კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურულებმა საპარლამენტო არჩევნები მშვიდად ჩაატარეს

3 ოქტომბერი, 2012

ნინო მშვიდობაძე, გურია

გურიაში არჩევნები ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. რამდენიმე დარღვევას არჩევნების შედეგზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. ცესკოს პირველადი მონაცემებით, გურიის ყველა საარჩევნო ოლქში პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

ჩოხატაურის 62-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ჩაისუბნის საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის მოთხოვნაზე, ძირითადად, ერთი ხელით ნაწერი განცხადებებია შესული. როგორც გვითხრეს, ამომრჩეველთა განცხადებებზე პასუხისმგებელი პირი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტია.

ოზურგეთში, ანასეულის უბანზე დაფიქსირდა ფაქტი, როცა ერთ-ერთ უბანზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, შუქრი გაბრიჩიძეს მანქანაში დამალული სია ჰქონდა. გაბრიჩიძემ აღნიშნა, რომ მეგობრების სია აქვს. აღნიშნული უბნის კომისიის თავმჯდომარე კი თავად შუქრი გაბრიჩიძის მეუღლე, მაია გოცირიძე იყო.

ლანჩხუთში, გვიმბალაურის #9 საარჩევნო უბანზე 1009 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. მათგან გადასატანი ყუთი 37 ამომრჩეველთან მივიდა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ იმნაძის მოთხოვნით, კანონში აღნიშნული „განსაზღვრული რაოდენობის“ ნაცვლად, უნარშეზღუდულ ამომრჩევლებთან 40 ბიულეტენი წავიდა, რის გამოც უბანზე დაიწერა საჩივარი. სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველთა დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანები არიან, რომელთაც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ერთჯერადი დახმარებები დაურიგეს ან სხვა ფორმით მოახდინეს მათზე ზეწოლა. ისინი, ან მათი ოჯახის წევრები, ფაქტობრივად, ღიად აფიქსირებდნენ, რომ ხმას მმართველ პარტიას აძლევდნენ.

გვიმბალაურის უბანზევე დაფიქსირდა კონვერტების ნაკლები ოდენობა. ამ უბანზე დაფიქსირებულია 1009 ამომრჩეველი, კონვერტი კი მხოლოდ 900 მივიდა. კომისიის თავმჯდომარემ ასეთი კომენტარი გააკეთა: თუ ათასი ამომრჩეველი მოვიდა, მოვითხოვთ ოლქიდან კონვერტების შევსებასო. ქალაქ ლანჩხუთის #2 უბანზე გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, რომელიც ოლქში დამკვირვებლის სტატუსითაა, კაბინაში შეიყვანა ხანდაზმული ამომრჩეველი. ირმა მგელაძემ ეს ფაქტი ამგვარად ახსნა: „დედაჩემია და მხოლოდ ხელით ვიკავებ“.

შუხუთში საარჩევნო უბნის გვერდით ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი გოგუაძის შტაბში დღის 3 საათისათვის შედიოდნენ შუხუთის საჯარო სკოლის პედაგოგები და საჯარო მოხელეები. იქვე შევნიშნეთ საკრებულოს თავმჯდომარე, გოგუაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, რევაზ ჩიტიძე. კითხვაზე, რატომ იყვნენ შტაბში პედაგოგები და საჯარო მოხელეები, ჩიტიძემ გვიპასუხა: „ესენი არ არიან საჯარო მოხელეები და პედაგოგები, ჩემი აქტივისტები არიან“.

პოლიციამ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული შტაბის წევრი, რომელიც ავტომანქანით გადაადგილდებოდა, 300 ლარით დააჯარიმა. სოსო ორგაველიძის თქმით, მას წესები არ დაურღვევია და დოკუმენტებიც წესრიგში ჰქონდა: „სიგნალი მოგეცით, განიშნეთ, რომ გაჩერებულიყავი და არ გაჩერდიო, მითხრეს. არადა, არაფერი გამაფრთხილებელი სიგნალი მე არ გამიგონია, არც რუპორით დაუყვირიათ, თორემ გავიგონებდი და სამასლარიან ჯარიმას არ ავიკიდებდი“.

გურიაში დაფიქსირდა ზეწოლა „ქართული ოცნების“ კოორდინატორებზე. მათ ურეკავდნენ პოლიციელები და ეუბნებოდნენ, რომ აიღეს 250-250 ლარი და სამშაბათისთვის დაკითხვაზე იბარებდნენ.

ახალი ამბები