კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა ბედი ეწია შსს-ს მიერ არჩევნების დღეს დაანონსებულ საქმეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ

5 ოქტომბერი, 2012

ნეტგაზეთი

შსს-ში 3 ოქტომბრისთვის დუმილს ამჯობინებენ იმ განცხადების თაობაზე, რაც 1 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელეს რეგიონებში კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის სახელით ფულის დარიგების  მასობრივი ფაქტების შესახებ.

„ნეტგაზეთი“ იმ პოლიციელებსაც დაუკაშვირდა, რომლებმაც დაიბარეს წყალტუბოში „ქართული ოცნების“ კოორდინატორები დაკითხვაზე 2 ოქტომბრისთვის, მათ მიერ ფულის აღების საკითხთან დაკაშვირებით.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სალიის, ფარცხანაყანების, მუხიანის პოლიციის უფროსმა მალხაზ მჟავიამ ნეტგაზეთს დაუდასტურა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ სამი კოორდინატორი - მამუკა ფხაკაძე, შალვა გოდუაძე და თემურ იამანიძე პირადად დაიბარა დასაკითხად 2 ოქტომბერს პოლიციაში.
 
„მაგრამ არ ვიცი, დაიკითხნენ თუ არა, გამომძიებელთან უნდა მოსულიყვნენ“, - ამბობს პოლიციის უფროსი.

წყალტუბოს პოლიციის გამომძიებელი, მალხაზ ბასილაძე, რომელიც ასევე ადასტურებს "ქართული ოცნების" კოორდინატორის, ნანა ქუთათელაძის პოლიციაში დაბარების ფაქტს, ამბობს, რომ დეტალური ინფორმაციისთვის შსს-ს პრესსამსახურს უნდა მივმართოთ.
 
შსს-ს პრესსამსახურში აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით პასუხი არ აქვთ.
 
„ამასთან დაკავშირებით რამე თუ აქვს სათქმელი შსს-ს, უკვე გაავრცელებდა განცხადებას. თუმცა, მაინც დაგიზუსტებთ და დაგირეკავთ“, - განუცხადა ნეტგაზეთს შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა, სალომე მახარაძემ 3 ოქტომბერს, მაგრამ შემდეგ მას ჩვენთვის აღარ დაურეკავს.
 
განცხადება, რომ რეგიონებში ფულის დარიგების მასობრივ ფაქტებს აქვს ადგილი და პოლიცია ინფორმაციის გადამოწმებას ახორციელებს, შსს-მ 1 ოქტომბერს, გამთენიისას გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ შსს-ს მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მონაწილე პირები  ფულის დარიგებისას კონკრეტული   პოლიტიკური სუბიექტის სახელით მოქმედებენ.

„პოლიცია აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას  -  გააკონტროლონ საკუთარი პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები, რათა არ დაუშვან კანონის უხეში დარღვევა. იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ ტარდება საპარლამენტო არჩევნები, პოლიცია თავს იკავებს პარტიათა წარმომადგენლების დაბარებისა და დაკითხვისაგან“, - ნათქვამი იყო შსს-ს განცხადებაში, რომელიც მან არჩევნების დღეს გაავრცელა.
 
არჩევნების დღესვე, შსს-ს განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, კოალიცია „ქართული ოცნების“ წყალტუბოს მაჟორიტარმა კანდიდატმა პაატა ზაქარეიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ  აღნიშნულ ოლქში კოალიციის კოორდინატორებსა და ქვეკოორდინატორებზე პოლიციის თანამშრომლები ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ სატელეფონო ზარებით, რომ თითქოს მათ ფულადი თანხა აიღეს და ამის გამო დაბარებულები არიან პოლიციაში.
 
ზაქარეიშვილმა მაშინ კონკრეტული პიროვნებები დაასახელა, ვინც დაბარებული იყო პოლიციაში. მისივე თქმით, ყველა ეს პირი კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო.
 
„ისინი არჩევნების დღეს უნდა იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნებზე და ახორციელებენ მათზე კანონით დაკისრებულ მოვალეობებს. მათთან განხორციელებული სატელეფონო ზარები მკაფიოდ შეიძლება შეფასდეს, როგორც ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფორმა, რათა ხვალისთვის პოლიციაში დაბარებულმა პირებმა დღეს (არჩევნების დღეს) თავიანთი მოვალეობის შესრულებისას კორექტირება გაუკეთონ თავიანთ მოქმედებებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ მათთვის არანაირი ფორმით არ მომხდარა არანაირი თანხის გადაცემა. აქედან გამომდინარე, 30 სექტემბრის ღამეს პოლიციის მასირებული შეტევა განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზე ზემოქმედების მოტივით და მას აქვს პოლიტიკური დატვირთვა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ახალი ამბები