიჭს სახეში ხელი გაარტყეს, მე თავში პლაკატები დამარტყეს და მაგინებდნენ. გვითხრეს, რომ აქ მეორედ აღარ მოხვიდეთო და წავიდნენ“, –აღნიშნა „ქართული ოცნების“ აქტივისტმა ნინო გუგაშვილმა. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილიდან მისთვის უცნობი პირები სოფლის დეპუტატის გიორგი ბაბაკიშვილის მანქანით მიიმალნენ. „ქართული ოცნების“ აქტივისტების ბრალდებები უარყო სოფლის დეპუტატმა გიორგი ბაბაკიშვილმა. „მე არავინ არ მიცემია. ვინ იყო არ ვიცი, მე არ ვყოფილვარ“, – განაცხადა ბაბაკიშვილმა. ინციდენტი ერთ–ერთმა თვითმხილველმა გალინა არაბულმა დაადასტურა. „წყალს ვიღებდი ქუჩაში. ბავშვები მოდიოდნენ პლაკატებით. გააჩერა მანქანა და პლაკატები წაართვა. მე ვუთხარი, რა უფლებით ართმევ მეთქი პლაკატებს. არ მიპასუხა. საბარგულში ჩადო ეს პლაკატები და წავიდა“, – განაცხადა არაბულმა.
http://www.youtube.com/watchv=Nr7Zys3b83Q&feature=player_embedded

გურჯაანის რაიონში „ქართული ოცნების“ საინფორმაციო პლაკატები ჩამოხიეს – 9 სექტემბერს, თელავში, კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია იყო დაგეგმილი. ამასთან დაკავშირებით, 8 სექტემბერს, კოალიციის ახალგაზრდა აქტივისტებმა რეგიონში საინფორმაციო შინაარსის პლაკატები გააკრეს, რომლითაც ხალხს აქციაზე იწვევდნენ. იმავე საღამოს, გურჯაანის რაიონის სოფლებში თითქმის ყველა პლაკატი ჩამოხეული იყო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ჭანდრის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, პლაკატები „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა ჩამოხიეს. „გუშინ, გვიან საღამოს, ახალგაზრდები დადიოდნენ და „ოცნების“ პლაკატებს ხევდნენ. ყველგან ჩამოხიეს. ვიცი, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიან, პირადად ვიცნობ. „ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატები რამდენიმე დღით ადრე მათ გააკრეს“, – აღნიშნა თვითმხილველმა.

გურჯაანში ბენზინგასამართი სადგურები არ მუშაობდა – 9 სექტემბერს, თელავში, „ქართული ოცნების“ აქციაზე წასვლის მსურველებს პრობლემები შეექმნათ ტრანსპორტის საწვავით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. დილიდან გურჯაანში ბენზინგასამართი სადგურები, მათ შორის კომპანია „ლუკოილის“ სადგურიც არ მუშაობდა. ოპერატორების განმარტებით, ბენზინგასამართ სადგურებს საკმარისი სიმძლავრის ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, სინამდვილეში რაიონს ელექტროენერგია 9 სექტემბერს უწყვეტ რეჟიმში ჰქონდა და ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციაში“ გადამოწმებული ინფორმაციით, არც ძაბვის ვარდნა არ მომხდარა.
http://www.youtube.com/watchv=2etVPGypYkY&feature=player_embedded

ხელშეშლის მცდელობა რეაბილიტაციის მიზეზით – არათანაბარი წინასაარჩევნო პირობები თელავში – 8 სექტემბერს, შაბათს, თელავში, ერეკლე მეორეს გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა გაიმართა. ქალაქში, სადაც უკვე 2 თვეა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობამდე ქუჩები სამშენებლო მასალებისგან გაწმინდეს, გზებზე მოძრაობა მთელი დღის განმავლობაში თავისუფალი იყო. 9 სექტემბერს, კვირას, როცა იმავე ადგილზე აქცია „ქართულმა ოცნებამ“ გამართა, ერეკლე მეორეს გამზირზე სამშენებლო სპეცტექნიკა ჩააყენეს, გზებზე კი სამშენებლო მასალები დაყარეს. „ფასადზე ვმუშაობთ, მაგრამ ეხლა გაჩერებულები ვართ, ეხლა არ ვმუშაობთ. რა ვიცი, გაგვაჩერეს რა. აქ არის ჩვენი სამსახური“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ–ერთი მანქანის მძღოლმა. „უფროსობამ მიბრძანა. ჩემი სამუშაო საათები მორჩა უკვე, მე შემიძლია წავიდე, მაგრამ როგორ გავიდე? 2–3 საათია გაჩერებულები ვართ“, – განაცხადა მეორე მძღოლმა. „ქართული ოცნებიდან“ თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გელა სამხარაულის განცხადებით, წინა დღეს, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი აქცია ჩაატარა, თელავში გახსნილი იყო ცენტრთან მისასვლელი ყველა გზა, კვირას კი მათ განაახლეს სამუშაოები. „მიზანი ის არის, რომ ჩვენს მომხრეებს შეუქმნან დისკომფორტი და ხელი შეგვიშალონ აქციის ჩატარებაში“, – განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.
http://www.youtube.com/watchv=GJ3lXIEg1M0&feature=player_embedded

