კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დემოკრატია არჩევნების დღის მერე იწყება“ - ამბობს საერთაშორისო დამკვირვებელი

5 ოქტომბერი, 2012

ნათია ბილიხოძე, ქუთაისი

მაირონ ლაჰოლა არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებელია. მართალია, საქართველოში პირველად დააკვირდა არჩევნებს, მაგრამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მუშაობის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს.

15 წელი უკრაინაში ცხოვრობდა. პროფესიით მიკრობიოლოგს უკრაინაში მომხდარმა2004 წლის ნარინჯისფერმა რევოლუციამ გაუჩინა სურვილი, სხვადასხვა ქვეყანაში დაკვირვებოდა დემოკრატიის განვითარების ისტორიულ პროცესებს. კანადა, სუდანი, ბელორუსია, უკრაინა... ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც იგი საარჩევნო პროცესებს აკვირდებოდა.

Humanrights.ge  მაირონ ლაჰოლას საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე ორი დღით ადრე ქალაქ ქუთაისში ესაუბრა. ვფიქრობთ, საერთაშორისო დამკვირვებელთან ინტერვიუს გამოქვეყნება დაგვიანებული არ არის.

- 1993 წელს უკრაინაში ევროპის ბანკის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მოვხვდი. ვმუშაობდი დნეპრის წყალსაცავის პროექტზე, როგორც მიკრობიოლოგი. როცა რეგიონში ცხოვრობ, პოლიტიკა საინტერსო ხდება, მითუმეტეს - იმ ქვეყანაში, რომელიც გარდამავალ პერიოდშია, სადაც ცენტრალიზებული სისტემის დეცენტრალიზება ხდება. თავად ეს გარდაქმნის პროცესი ჩემთვის იმდენად საიტერესოა, რომ გადავწყვიტე, ამ პროცესებს დავაკვირდე, როგორც პროფესიონალი დამკვირვებელი.

- თქვენი დაკვირვებით, როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ამ წლების განმავლობაში პოსტსაბჭოთა სივრცეში?

- ბოლო ოცი წლის განმავლობაში რაც პოსტსაბჭოთა სინამდვილეში ხდება, დემოკრატიის განვითარების პროცესისთვის, ნორმალურია. ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა ერთი ნაბიჯი წინ და ორი ნაბიჯი უკან იდგმება, მაგრამ განვითარების პროცესისთვის ეს ნორმალურია. სიტუაცია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში თითქმის ყველგან იდენტურია. ერთნაირად იცვლება კანონები, სახელმწიფოები ერთნაირად უშვებენ  შეცდომებს. პირველად უკრაინაში როცა გაყალბდა არჩევნები, გაყალბების ტექნოლოგიები ძალიან მარტივი და პრიმიტიული იყო. ქვეყნის განვითარებასთან ერთად არჩევნების ფალსიფიცირების პროცესიც გართულდა და დაიხვეწა. ასე ხდება საქართველოშიც.

- თქვენ კანადაში ცხოვრობთ, საარჩევნო პროცესებს იქაც ხშირად აკვირდებით. რა განსხვავებაა დასავლურ და პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩატარებულ არჩევნებს შორის?

- განსხვავება ის არის, რომ განვითრებულ ქვეყნებს დემოკრატია დიდი ხანია აქვთ. შესაბამისად, ღრმად არის დამკვიდრებული დემოკრატიული ფასეულობებიც. ძირითადი განმასხვავებელი მაინც ის არის, რომ იქ ძალიან მაღალია კონტროლისა და ბალანსირების მექანიზმი. სამოქალაქო საზოგადოებას აქვს უნარი, გააკონტროლოს და დააბალანსოს სიტუაცია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დასავლეთში ძალიან ძლიერია სასამართლო სისტემა, ხალხი მას ენდობა და ფაქტობრივად, ადამიანთა კეთილ  ნებაზე იმართება. აქაც ხალხმა, პირველ რიგში, უნდა გააცნობიეროს, რომ მათ დიდი ძალა აქვთ. ამისთვის კი ბრძოლა გჭირდებათ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში როცა ადამიანებს ეკითხები - რა ჭირდებათ? პასუხობენ, რომ მათ ძლიერი ლიდერი ჭირდებათ. ლიდერი კი ყოველთვის ერთპიროვნულად მართავს პროცესს. დასავლეთში კი ძლიერი საზოგადოება თავად განსაზღვრავს თავისივე საჭიროებას.

