კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფოთში „ქართული ოცნების“ ორი აქტივისტი დააკავეს

25 სექტემბერი, 2012

ინგა გვასალია, ფოთი

23 სექტემბერს ფოთში „ქართული ოცნების“ ორი აქტივისტი - გიზო ცაცუა და გოდერძი შონია პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავა. დაკავების ფაქტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ეკა ბესელიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციებზე ისაუბრა.

დეპუტატობის კანდიდატის თქმით, 22 სექტემბერს ახალ რაიონში მცხოვრები „ქართული ოცნების“  მხარდამჭერები ზუგდიდში გასამართ აქციაზე წასასვლელად  ემზადებოდნენ. ამ დროს მათთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტი თემურ კარბაია მივიდა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კოალიციის აქტივისტმა გიზო ცაცუამ კარბაია გვერდით გაიყვანა და მოუწოდა სიმშვიდისკენ. ამით ინციდენტიც იმ დღესვე აღმოიფხვრა. თუმცა, მეორე დღეს პოლიციამ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს - გიზო ცაცუასა და გოდერძი შონიას სახლში მიაკითხა და დაკითხვის მიზნით პოლიციის სამართველოში წაიყვანა, სადაც ისინი დააკავეს.

ეკა ბესელია ოპოზიციის აქტივისტების დაკავების გახშირებას თავისებურ ახსნას უძებნის: „ზუგდიდში დიდმა და მაშტაბურმა თავყრილობამ ხელისუფლებას წონასწორობა დააკარგვინა. როგორც ვხედავთ, ქალბატონი შს მინისტრის პირველი დღე დაიწყო რეპრესიებითა და პოლიტიკური თავდასხმებით. დაგეგმილია „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ პროვოკაციების მოწყობა, რათა შეიქმნას „სამართლებრივი საფუძვლები“ პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების განსახორციელებლად. ჩვენი აქტივისტები სრულიად უკანონოდ არიან დაკავებულები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ გასანთავისუფლებლად“.

ბრიფინგზე ეკა ბესელიამ დაკავებულების მიმართ სამართლებრივ დარღვევებზეც ისაუბრა. „სასამართლოს დაკავების დღესვე უნდა შეეფარდებინა მათთვის აღმკვეთი ღონისძიება, რაც არ მომხდარა და ეს ერთ-ერთი კანონდარღვევაა, რაზეც ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას“, – აღნიშნა მან და მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა: „სულ ცოტა, ერთი კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე. მოგიწოდებთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად, არ ავყვეთ პროვოკაციებს. ხელისუფლება გადავიდა უკვე ისეთ ფაზაში, რომ მისი გაკონტროლება შეუძლებელია. არ გამოვრიცხავ სხვადასხვა ტიპის პროვოკაციებს. მინდა, ყველა მოსამართლე და პოლიციელი გავაფრთხილო: ნუ აყვებიან ამ რეჟიმს, ნუ გამოიტანენ კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს. თავი დაანებონ შანტაჟს და უკანონო დაკავებებს. ჩვენ დავიცავთ ყველა მხარდამჭერს და აქტივისტს. ამ ხელისუფლების დღეები დათვლილია და ნურავინ ნუ შეასრულებს უკანონო ბრძანებებს.

ბრიფინგზე ეკა ბესელიამ პოლიტიკური დევნის სხვა შემთხვევაზეც ისაუბრა: „23 სექტემბერს ასევე კიდევ ერთმა ჩვენმა მხარდამჭერმა, ბესიკ მატკავამ განცხადებით მოგვმართა. მას დილით ავტომანქანიდან უცხო პირები ორი მცირეწლოვანი შვილის მისამართით დაემუქრნენ“.

როგორც მატკავა ამბობს, დილით სახლიდან გამოსულს შავი ფერის უნომრო მანქანამ „ფოლსვაგენმა“ გაუჩერა: „მძღოლის გვერდით მჯდომი პიროვნება მომესალმა და მკითხა - ორი შვილის პატრონი კიდევ დაყიალობ „ოცნებაშიო“?!.. უნდა გეშინოდეს ორი ვაჟკაცის პატრონსო. მაშინებენ ბავშვებით, რომ შევწყვიტო კოალიციაში სიარული. მე ასეთი გადაწყვეტილება მაქვს - კოალიციაში ვხედავ ჩემი ქვეყნის გადარჩენის მომავალს. როგორც ვხედავ, ამ ხელისუფლებას არაფერი დარჩენია იმის გარდა, რომ ბავშვებით შემაშინოს. მიუხედავად ამისა, მე უკან არ დავიხევ“.

 მატკავას თქმით, მანქანაში მყოფი ორივე პიროვნების ამოცნობა შეუძლია.

ბესელიას განმარტებით, აღნიშნულ და  მორიგ უკანონობაზე რეაგირების მიზნით,  ინფორმაციას უფლებადამცველ და საერთაშორისო ორგანიზაციას გაუგზავნიან. 

ახალი ამბები