თელავში „ქართული ოცნების“ აქციას შსს–ს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებიც იღებდნენ – 9 სექტემბერს, თელავში გამართულ „ქართული ოცნების“ აქციას შს და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლებიც იღებდნენ. უახლესი აპარატურით აღჭურვილი პირები საკუთარ ვინაობას არ ამჟღავნებდნენ. ისინი განსაკუთრებით აქციის მონაწილეებს აღბეჭდავდნენ. ერთ–ერთი ოპერატორი მამუკა ღაღანიძე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელია, მითითებებს პირადად კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლისგან გიორგი სიბაშვილისგან იღებდა. აქციაზე დიდი რაოდენობით იყვნენ „info9.com“–ის წარმომადგენლები. როგორც ცნობილია, აღნიშნული გამოცემა პროოპოზიციური სააგენტო „Info9.ge“–ის პარალელურად შეიქმნა და მისი წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მითითებებით მუშაობენ.
http://www.youtube.com/watchv=58fnuZpRJzI&feature=player_embedded

ყვარელში „ქართული ოცნების“ წევრები დააკავეს – 4 სექტემბერს, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები ლევან ხუციშვილი და ზაზა როსტიაშვილი დააკავეს. „საღამოს, მეგობართან ზაზა როსტიაშვილთან ვიყავი, პურს ვჭამდით. აივანზე ვისხედით, ქუჩიდან ბიჭმა მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც ასევე სიტყვიერი  შეურაცხყოფით ვუპასუხეთ. ეს ადამიანი არის ბაჩო ნიკოლოზიშვილი, რომელსაც ნათესაური კავშირი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან. მას პოლიცია გამოუძახებია. უცბად შემოვარდა 4 პოლიციელი და დაგვაკავეს. სასამართლოზე მოსამართლემ 2 მუხლით წაგვიყენა ბრალდება, წვრილმანი ხულიგნობა და დაუმორჩილებლობა, თუმცა დაუმორჩილებლობა არ ყოფილა, წინააღმდეგობა არ გაგვიწევია, როგორც შემოვიდნენ, მაშინვე გავყევით. სანქცია ასეთი იყო ან 90 დღე პატიმრობა, ან 400 ლარი ჯარიმა, ჩვენ ჯარიმა ვარჩიეთ და 400 ლარიანი ჯარიმით გაგვათავისუფლეს,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლევან ხუციშვილმა.
http://www.youtube.com/watchv=wuV8MlJv978&feature=player_embedded

თელავში „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონული ოფისი გაქურდეს – 3 სექტემბერს, თელავში, ქალაქის ცენტრში, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონული ორგანიზაციის ოფისი გაქურდეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს პარტიის რეგიონულმა კოორდინატორმა გიორგი მოსიაშვილმა განუცხადა, ოფისიდან წაღებულია კომპიუტერი, რომელშიც მთელი სამუშაო ინფორმაცია ინახებოდა. საქმეს თელავის პოლიცია იძიებს. სამართალდამცავებს ჯერ არავინ დაუკავებიათ.
http://www.youtube.com/watchv=UULDowjhgY4&feature=player_embedded