- რა უნდა გავაკეთოთ, რომ ძლიერები გავხდეთ?

- ეს პირველ რიგში, მენტალიტეტის შეცვლის პროცესთან არის დაკავშირებული. მენტალიტეტის შეცვლა ასეთი იოლი არ არის, ამ პროცესს  3-4 თაობა სჭირდება. მთავარია, ახალგაზრდობას ჰქონდეს საშუალებამ სხვა ქვეყნებში იმოგზაურონ, ინფორმაცია მიიღონ. საკუთარი თვალით როცა დაინახავენ დასავლური ცხოვრების სტილს, სურვილი გაუჩნდებათ, რომ აქაც იმ სტილის დამკვიდრება მოითხოვონ.

- პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც სოციალური ფონი ჯერ კიდევ მძიმეა, ძალიან ბევრს არა აქვს შესაძლებლობა, შვილები სასწავლებლად ან სამოგზაუროდ უცხოეთში გაუშვან...

- იმისათვის, რომ საშუალო კლასი შეიქმნას, ღია ეკონომიკა უნდა გქონდეს. დასავლეთში პოლიტიკოსი ბიუჯეტის თანხებს არამიზნობრივად როცა ხარჯავს, ხალხი დემონსტრაციებს აწყობს. იქ მოქალაქეებს შეუძლიათ, თამამდებობის პირი გადააყენონ. აი, ასეთი არის ხალხის ძალა. და კიდევ, ძალის მოსაპოვებლად აუცილებელია, გქონდეს ინსტრუმენტი. ასეთი ინსტრუმენტი კი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაა -  არასამთავრობო სექტორი და მედია ის ძალაა, რომელსაც ყოველთვის შეუძლია ხალხის გამოფხიზლება. საქართველოში არის რამდენიმე  NGO, რომლებიც დაფინანსებას გრანტების სახით, სხვადასხვა ქვეყნებიდან იღებს, მაგრამ მათი მუშაობა ეფექტური არ არის.

რამდენად განსაზღვრავს არჩევნები ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს?

- დემოკრატია არჩევნების დღის მერე იწყება. თავად ხმის მიცემის დღე ძალიან სიმბოლური ხასიათის მატარებელი და რუტინული დღეა. როგორ მოხდება შედეგების კონტროლი და ბალანსირება, ამაზე არის დემოკრატულობის ხარისხი დამოკიდებული. ეს პროცესი გასაბერი ბუშტივითაა - საითაც ხელს ჰკრავ, იქით გადაინაცვლებს. ამ არჩევნების ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ადმინისტრაციული რესურსებია გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან, მეორეც - იკვეთება გარკვეული რაოდენობა მდიდარი ადამიანებისა, რომლებიც საკუთარი ფინანსებით აკონტროლებენ პოლიტიკურ პროცესს, რაც ერთგვარი ბარიერია დემოკრატიისათვის. ზოგადად, ეს ამერიკაშიც ასე ხდება, მაგრამ იქ საზოგადოების მხრიდან კონტროლი ძალიან ძლიერია.

- თქვენ პირველად ხართ საქართველოში. როგორ შეაფასებთ საქართველოში მიმდინარე პროცესს?

- პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები - მათ შეძლეს პოსტსაბჭოთა სივრციდან გასვლა და დაწინაურება. მათ ლუსტრაცია დაიწყეს, რაც, თავის მხრივ, დიდი ნახტომი და მნიშვნელოვანი ფაქტორია მომავალი განვითარებისთვის. მე მიყვარს ქართველი ხალხი. თქვენ ამ არჩევნებით დიდი ამოცანის წინაშე დგახართ. აქ ყველა რეგიონი თავისებურია. რასაც იმერეთში ფიქრობენ, განსხვავდება იმ დამოკიდებულებისაგან, რასაც მაგალითად, სვანეთში გამოხატავენ. ეს, ერთი მხრივ, ძალიან საინტერესოა. ქვეყანაში პროგრესი განვითარების თვალსაზრისით ნამდვილად იგრძნობა. ხშირად მესმის, რომ დღეს ქვეყანაში არსებობს შიში კრიმინალური წარსულის დაბრუნების თაობაზე, მაგრამ დამერწმუნეთ, ასეთი შიში უსაფუძვლოა, რადგან ეს თქვენი ქვეყნის წარსული - განვლილი ეპიზოდია, წარსულში კი არასოდეს ბრუნდებიან.

ახალი ამბები