კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მცხეთაში დაფიქსირებულ დარღვევებს არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია

2 ოქტომბერი, 2012

ლევან სეფისკვერაძე, მცხეთა

1 ოქტომბრის გარიჟრაჟზე, მცხეთა უცნაურად ჩაჩუმებული და მოლოდინით სავსე დაგვხვდა. საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე დასაკვირვებლად ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ წარგზავნილი ხუთი დამკვირვებელი გზაში ერთმანეთს გამოვუტყდით, რომ ყველას შედარებით ხალხმრავალ უბანზე გვინდოდა მოხვედრა, სადაც უფრო კარგად ჩანს მოქალაქეთა განწყობა და აქტიურობა.

არჩევნებზე დაკვირვება დილიდან მცხეთის 27-ე ოლქის, მეხუთე უბანზე მომიწია, რომელიც მცხეთის ე.წ. ძველ ფოსტაში იყო განთავსებული. ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლების ერთი ნაწილი საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩაგდების შემდეგ, იქვე, კედელზე დაკიდებული ხატების წინ პირჯვარს იწერდა. მცხეთის 27-ე ოლქის მეხუთე უბანზე მყოფ დამკვირვებელთაგან ერთადერთი აღმოვჩნდი, ვინც არჩევნების დროს, რელიგიური დანიშნულების ნივთების (კედელზე დაკიდებული ხატების) არსებობა გავაპროტესტე.

საარჩევნო უბანი საჯარო ადგილია, სადაც რომელიმე რელიგიის პროპაგანდას შესაძლებელი იყო, გარკვეული გავლენა არჩევნების შედეგებზეც მოეხდინა. მით უმეტეს, რომ არჩევნებში მონაწილეთაგან, ერთ-ერთი პარტიის დასახელებაში, სიტყვა „ქრისტიანობა“ ფიგურირებდა. ჩემს პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია და კომისიის წევრების ერთი ნაწილისა და დამკვირველების მხრიდან, მხოლოდ ირონიულ-ცინიკური დამოკიდებულება დავიმსახურე. რას ვიზამთ, ჩვენში რელიგია ხომ ხშირად „კანონზე მაღლა“ დგას.

არჩევნების მიმდინარეობისას, ჩვენს უბანზე ძირითადად ტექნიკური ხასიათის და მარტივად მოგვარებადი დარღვევები დაფიქსირდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა, დღის 11.30 საათზე დაფიქსირდა. საარჩევნო უბანში მოსულმა ამომრჩეველმა, თემურ მარტოლეკმა მის მიერ შემოხაზულ ბიულეტენებს კაბინაში ფოტო გადაუღო. ტელეფონის აპარატის ჩხაკუნის ხმაზე მივხვდით, რომ ხმის მიცემის კაბინაში შესული კაცი ფოტოს იღებდა, რაც თვითონ მარტოლეკმაც დაადასტურა. როგორც მერე თვითონ ამბობდა, ეს „ისტორიული ფაქტის დასაფიქსირებლად“ გააკეთა. თემურ მარტოლეკის ბიულეტენი ბათილად ვცანით.

შუადღის 13:00 საათზე, საარჩევნო უბნების შემოვლის დროს, მცხეთის მესამე (ღათიკარის) საარჩევნო უბანში ყოფნისას, შევამჩნიე, რომ საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ დამკვირვებელს, ბადრი მერაბიშვილს, ხელში დიდი ზომის ჟურნალი ეჭირა, რომელზეც „ქართული ოცნების“ ლოგო იყო გამოსახული. საარჩევნო უბანზე პარტიული ლოგოებისა და დროშების გამომზეურება კანონით იკრძალება. ჩემი პროტესტის შემდეგ, ბადრი მერაბიშვილმა ჟურნალი უბნიდან გაიტანა და ბოდიშიც მოიხადა – არ ვიცოდი, თუ ასეთი რამ აკრძალული იყოო.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მობილურ ჯგუფთან ერთად მცხეთის საარჩევნო უბნების შემოვლისას გამოჩნდა, რომ უცხოელი დამკვირვებლების უმრავლესობა, ძირითადად, ისეთ საარჩევნო უბნებზე მიდიოდა, რომლებიც მცხეთის ცენტრალურ და ადვილად მისადგომ ადგილებში მდებარეობდა. უცხოელები თითქმის ყველა უბანზე იყვნენ, მაგრამ ნარეკვავისა (მეოთხე) და ღათიკარის (მესამე) საარჩევნო უბნებზე პირველად 14:00 საათზე გამოჩნდნენ. მცხეთის ცენტრში მდებარე მე-5-ე და პირველ საარჩევნო უბნებზე კი მთელი დღის განმავლობაში 70-ზე მეტი დამკვირვებელი შევიდა. მათგან 20-ზე მეტი უცხოური სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები იყვნენ.

შემოვლის დროს, ასევე, შევამჩნიეთ, რომ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ახალგაზრდები საარჩევნო უბნებთან შორიახლოს ტრიალებდნენ და ერთმანეთს ცინიკური სიტყვებით მიმართავდნენ. მცხეთელი ახალგაზრდების საქებრად უნდა ითქვას, რომ მათი პოლიტიკური მტრობა ცინიზმს არ გასცდენია და სერიოზული შეხლა-შემოხლა მცხეთაში არსად გვინახავს.