ინციდენტი ლაგოდეხში – ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფონაში „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის ინციდენტი მოხდა. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მივიდა, მმართველი პარტიის მტკიცებით კი, შეხვედრა მათ მიერ იყო ორგანიზებული და ხელი კოალიციის წარმომადგენლებმა შეუშალეს. „აი, ამ ხალხით, მაიკა რომ აცვია, მოდის ძალა, რომელსაც უნდა მიგაბრუნოთ ისევ ავტომატიან ხალხად, ძველ სისტემაში დაბრუნება უნდათ, რომ აღარც პენსია გაიცეს, აღარც ხელფასები გაიცეს, აღარც დახმარებები, მტრები ხართ, აბა რა ხართ,“ – მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გია გოზალიშვილმა კოლიციის წევრებს. „მე დაგიმტკიცებთ, რომ მტრები ხართ. ეს ხალხი, „ქართული ოცნება“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი რა, იცოდეთ. უკვე ყველანაირ ზღვარს გადადიხართ“ – განაცხადა ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ კაკალაშვილმა. „გაიგეს, რომ ჩვენი შეხვედრა იყო დანიშნული, სასწრაფოდ ჩამოვიდნენ და შეხვდნენ ხალხს. ჩვენი ზონის უფროსი, კოორდინატორები აქ არიან, ამათ გააკეთეს ხალხის მობილიზაცია, მაგრამ აღარ დავძაბეთ სიტუაცია და გამოვერიდეთ,“ – აღნიშნა „ქართული ოცნების“ წევრმა გაგა ღამბაშიძემ.
http://www.youtube.com/watchv=MU7JE3YLZz4&feature=player_embedded

ყვარლის გამგებელს ზეწოლაში ადანაშაულებს – ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანში მცხოვრები კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბერდია გეზელიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბესიკ ზანდარაშვილს და სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს თემურ ოსიაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს. „გამგებელი ბესიკ ზანდარაშვილი მანქანიდან გადმომიხტა და მითხრა, „ქართული ოცნების“ ბუკლეტებს რატომ არიგებო. ვუთხარი, ხომ შეიძლება, რომ ჩემი განსხვავებული აზრი, თუნდაც არ მოგწონდეს, საზოგადოებას გავაცნო მეთქი. რამდენიმე წლის წინ ტყის პატარა ნაწილი გასათბობად გამოიყენეს და შემახსენა, რომ ეს საქმე მკვდარი არ იყო  და ჯარიმა ჩემი გადასახდელი გახდებოდა. ბესიკ ზანდარაშვილი სამსახურიდან გათავისუფლებით ჩემს ახლობელსაც დაემუქრა, რომელიც ერთ–ერთ სამინისტროში მუშაობს. მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ქევხიშვილი მოსახლეობას ხვდებოდა. შეხვედრის დამთავრების შემდეგ სოფლის რწმუნებულმა თემურ ოსიაშვილმა მითხრა, არ გამეკეთებინა ისეთი რაღაც, რომ არჩევნების შემდეგ ბოდიშიც ვერ მიშველიდა. ამის შემდეგ ჩემმა თანასოფლელმა გურამ გეზელიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და დამემუქრა, რომ ღამე სახლიდან გამომათრევდნენ. ნაციონალებმა მამამისს ძებნილის სტატუსი მოუხსნეს, რომ არჩევნებისთვის ხმები მიუტანოთ“, – აღნიშნა ბერდია გეზელიშვილმა. ინციდენტის ერთ–ერთი ნაწილი თვითმხილველმა დაადასტურა. „გურამ გეზელიშვილი მას დედას აგინებდა და ემუქრებოდა, ამაღამ შენ არ გაცოცხლებო“, – აღნიშნა ჭიკაანის მკვიდრმა გულიკო ქვაჭრელიშვილმა. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ზანდარაშვილმა განმარტება არ გააკეთა.

„ქართული ოცნებიდან“ თელავის მაჟორიტარობის კანდიდატს საპატრულო პოლიციამ მანქანა ჩამოართვა – „ქართული ოცნებიდან“ თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გელა სამხარაულს საპატრულო პოლიციამ მანქანა ჩამოართვა. ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, 11 სექტემბერს, საღამოს მოხდა. საგზაო – სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, სამხარაულის მანქანა მსუბუქად დაზიანდა, მხარეებს ერთმანეთთან პრეტენზია არ ჰქონდათ, თუმცა პოლიციამ მანქანა საჯარიმო სადგომზე მაინც გადაიტანა. გელა სამხარაულის განაცხადებით, სანამ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მის საბუთებს შეამოწმებდნენ, უთხრეს, რომ ჯარიმასაც არ დაუწერდნენ, მას შემდეგ კი რაც მისი ვინაობა გაიგეს, მანქანა საჯარიმო სადგომზე გადაიტანეს. შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს, „ქართული ოცნების“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ ზვიადაურის ძმის სპარტაკ ზვიადაურის მანქანა დაუმორჩილებლობის მოტივით თელავის საჯარიმო სადგურზე გადაიტანეს.  მანამდე, გორის საჯარიმო სადგურზე ზურაბ ზვიადაურის მანქანის ძრავში უცნობმა პირებმა ქვიშა ჩაყარეს, რის გამოც მანქანა დაზიანდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს საპატრულო პოლიცია მასობრივად აჯარიმებს. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რამდენიმე ფაქტი გამოიკვლია, რომელიც ლაგოდეხის რაიონში მოხდა და აღმოჩნდა, რომ მძღოლებს საგზაო მოძრაობის წესები არ დაურღვევიათ, თუმცა პოლიციამ ისინი მაინც დააჯარიმა.
http://www.youtube.com/watchv=dQWBirWKEt8&feature=player_embedded

საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის სხვა ფაქტები

სამხედროებს თელავში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე 5–5 ადამიანის მიყვანა დაავალეს – 8 სექტემბერს, საქართველოს 11 ქალაქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა გაიმართა. კახეთში ყრილობა თელავში ჩატარდა. ყრილობასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს ბატალიონებიდან ჯარისკაცები დღეს ერთი დღით დაითხოვეს. სამხედროებს დავალებული ჰქონდათ საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ხუთ–ხუთი ადამიანის მიყვანა. „დღეს, დილით გამათავისუფლეს ერთი დღით. მეთაურმა გვითხრა, რომ საღამოს, თელავში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე 5 ადამიანი უნდა მივიყვანო. მე ჩემს რეგიონში, სხვებმა თავის რეგიონებში“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ–ერთმა სამხედრომ. საარჩევნო საკითხებში ექსპერტის ნინა ხატისკაცის განცხადებით, სამხედროებს, ისევე როგორც პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სამსახურების თანამშრომლებს წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობა აკრძალული აქვთ.

პოლიციელები „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე – საარჩევნო კოდექსის 45–ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ საქართველოს შს და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს. 8 სექტემბერს, თელავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას ესწრებოდნენ შს კახეთის სამხარეო მთავარის სამმართველოს და სამხედრო პოლიციის თანამშრომლები. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ყრილობაზე დააფიქსირა გურჯაანის პოლიციის თანამშრომლები ლევან მაისურაძე, პოლიციის უფროსის მოადგილე გოჩა სიბაშვილი და სხვები; შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე შოთა ბეჟანიშვილი, სამხედრო პოლიციის თანამშრომელი მამუკა სოლოღაშვილი. ისინი სამოქალაქო ფორმაში იყვნენ და სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ. ყრილობის დროს თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პრეზიდენტ სააკაშვილის დასახვედრად ხალხი შეკრიბეს, დიდი რაოდენობით პოლიციელები იმყოფებოდნენ, უმრავლესობას პოლიციის ფორმა ეცვა. საარჩევნო საკითხების სპეციალისტი ნინა ხატისკაცის თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის პასუხისმგებლობას საარჩევნო კოდექსის 79–ე მუხლი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება კანონის დარღვევით იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საქმის შესწავლა არ დაუწყია.

