კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წამების ფაქტები რუსთავის მე-16 საპყრობილეში - პატიმართა კოლექტიური წერილი

28 სექტემბერი, 2012

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ადამიანის უფლებათა ცენტრს რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმართა ახლობლები დაუკავშირდნენ. მათი თქმით, მე-16 საპყრობილის პატიმრებმა კოლექტიური წერილი მოამზადეს და გადასცეს სახალხო დამცველის აპარატს. წერილს 1 500-ზე მეტი პატიმარი აწერს ხელს და მათი თხოვნაა, წერილი გახდეს საჯარო და გამოქვეყნდეს.

Humanrights.ge-ს რუსთავის მე-16 საპყრობილის პატიმართა წერილის გაცნობის საშუალება სახალხო დამცველის აპარატმა მისცა. წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„მოგეხსენებათ, რომ წლების მანძილზე, რაც გაიხსნა მე-16 სასჯელარსრულების დაწესებულების ახალი ზონა, ჩვენს უფლებებს რეგულარულად არღვევენ. გვცემენ და გვავიწროებენ დირექტორის მოადგილე დავით მუმლაძე, უსაფრთხების უფროსი, ილო ლუტიძე, რეჟიმის ოფიცერი, გიორგი ჯღარკავა, ოფიცერი თემურ ყორშია.

ამ ყველაფერს ესწრებოდა  მთავრი ექიმი ბადრი თეზელაშვილი. სხვა სამედიცინო პერსონალიც გამოირჩევა უხეში, აგდებული და დამამცირებელი მოპყრობით მსჯავრდებულების მიმართ. გვივარდებოდნენ საკნებში, კედლებიდან გვიყრიდნენ ხატებს, გადავყავდით კარცერში, გვცემდნენ. კარცერში გადავყავდით, რომ მარტო აღარ გვესარგებლა ხანგრძლივი პაემნის უფლებით.

ჩხრეკაზე შემოდიოდნენ, ბოთლებს გადაგვიყრიდნენ და ორი დღით გვიკეტავდნენ წყალს. გვიტოვებდნენ მარტო ერთ ვედრას, მაშინ როდესაც დაწესებულების ეზოში ჩვეულებრივად მოდიოდა წყალი.

ვენტილაციას ზაფხულში საერთოდ არ გვირთავდნენ და გვტოვებდნენ დახუთულობასა და უჰაერობაში.

ვინმე სტუმარი როდესაც მოდიოდა, ყველაზე ხშირად გაგა მკურნალიძე, ასევე დავით ჭაკუა, სხდებოდნენ საათობით ზონის ეზოში, რა დროსაც ჩვენ გვაიძულებდნენ, დაგვეხურა ფანჯრები და ვყოფილიყავით უჰაერობაში.

როცა უნდოდათ გვითიშავდნენ ტელეფონს, რაც შეიძლება კვირები გაგრძელებულიყო. მიზეზად კი ასახელბენ, რომ ვიღაცამ სადღაც დარეკა, რომ მიტინგია და ა.შ.

დილის 10 საათზე ნებისმიერ ამინდში გამოგვიყვანდნენ და ცუდადაც რომ გავმხდარიყავით, კორპუსზე არ გვიშვებდნენ. თუ დილით არ გამოვიდოდით, ყველასთან ერთად, მერე გარეთ აღარ გვიშვებდნენ.

როდესაც გვინდოდა ეკლესიაში გადასვლა, საეკლესიო დღესასწაულებზე, მთელი დავიდარობა გვჭირდებოდა გადასასვლელად. 5 წუთს ძლივს გაგვაჩერებდნენ და იქიდან უკან გვდევნიდნენ.

არაფრის გამო, გვართმევდნენ ტელევიზორს. არხები გვაქვს შეზღუდული. აჩვენებს მხოლოდ სამ საინფორმაციო არხს - „რუსთავსი 2“, „იმედს“, „რეალტივის“ და დანარჩენებს მარტო გასართობ არხებს.

ტელეფონების რაოდენობა არის შეზღუდული 3 000 კაციან ზონაზე არის მარტო 14 ტელეფონი.

მთავარია, რომ ამ დაწესებულების ყოფილი დირექტორი,  ვაჟა ცხვედიანი ხალხს ცემდა, მათ შორის კარცერებში - დავით მუმლაძესთან (მოადგილე) და ილო ლუტიძესთან ერთად. მუმლაძეს ყავს მეცხვარის ძაღლი და ნაცემ პატიმრებს უქსევდნენ ამ ძაღლს, თან მობილურებითაც უღებდნენ.

ვაჟა ცხვედიანის მოსვლის შემდეგ ამ ზონაში სიცოცლე გახდა გაუსაძლისი. ხალხი იყო გადარბენაზე. ეს იყო ყოველდღიური გამოწვევა, რომელშიც თითქმის ყველა თანამშრომელი მონაწილეობდა, რასაც ხელმძღვანელობდნენ ვაჟა ცხვედიანი და დავით მუმლაძე.

კიტრი, პომიდორი არ შემოდიოდა ზონაზე. რა ფერის თეთრეულის შემოსვლა შეიძლებოდა, არ ვიცოდით. როგორც მოეპრიანებოდათ, იმ ფერს უშვებდნენ. ამის გამო ოჯახებს მოქონდათ სხვადასხვა ფერის  თეთრეული და არ უშვებდნენ.

აბანოში შევყავდით 20-20 კაცი. გასაპნულზე წყალს გვითიშავდნენ და ასე გვტოვებდნენ. წყალს ათამაშებდნენ - ხან ცივს მოუშვებდნენ, ხან - ცხელს. რომ გამოვიდოდით, ზამთარ-ზაფხულ დერეფანში გვტოვებდნენ ორპირ ქარში, სანამ ყველა არ მოგროვდებოდა. აბანო გვეკუთნოდა კვირაში ორჯერ, მაგრამ მარტო ერთხელ გავყავდით.

ტელეფონის ბარათები სამი ზარის გაშვების შემდეგ ითიშება და მეორე თვემდე აღარ ირთვება.

გაზეთები საერთოდ არ შემოდის, არც ციხის მაღაზიაში, არც ამანათით და არც ფოსტით.

დღემდე ზემოთ ხსენებული თანამშრომლები გვემუქრებიან არჩევნებით. გვეუბნებიან, რომ არჩევნების შემდეგ უარეს დღეში ჩაგვყრიან.

ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ძველი თანამშრომლები და პირველ რიგში დავით მუმლაძე, ჯღარკავა, ილო ლუტიძე ზონაში აღარ  იყვნენ.

ჩვენ ყველანი თანახმა ვართ, რომ ეს ახსნა-განმარტება გასაჯაროვდეს, გადაეცეს რეაგირებისთვის  საქართველოს მთავარ პროკურატურას, სასჯელარსრულების დაწესებულრების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა მინისტრს“.

სახალხო დამცველის აპარატში humanrights.ge-სთან საუბრისას განაცხადეს, რომ მათ აღნიშნულ წერილზე რეაგირება მოახდინეს და პროკურატურას მიმართეს.

ჩვენი ინფომაციით, ამ დრომდე თანამდებობაზე რჩებიან ის ადამიანები, რომელთა განთავისუფლებასაც  წერილში პატიმრები ითხოვდნენ. მათ შორის ყოფილი ციხის უფროსის მოადგილე, დავით მუმლაძე.

ახალი ამბები