საღამოს, ხმის მიცემის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მე-6 საარჩევნო უბანზე 3 წუთით შუქი ჩაქრა. მართალია, დამკვირვებლები საარჩევნო ყუთს თავზე დაადგნენ და ამ ფაქტს არჩევნების შედეგებზეც გავლენა არ მოუხდენია, მაგრამ საყურადღებოა, რომ 90-იანი „ბნელი“ წლებიდან მოყოლებული, ხმის მიცემის პროცედურის დასრულების წინ საარჩევნო უბანზე შუქი ჯერ კიდევ ქრება.

დღის ბოლოს ისევ იმ უბანზე (ფოსტის შენობაში) დავბრუნდი, სადაც დილით არჩევნებზე დაკვირვება დავიწყე. ამომრჩევლის რაოდენობა საკმაოდ იყო მომატებული და საარჩევნო კომისიის წევრები დაღლილ-დაქანცული სახეებით სულ საათებზე იყურებოდნენ. ყველას ერთი სული ჰქონდა, როდის დადგებოდა ნანატრი რვა საათი და როდის დასრულდებოდა ხმის მიცემის მომქანცველი პროცედურა.

მეხუთე უბანზე მყოფი კომისიის 12 წევრიდან, მხოლოდ ერთი ზაზა მაჩხანელი გავიდა საარჩევნო უბნიდან. ჩემი მხრიდან ამ ფაქტზე რეაგირების შემდეგ, კომისიის მდივანმა, გიორგი პაპუაშვილმა საჩივრის დაწერა მირჩია, რაც რასაკვირველია გავაკეთე კიდეც. როგორც შემდეგ გაირკვა, მაჩხანელი (მისი სიტყვებით) ძალიან დაღალა საარჩევნო პროცესმა და გარეთ, სუფთა ჰაერზეც იმიტომ გავიდა. დაბრუნების შემდეგ, მაჩხანელს კოლეგების მხრიდან საყვედურების მოსმენა მოუწია. მან თავი ორიგინალურად იმართლა: „რა ვქნა აბა? მე მცხეთელი ვარ და ისე ვცხოვრობ, როგორც მცხეთელი. სხვანაირად არ შემიძლია“, - გვითხრა მან.

ნანატრი 20:00 საათის დადგომის შემდეგ, საარჩევნო უბნის კარი დახურეს და დათვლის პროცესის დაწყების დასტურად, ხელი ყველა იქ მყოფ ადამიანს მოგვაწერინეს. დამოუკიდებელ დამკვირვებლებს გვიხაროდა, რომ ჩვენთან ერთად, ამ პროცესს ეუთოს სადამკვირვებლო ჯგუფის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მთვლელები თავიდან გახსნილი კონვერტიდან ამოღებულ ბიულეტენებზე დაწერილ პარტიის დასახელებებსა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების გვარებს რიხით ამბობდნენ. შემდეგ ხმების დათვლამ დამღლელი საქმის სახე მიიღო და იმაზე უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე წარმოვიდგენდით. საარჩევნო უბნის წინ შეკრებილი „ქართული ოცნების“ აქტივისტები პერიოდულად ოთახის შემოღებულ ფანჯარაში თავს ყოფდნენ და გვაქეზებდნენ: ჰა, დროზე დათვალეთ, გელოდებითო! ამას კომისიის წევრების მხრიდან თავიდან პროტესტი მოჰყვა. შემდეგ კი, საერთოდ აღარ აქცევდნენ ყურადღებას ფანჯარაში თავშემოყოფილ აქტივისტებს.

ჩვენს უბანზე, პარტიებს შორის პირველ ადგილზე, „ქართული ოცნება“ გავიდა, რომელმაც უბანზე ხმის მისაცემად მისული 911 ამომრჩევლიდან ხმა 791-მა მისცა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი მხოლოდ 84 ხმა მიიღო. სხვა პარტიებმა ძალიან მცირე რაოდენობის ხმები მიიღეს. ზოგს საერთოდ არ მიუღია არც ერთი ხმა (ნეტავ, რისი იმედი ჰქონდათ?!). მაჟორიტარობის კანდიდატთაგან ერთმანეთს მცხეთაში მცხოვრები ორი გურული - „ქართული ოცნების“ წარმომამდგენელი, დიმიტრი ხუნდაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ანდრო კალანდაძე ეპაექრებოდნენ. მცხეთის 27-ე საარჩევნო ოლქის, მეხუთე საარჩევნო უბანზე  ხუნდაძემ - 776, კალანდაძემ კი 106 ხმა მიიღო.

როდესაც საარჩევნო უბანზე ყოველგვარი პროცედურა მორჩა, საარჩევნო ატრიბუტიკა დალუქეს და ბიულეტენები სპეც-ტომრებში ჩააწყეს, ფოსტიდან გამოსვლისას უბანზე მყოფებს მთელი მცხეთა ქუჩაში დაგვხვდა გამოსული. იყო დიდი ჟრიამული და ავტომობილების სიგნალის გამუდმებული ჭყვიტინი. მცხეთელები ზეიმობდნენ. იმედია, საზეიმოდ არჩევნების შემდეგაც ექნებათ საქმე.

ახალი ამბები