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

წინასაარჩევნოდ კახეთში 367 საჯარო მოხელე შვებულებაში უკვე გავიდა – წინასაარჩევნოდ, კახეთში, მუნიციპალიტეტების გამგეობების და საკრებულოების თანამშრომლები შვებულებებში მასობრივად გავიდნენ. საჯარო მოხელეების უმრავლესობა ფასიან შვებულებაშია, ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კაპანიაშია არიან ჩართულები. 2012 წლის 1 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე პერიოდში, შვებულებაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის 38, გურჯაანის მუინიციპალიტეტის გამგეობის 57 და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის 23 თანამშრომელი გავიდა, სულ კახეთის მასშტაბით კი შვებულებაში ამ დროისთვის 367 საჯარო მოხელეა გასული. მათ უმრავლესობას შვებულება 2 ოქტომბერს, ანუ საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს უმთავრდება. შვებულებაში არიან გამგებლები, მათი მოადგილეები, აპარატის უფროსები, სპეციალისტები, იურისტები, ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულები და სპეციალისტები, რომლებიც ხელშეკრულებებით 2 თვის წინ დაამატეს. კახეთის 8 რაიონიდან ამ დროისთვის შვებულებაშია გასული 5 გამგებელი და 5 საკრებულოს თავმჯდომარე. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა მაისურაძე 1 თვეზე მეტია შვებულებაში იმყოფება. საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი მაილაშვილი კი 1 თვიან შვებულებაში 3 სექტემბერს გავიდა. ორი კვირის წინ შვებულება აიღო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ლოლაძემ, მას შვებულება 2 ოქტომბერს უმთავრდება. ლაგოდეხის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ  გიორგი გოზალიშვილმა თანამდებობა 23 აგვისტოს დატოვა, ის „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია საგარეჯოს ყოფილი გამგებელი გია ჩალათაშვილიც, მის მოვალეობას ამჟამად შალვა ჯაბადარი ასრულებს. 2 სექტემბრიდან შვებულებაშია გასული საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჭიაურელი და გია ჩალათაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული. შვებულებაში იმყოფებიან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი, მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილიც. ასევე გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილი, გამგებელი დავით მესხიშვილი და გამგებლის მოადგილე დავით ბეჟაშვილი. ზაქარია იაგანაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ღვინიაშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს. შვებულებაში გასვლას აპირებს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ ხუცაიძეც. „15 სექტემბრიდან გავალ და აგიტაციაში ჩავებმები,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის გამგებელმა. „შვებულებაში ჯერ არ ვარ მაგრამ მალე გავალ,“ – აღნიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესო ზანდარაშვილმა. შვებულებაში არიან გასულები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და თანამშრომლებიც. ისინიც „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩენო კამპანიაში მონაწილეობენ. საარჩევნო კოდექსით, საჯარო მოხელეს კანდიდატის სააგიტაციო საქმიანობაში მონაწილეობის უფლება აქვს, ოღონდ შვებულებაში ყოფნის დროს, დასვენების დღეებში ან არასამუშაო საათებში.

myakhmeta.ge – პარტიული მიზნებისთვის – 6 სექტემბერს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა მაისურაძე და ახმეტის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ომარ მარუქაშვილი საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაში დაადანაშაულა. საია მარუქაშვილის 2000 ლარით დაჯარიმებას და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვებგვერდებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობების გაშუქების ფაქტებმა ბოლო პერიოდში საგანგაშო ტენდენციის სახე მიიღო. კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკის თვალსაჩინოდ დემონსტრირებისათვის საიას რამდენიმე მაგალითი მოჰყავს, მათ შორის არის ახმეტის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე myakhmeta.ge–ზე გამოქვეყნებული მასალებიც. „ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციების მეშვეობით დაუფარავად ხორციელდება „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აგიტაცია და ამავდროულად, მმართველი პარტიის მიმართ პოლიტიკური სიმპათიების გახატვას აქვს ადგილი. ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზები შემდეგნაირადაა დასათაურებული: „მეოცნებეების პროვოკაცია“; „ნაციონალური მოძრაობის ახმეტის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს“; „ახმეტის „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი  ბრიფინგი მიზნად ისახავდა საზოგადოების სიცრუეში შეყვანას“; „ქართული ოცნების“ საბჭოთა ნოსტალგია“; „პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ახმეტის  შტაბის ხელმძღვანელს თემურ გოდერძიშვილს რუსეთის აგრესია არ ახსოვს“; „შეხვედრაზე მისული ადგილობრივები „ქართული ოცნების“ ფულისადმი ინტერესს არ მალავდნენ“; „გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ პეტრე ცისკარიშვილს უცხადებს  ნდობას“; „ოჟიოს მოსახლეობის უმრავლესობა თემურ გოდერძიშვილის „ქართულ ოცნებაში“ გადასვლას მის ბიზნესინტერესებს უკავშირებს“; „ვინ არის „ქართული  ოცნების“ ახმეტის  ოფისის  ახალი ხელმძღვანელი?!“ და სხვა. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებებისა და საინფორმაციო მომსახურების გამოყენება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ქვემოთ მითითებული მუნიციპალიტეტების პასუხისმგებელი პირები არღვევენ საარჩევნო კოდექსის ამ მოთხოვნებს, რაც მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის, კერძოდ კი 2000 ლარიანი ჯარიმის დაკისრების საფუძველია. ამის პარალელურად, მიზანშეწონილია შესაბამისი პირებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული საქციელის ჩადენის გამო. ჩვენი მოსაზრებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე მკვეთრად სააგიტაციო შინაარსის მასალის მრავალგზის გამოქვეყნების გამო უნდა დადგეს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი“, – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი. ახმეტის საინფორმაციო ცენტრი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით 2009 წლის აგვისტოში დაფუძნდა. მისი სამართლებრივი ფორმა არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირია. ახმეტის საინფორმაციო ცენტრი ახმეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2012 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ცენტრისთვის 30 ათასი ლარია გამოყოფილი.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამუშაოების შესრულება „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურებით – 2 სექტემბერს, თელავში, ალაზნის გამზირზე, შპს „გარეგანათების“ თანამშრომლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო მაისურებში ჩაცმულები მუშაობდნენ. შპს „გარეგანათება“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარით ფინანსდება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა ირინე ურუშაძემ განუცხადა, ეს ფაქტი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ამომრჩევლის მოსყიდვაა. „გარეგანათების“ დირექტორმა კახა აზიკურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ მისი თანამშრომლები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან და უფლება არ აქვს მაისურის ჩაცმა აუკრძალოს.
http://www.youtube.com/watchv=dTDTFrhEGAM&feature=player_embedded

