კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით

20 სექტემბერი, 2012

ადამიანის უფლებათა ცენტრი წლების განმავლობაში ამახვილებდა ყურადღებას საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ საგანგაშო მდგომარეობაზე. პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ჩვენი ორგანიზაციის ფაქტობრივად ყველა ანგარიშშია ასახული.  ეს ფაქტები არაერთხელ მოხვდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ჰუმან რაითს უოჩისა და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც. ამის მიუხედავად, 18 სექტემბერს ტელეკომანიების - „მაესტროსა“ და TV9-ს ეთერში გავრცელებულმა ვიდეომასალამ, სადაც გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია აღწერილი, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
 
ვიდეომასალებზე ასახულია, თუ როგორ აწამებენ პატიმრებს გლდანის საპყრობილის თანამშრომლები, უშუალოდ დაწესებულებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. პატიმრების გაუპატიურებისა და არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის კადრებმა სამართლიანად აღაშფოთა საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისთვისაც ძვირფასია ადამიანი და მისი ფუნდამენტური უფლებები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს, რომ 18 სექტემბერს გავრცელებული შემზარავი კადრები, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ არაადამიანურ რეჟიმს, რომელიც არსებობს საქართველოს არა მარტო სასჯელაღსრულების, არამედ მთლიანად ძალოვან სისტემაში, რაც თითქმის ყველასთვის არის ცნობილი.

მიგვაჩნია, რომ ის რაც ტელევიზიით ვიხილეთ, სამწუხაროდ არის მხოლოდ მცირედი იმ სისასტიკისა, რაც გამეფებულია ხელისუფლების თითქმის ყველა დონეზე. ვთვლით, რომ აღნიშნული შოკისმომგვრელი ფაქტები უნდა იქნეს განხილული ერთობლიობაში, ვინაიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა. იგი არის 2007 წლის 7 ნოემბრის, 2011 წლის 26 მაისის არაადამიანური დარბევების, სასამართლოსა და პროკურატურის ტენდენციურობის, „ნულოვანი ტოლერანტობის“, სანდრო გირგვლიანისა და უამრავი სხვა ადამიანის სასტიკი მკვლელობის, სახელმწიფო ორგანოთა გაუმჭირვალობის, გაუთავებელი მოსმენების, ადამიანის უფლებათა სრული უგულვებელყოფის და სხვა იმ უამრავ პრობლემათა ლოგიკური გაგრძელება, რომლებზეც არაერთხელ გამოთქვამდნენ შეშფოთებას, მათ შორის, უფლებადამცველი ორგანიზაციები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ არ არის საკმარისი ამ დანაშაულის მხოლოდ აღმსრულებელი პირების თანამდებობიდან გადაყენება, ან თუნდაც მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. პრობლემა, რომელიც დღეს გახდა აქტუალური არ არის მხოლოდ მათი, ერთჯერადი თანამდებობრივი გადაცდომა, ერთეული შემთხვევა. ეს სისტემური პრობლემაა, რომელიც კომპლექსურ გადაწყვეტას მოითხოვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, რათა შეიქმნას სპეციალური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საგამოძიებო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც უნდა შევიდნენ სახალხო დამცველი და უფლებათადამცველი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები. აღნიშნულმა კომისიამ დეტალურად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა, არამედ მთლიანად სასჯელაღსრულების სისტემა.

დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ციხეების დაქვემდებარება უფლებადამცველი ორგანიზაციების მუდმივი მონიტორინგისადმი, რაზეც 2011 წელს ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცა ევროპარლამენტმა და საჭიროა ხელისუფლებამ შეასრულოს ეს რეკომენდაცია.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხადი იქნება, რომ ის, რაც ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში, ხდება ხელისუფლების უშუალო მონაწილეობით და მისი წახალისებით, რისი გამოსწორების სურვილიც ხელისუფლებას არ გააჩნია.    

ადამიანის უფლებათა ცენტრი
19.09.12.

ახალი ამბები