რეაგირება დაფიქსირებულ დარღვევებზე

„ქრისტიან – დემოკრატიული მოძრაობა“ 5 000 ლარით დაჯარიმდა – თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“ სამართალდამრღვევად სცნო და 31 ივლისს, გურჯაანში, მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გამასპინძლების გამო 5 000 ლარით დააჯარიმა. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, 2012 წლის 31 ივლისს, პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ორგანიზებით ქალაქ გურჯაანში, დიდების მემორიალზე, კახეთის მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას ჩატარებული ღონისძიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის და ამ ფაქტის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან შესაბამისობის საკითხის დადგენის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა. მონიტორინგის პროცესში დადგინდა, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“ დაარღვია ორგანული კანონის 271–ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და შემოწირულების შესახებ ინფორმაცია, არც კანონით დადგენილ ხუთდღიან ვადაში აცნობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და არც ფინანსური საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაში ასახა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა. 2012 წლის 7 სექტემბერს, სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მიმართ სანქციის გამოყენების თაობაზე და პარტია კანონდარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა,“ – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 31 ივლისს, ქდმ–მ გურჯაანში, დიდების მემორიალზე შეკრებილ მხარდამჭერებს, დაახლოებით 1 000 ადამიანს მწვადით, კიტრით, პომიდვრით და ღვინით უმასპინძლა. აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა. პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ ხალხმა სუფრა საკუთარი ფულით გაშალა, თუმცა მოსახლეობამ ეს ფაქტი არ დაადასტურა და აღნიშნეს, რომ ისინი სუფრასთან პარტიის ლიდერებმა მიიწვიეს და უსასყიდლოდ გაუმასპინძლდნენ.

თელავის გამგებლის მოადგილე 2 ათასი ლარით დაჯარიმდა – თელავის სასამართლომ ადმინისტრაციული რესურსისა და სამსახურებრივი მდგომარეობის უკანონოდ გამოყენების გამო თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვაჟა ზუროშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 2000 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ განცხადება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა: „2012 წლის 31 აგვისტოს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, მათ შორის ფოტო და ვიდეო მასალა, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით. საკითხი მდგომარეობდა მასში, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის არიგებდნენ სასურსათო დახმარებას. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტიდან თელავში მივლინებულ იქნენ წარმომადგენლები, რათა ადგილზე შეესწავლათ და მოეკვლიათ დარღვევის ირგვლივ გამოქვეყნებული ინფორმაცია. მოცემულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოიკითხნენ შემდეგი პიროვნებები: თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვაჟა ზუროშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა „ალაზანი კავკასიონის” ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ბადურ რევაზაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული მართვის ორგანოს რწმუნებული გიგა ლიქოკელი. მათ მიერ თელავის N17-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე მიცემულ იქნა წერილობითი ახსნა-განმარტებანი. საქმის ირგვლივ შეკრებილი მასალებისა და თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ მიცემული ახსნა-განმარტებების მიხედვით გამოირკვა შემდეგი: ვაჟა ზუროშვილის განმარტებით, არ ყოფილა არანაირი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ახალგაზრდა, რომელიც იყო წითელი მაისურით მოსული საკუთარი პროდუქტის წასაღებად, აღმოჩნდა, რომ მოეხმარა სამ მოხუცებულს პროდუქტის მიღებაში და შემდეგ დატოვა ტერიტორია. ბაადურ რევაზაშვილის განმარტებით, პიროვნება, რომელიც წითელ მაისურში იყო ჩაცმული უცნობი იყო მისთვის და მისი სამსახურისთვის, იგი მოცემულ სიტუაციაში სურსათის ასაღებად იყო მისული, რომელმაც სურსათის მიღების შემდეგ დატოვა ტერიტორია. გიგი ლიქოკელის განმარტებით, სურსათის წასაღებად მისულ მოსახლეობას მიეხმარნენ მოხალისე ახალგაზრდები, რომელთა შორის იყო მისთვის უცნობი პიროვნება, რომელსაც ეცვა წითელი მაისური, რაზედაც მან მოახდინა შესაბამისი რეაგირება, რათა დაეტოვებინა ტერიტორია. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ასევე გამოიკითხა თელავის მოქალაქე გიორგი ერგემლიძე, პიროვნება, რომელიც დაფიქსირებულია სურათზე კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებ გვერდზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაისურით: გიორგი ერგემლიძის განმარტებით, ის იმყოფებოდა მისული სურსათის ასაღებად, რა დროსაც ის დაეხმარა სამ მისთვის უცხო მოხუცებულს, რათა მანქანამდე მიეტანა პროდუქტი, ხოლო რაც შეეხება წითელ მაისურს, მას მოსწონს და ხშირად აცვია. ზემოაღნიშნული შეკრებილი მასალების ანალიზის შედეგად, თელავის N17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიიჩნია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ვაჟა ზუროშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მდგომარეობის უკანონოდ გამოყენებას, რაც გულისხმობს სამსახურებრივად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების აგიტაციაში უკანონოდ ჩაბმას, აღნიშნული გამოიხატა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის სურსათის დარიგების პროცესში საარჩევნო სუბიექტის ატრიბუტიკიანი ჩაცმულობის მქონე ახალგაზრდების მონაწილეობაში. შესაბამისად, N17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმი, საარჩევნო კოდექსის 88-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული რესურსისა და სამსახურებრივი მდგომარეობის უკანონოდ გამოყენებას წინასაარჩევნო კამპანიის დროს. საქმის მასალები და შუამდგომლობა გადაეგზავნა თელავის სასამართლოს განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით. სასამართლომ განიხილა სამართალდარღვევის ოქმი, თანდართული მტკიცებულებები და მიიღო დადგენილება თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ვაჟა ზუროშვილის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემისა და 2000 (ორი ათასი) ლარით დაჯარიმების შესახებ,“ – აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 31 აგვისტოს გაავრცელა ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ ურიგებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურებში ჩაცმული ახალგაზრდები პროდუქტებს სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას. „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის კოორდინატორმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ აღნიშნულ პირებს პარტიასთან საერთო არაფერი აქვთ და გამვლელები იყვნენ, რაც პრაქტიკულად ცესკო–მაც გაიზიარა. უახლოეს დღეებში, კახეთის საინფორმაციო ცენტრი შემოგთავაზებთ მტკიცებულებებს, რომელიც ადასტურებს, რომ ახალგაზრდები, ვინც პროდუქტებს არიგებდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიან.

გურჯაანის გამგეობის თანამშრომელი 1000 ლარით დააჯარიმეს – კახეთის საინფორმაციო ცენტრის ფოტო და ვიდეომასალის საფუძველზე სასამართლომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის სპეციალისტი მარინე ჩითინაშვილი ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების ფაქტზე სამართალდამრღვევად სცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. „მიმდინარე წლის 13-16 აგვისტოს სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების შესახებ. 17 აგვისტოს კი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისმა კომისიამ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია ცესკოს შემდგომი რეაგირებისთვის მიაწოდა. 13 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის სპეციალისტის სამუშაო ოთახში გაკრული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მასალებთან დაკავშირებული საქმე საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად შეისწავლა და №12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შემდგარი სამართალდარღვევის ოქმი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა. ზემოაღნიშნული სამსახურის სპეციალისტი სასამართლოს გადაწყვეტილებით 1000 ლარით დაჯარიმდა“, – განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

სიღნაღში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის მეუღლე სამსახურში დააბრუნეს – სიღნაღის საბავშვო ბაღების გაერთიანების სპეციალისტი მარინა მანჯაფარაშვილი, რომელიც სამსახურიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ მისი მეუღლე თელავში „ქართული ოცნების“ აქციას ესწრებოდა, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სამსახურში დააბრუნეს. „2 წელია ბაღების გაერთიანებაში ვმუშაობდი სპეციალისტად. ხელშეკრულება 2013 წლის იანვრამდე მქონდა გაფორმებული. 10 სექტემბერს, სამსახურში რომ მივედი, კადრების სპეციალისტმა ნათია ასანიშვილმა დამიძახა, რომელიც სიღნაღის დეპუტატის ნუგზარ აბულაშვილის მამიდაშვილია და მითხრა, რომ გათავისუფლებული ვიყავი. მე უფროსთან, ნატო უსენაშვილთან შევედი და ვკითხე, რა იყო ჩემი გათავისუფლების მიზეზი. მან მითხრა, თანხები არ გვაქვს, რომ ხელფასი მოგცეთ, ამიტომ ხელშეკრულება შეგიწყვიტეთ, ამას შრომის კოდექსი არ კრძალავსო. არადა, სამსახურში ახალ კადრებს დღემდე იღებენ. მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი გათავისუფლების მიზეზი ჩემი მეუღლის „ქართული ოცნების“ აქციაზე დასწრება იყო, რომელიც თელავში გაიმართა. ეს ვუთხარი კიდეც უსენაშვილს, მაგრამ არაფერი მიპასუხა,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მარინა მანჯაფარაშვილმა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მანჯაფარაშვილის თქმით, მას სამსახურიდან დაურეკეს და განუცხადეს, რომ ის გათავისუფლებული არ იყო. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიიდანაც აცნობეს. „რამდენიმე წუთის წინ დამირეკა კადრების სპეციალისტმა და მითხრა, შეგვეშალა და სამსახურში დაბრუნდიო. არადა, გუშინ ჩემი გათავისუფლების ბრძანება წინ დამიდეს და წამაკითხეს. უფროსსაც ვკითხე, რატომ მიშვებთ მეთქი და მე შრომის კოდექსის თანახმად ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება მაქვსო, მიპასუხა,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მარინა მანჯაფარაშვილმა. შეგახსენებთ, მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა აგვისტოში დედოფლისწყაროშიც. 14 აგვისტოს,  კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ დედოფლისწყაროს სასწრაფო – სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსმა ნუკრი ბაღაშვილმა სამსახურიდან გაათავისუფლა ექთანი ეთერ ჭუჭულაშვილი, რომლის მაზლიც (მეუღლის ძმა) გიორგი ნასრაშვილი „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის მობილური ჯგუფის უფროსია. ეთერ ჭუჭულაშვილს მანამდე არაერთხელ სთხოვეს, რომ მის მაზლს „ქართული ოცნება“ დაეტოვებინა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ ნუკრი ბაღაშვილს და სამსახურიდან ეთერ ჭუჭულაშვილის გათავისუფლების ბრძანების ასლი მოსთხოვეს. ნუკრი ბაღაშვილმა განაცხადა, რომ ეთერ ჭუჭულაშვილი გათავისუფლებული არ იყო. რამდენიმე წუთში, კახეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ეთერ ჭუჭულაშვილს შეხვდნენ. მისი განცხადებით, სამსახურის უფროსმა უთხრა, რომ გათავისუფლებულია და მიუხედავად იმისა, რომ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება არ გადაუცია, სამსახურში არ დაუშვა, რის გამოც ეთერ ჭუჭულაშვილმა 11 აგვისტოს, მორიგეობა ვერ შეძლო. არსებული გრაფიკით, ექთანს მორიგეობა ყოველ მესამე დღეს უწევდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტიდან რამდენიმე წუთში ნუკრი ბაღაშვილი ტელეფონით დაუკავშირდა ეთერ ჭუჭულაშვილს და შეატყობინა, რომ მიმდევნო მორიგეობაზე სამსახურში ჩვეულებრივ მისულიყო. ეთერ ჭუჭულაშვილი მუშაობას აგრძელებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი წინასაარჩევნო დაიჯესტს 1 ოქტომბრამდე, ყოველ შაბათს გამოაქვეყნებს.
დაიჯესტზე პასუხისმგებელი პირი გელა მთივლიშვილი :
Mtivlishvili@gmail.com ტელ: 599 34 34 77

იხილეთ წინა დაიჯესტები:

1)http://ick.ge/ka/articles/11902--n1.html

2)http://ick.ge/ka/articles/11988-----n2.html

3)http://ick.ge/ka/articles/12076--n2.html

4)http://ick.ge/ka/articles/12180-----n-4.html

ახალი ამბები